საპრეზიდენტო არჩევნები

ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდება

ნინო ბურჯანაძე
http://www.heretifm.com/

სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ დღეს საზოგადოებას მოუწოდა, ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭიროს. კრებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანას გამოცდილი პოლიტიკოსი, პრინციპული და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტი სჭირდება და ნინო ბურჯანაძეს ყველა ეს თვისება აქვს.

ნინო ბურჯანაძე სახალხო კრების განცხადებას გამოეხმაურა და კრების წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას მოახერხებს.

"ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილისა და სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრთა დღევანდელი ინიციატივა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ქვეყანაში რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როცა ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი მოახერხებს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმართვას ისე, როგორც ეს ხდება ყველა თანამედროვე, ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იქნება გააზრებული, გონივრული, გაკეთებული საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. არჩევანი გაკეთდება ჩვენი სამშობლოს ღირსეული განვითარებისათვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად უახლოეს მომავალში ოფიციალურად დარეგისტრირდება.

კომენტარები