17 მაისის აქცია - შეფასებები

უსუფაშვილი: პასუხისმგებლობისგან თავისუფალი არავინაა

ტაბულა

"ჩვენ სახელმწიფო მაშინ გვექნება, როცა კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება, პოლიტიკური შეხედულების, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 17 მაისის მოვლენების შეფასებისას, როდესაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს.

"თუ ვინმემ რაიმეს გამო, ემოციის გამო, სხვისთვის აყოლის გამო, საკითხის ვერგარკვევის გამო კანონი დაარღვია, პასუხისმგებლობაც უნდა შეძლოს", - ამბობს დავით უსუფაშვილი.

მისივე თქმით, სასულიერო პირებს მინიჭებული აქვთ გარკვეული პრივილეგიები, მაგრამ პასუხისმგებლობისგან თავისუფალი არავინ არ არის:

"სასულიერო პირებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ გარკვეული პრივილეგიები, გარკვეული განსხვავებული რეჟიმი, სხვადასხვა საკითხებში. მაგალითად, აღსარების საიდუმლოების გათქმა კანონით არის დაუშვებელი, და სასულიერო პირს ვერავინ ვერ დაკითხავს მოწმედ იმის თაობაზე, რაც მისთვის ცნობილი გახდა საეკლესიო მოვალეობის შესრულების დროს. მაგრამ არცერთი კანონი არ ამბობს იმას, რომ ვინმე თავისუფალია პასუხისმგებლობისგან, თუ მან დააზიანა სხვისი ქონება, ჩაარტყა ვინმეს. ამის თაობაზე თავად სასულიერო პირებმაც განაცხადებს, რომ თუ ვინმემ გადაამეტა, მზად არიან, პასუხი აგონ".

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, 17 მაისის მოვლენა მძიმე დღე იყო და ამ დღიდან დასკვნები ყველა მხარემ უნდა გამოიტანოს, მათ შორის მათ, ვინც, შესაძლოა, მიიჩნევს, რომ ერისთვის სასიკეთო საქმეს ემსახურება.

კომენტარები