კათოლიკე ეკლესია

17 მაისის აქციაზე კათოლიკე ეკლესია საქართველოში განცხადებას ავრცელებს

მონსენიორ ჯუზეპე პაზოტო

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"17 მაისის მანიფესტაციასთან დაკავშირებით კათოლიკე ეკლესია საქართველოში, დღევანდელი ფაქტების შემხედვარე, მწუხარებითა და ტკივილით სავსე გულით მიიჩნევს, რომ დღეს თბილისში მოხდა ძლიერ სამარცხვინო მოვლენა. ყოველივე ამასთან დაკავშირებით სურს განაცხადოს, რომ:

1. არ აპირებს მხარი დაუჭიროს ჰომოფობიის არანაირ ფორმას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველი წევრი ძვირფასია და განსხვავებული აზრის პოზიციებსაც უნდა შეეძლოთ და მართებთ კიდეც არსებობა ერთმანეთის გვერდით, დიალოგსა და ურთიერთპატივისცემაში.

2. სამწუხაროდ, მრავალთა თვალში ამ ძალადობისათვის „მწვანე შუქად" აღიქმება ის განცხადება, რაც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ა.წ. 15 მაისს გავაკეთეთ რელიგიური უმცირესობების ლიდერებმა. თუკი ამ განცხადების გზავნილის აღსაქმელად ნამდვილად საჭიროა მიუკერძოებელი და ვნებათაგან გამიჯნული შეფასება, ასევე ყოველი კეთილი ნების ადამიანი შეძლებს დაინახოს ამ განცხადებაში მხოლოდ იმისი მცდელობა, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი ძალადობის ფაქტი. ეს განზრახვა ამოძრავებდა, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს საპატრიარქოს და თითეულ ჩვენგანს, თუმცა უარესის შიში გამართლდა და მოწმენი გავხდით იმ აბსურდისა, რასაც ქრისტეს სახელით სიძულვილისა და ძალადობის განხორციელება წარმოადგენს. ამ განცხადებაზე ხელის მოწერით არავისთვის არავითარი „მწვანე შუქის" ანთება არა გვქონია განზრახული!!!

3. 17 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციამდე ერთობლივ განცხადებას ხელი მოეწერა, ვინაიდან მტკიცედ გვჯეროდა, რომ ამითი მცირედით მაინც შევუწყობდით ხელს, ამ მანიფესტაციის მშვიდობიან ჩატარებას. მწუხარებით გავხდით იმისი მოწმენი, რომ მოვლენების იმგვარი განვითარება ვერ მოხერხდა, როგორსაც საპატრიარქოს წარმომადგენლები დაგვპირდნენ და როგორსაც ყველანი იმედით მოველოდით;

4. სულ უფრო და უფრო რწმუნდება „ქუჩის" მეთოდების უვარგისობაში, რომლებიც მოიცავს ყვირილს, მრისხანებას, შეურაცხყოფას, ურთიერთდაპირისპირებას და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალის გამოყენებას; ისინი აკნინებს ადამიანის ღირსებას და მით უმეტეს მორწმუნესათვის ვერ გამოდგება ქრისტიანული სარწმუნოების დიად და მარადიულ ფასეულობათა გამოსახატავად. შეუძლებელია სიძულვილსა და ძალადობას მიმართო, თუკი მანამდე არ განიძარცვე ღვთის ეკლესიაში მადლით შემოსილი ქრისტე!

კათოლიკე ეკლესია სთხოვს:

- პოლიტიკოსებს, დაფიქრდნენ, ესმით თუ არა, საით მიემართება ქართული საზოგადოება და ზრუნავენ თუ არა ყოველი მოქალაქის დემოკრატიული ცხოვრებისათვის აღზრდაზე.

- საკუთარ თავს, უმრავლესობის ეკლესიას, ისევე, როგორც სხვა ეკლესიებსა და სარწმუნოებებს, სერიოზულად დაუფიქრდნენ და გადახედონ ყოველივე იმას, რასაც ყოველდღიურად ქადაგებენ და ასწავლიან; ამას გარდა, მიგვაჩნია, რომ ჯერაც ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ გაიზარდოს ნამდვილი და უანგარო ურთიერთობანი განსხვავებულ ქრისტიანულ დენომინაციებსა თუ სხვა რწმენებს შორის, რათა ერთად შეგვეძლოს ნამდვილი წვლილი შევიტანოთ ქართული საზოგადოების ზრდაში, მის სხვადასხვა ასპექტებში.

- სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიალოგი გამართონ ერთმანეთში და საზოგადოების ყველა წევრთან, რათა ხელი შეუწყონ შემწყნარებლობისა და პატივისცემის უნარის ზრდას, აზრთა მრავალგვარობის პირობებში და იპოვონ უფრო შესაფერისი გზები იმისათვის, რომ აღარ მოხდეს ისეთი მანიფესტაციები, როგორიც დღეს ვიხილეთ.

- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მართალი და აღმზრდელობითი ინფორმაციით შექმნან ყველასათვის დიალოგისა და კამათის სულ უფრო მეტი სივრცე.

+ მ. ჯუზეპე პაზოტო
ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა
სამოციქულო ადმინისტრატორი
თბილისი, 2013 წლის 17 მაისი"

კომენტარები