17 მაისის აქცია - შეფასებები

მარკ მალენი: 17 მაისის მოვლენები წინასწარ იყო ორგანიზებული

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარკ მალენი მიიჩნევს, რომ 17 მაისის არეულობა თბილისში წინასწარ იყო ორგანიზებული.

როგორც მარკ მალენმა ტაბულას განუცხადა, იგი 17 მაისს პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა, სადაც მართლმადიდებელ აქტივისტები იკრიბებოდნენ, რომელებმაც შემდეგ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ძალის გამოყენებით ჩაშალეს. 

„მე ვიყავი პარლამენტის  შენობასთან და ხალხში ვნახე ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ფურცლები ადამიანების სახელებითა და ტელეფონის ნომრებით“,  - აღნიშნა მალენმა. მისი თქმით, მან არ იცის, კონკრეტულად ვინ ხელმძღვანელობდა ხალხის შეკრებას, მაგრამ მისთვის აშკარა იყო, რომ პროცესს კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა. „ბევრჯერ მინახავს ხალხმრავალი შეკრებები საქართველოში და იქ ვნახე ჯგუფები, რომლებიც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს მოსყიდულები იყვნენ“,  - განაცხადა მალენმა.

მარკ მალენის თქმით, „ეკლესია, ან ეკლესიის ხელმძვანელობა სიძულვილს ქადაგებდა, ეკლესიის ნაწილი კი აქტიურად ძალადობისკენ მოუწოდებდა. ეს ძალიან საშიშია“. მან ქართულ საზოგადოებას ურჩია "შეისწავლოს რა მოხდა ირანში 70-ან წლებში" და დასკვნები გამოიტანოს.  

მან აღნიშნა, რომ 17 მაისს ქუჩაში გამოსული ადამიანები აცხადებდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ გამოდიან, მარგამ, მალენის თქმით,  სახელმწიფოსათვის და ერისთვის  საფრთხეს არა ჰომოსექსუალიზმი, არამედ სიძულვილი და ძალადობა წარმოადგენს. 

კომენტარები