ქართველი სამხედროები ავღანეთში

კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდი

ავღანეთში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ალექსანდრე კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დაესწრო. ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მაღალი რანგის ოფიცრები.

"დღეს ალექსანდრე კვიწინიძე მივაბარეთ მშობლიურ მიწას. მთელი სოფელი, მთელი საქართველო მის ოჯახთან ერთად გლოვობს ამ დიდ დანაკლისს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი გმირობა და თავგანწირვა, ის სულისკვეთება, რომელიც მან გვაჩვენა, კიდევ უფრო გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას. როდესაც გადავყურებთ რუსულ საოკუპაციო ძალებს, დარწმუნებული ვარ, ის ვითარება, რაც დღეს ამ სოფელშია, სწორედ ასეთი ბიჭების საბრძოლო სულისკვეთებით შეიცვლება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

შეგახსენებთ, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე, მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 მაისი საქართველოში, გლოვის დღედ გამოცხადდა. 

კომენტარები