დაკავება

სააკაშვილი: რომელ სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ?

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

სააკაშვილმა პარალელი გააკეთა უკრაინასთან და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ტიმოშენკო ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებით დააკავეს, ვიდრე მერაბიშვილი, თუმცა რა შედეგიც მიიღო უკრაინამ, ყველასთვის ცნობილია.

"უკრაინაში მოხდა ყოფილი პრემიერის დაკავება, ბევრად სერიოზული ბრალდებით, ვიდრე მერაბიშვილს წაუყენეს. უკრაინა გაყინულია ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ორი წელია წინსვლა არა აქვს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან, მას ყველა წამყვან ევროპის ქვეყანასთან და აშშ-თან შეექმნა პრობლემა. ამხელა უკრაინა, რომელიც სჭირდება დასავლეთს, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო, როგორც ეს ასე ითვლება, აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრად ნაკლებად ვჭირდებით დასავლეთს, მაგრამ ბევრად მეტად ვჭირდებით რუსეთს, ვიდრე უკრაინა, და რუსეთის ინტერესებშია, რომ მოექცეს საქართველო ევროპის იზოლაციაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას, სააკაშვილი აცხადებს, რომ მის შემდეგ ჭიაბერაშვილი მეორე ადამიანია, ვისი დაკავება შეიძლება უნდოდეს პუტინს. მისი თქმით, ევროპის საბჭოში სწორედ ჭიაბერაშვილის შრომის შედეგად მოხდა ოკუპაციის ტერმინის დაკანონება.

"მან ევროპის საბჭოში ტიტანური მცდელობის შედეგად შეძლო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარადჭერის ახალ ეტაზპე აყვანა, ასევე ტერმინ "ოკუპაციის" დაკანონება. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყველამ იცის ეს ადამიანი, თბილისის მერი იყო, წამყვანი ელჩი იყო, მნიშვნელოვანი მინისტრი იყო, ძალიან აქტიური პუბლიციასტია... ჭიაბერაშვილი ჟენევაში იყო ჩვენი ელჩი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დროს და მან მიაღწია რუსეთთან ისეთი შეთანხმების გაფორმებას, რომელიც მთლიანად საქართველოს ინტერესებში იყო და მიჩნეული იყო, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები დათმო. იმ ხელშეკრულებით, რომელიც ჭიაბერაშვილმა გააფორმა, 1 იანვრიდან შესული უნდა ვიყოთ რუსეთის ბაზარზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა რიტორიკული კითხვაც დასვა - "არის თუ არა სამართლიანობის გამოვლინება იმ პროკურორების მიერ (ჭიაბერაშვილის) დაკავება, რომლებიც დაბრუნდნენ პროკურატურაში, რომლებიც შევარდნაძის დროს იყვნენ კორუფციით გამორჩეულები?" - კითხულობს პრეზიდენტი.

სწორედ ამ კონტექსტში სააკაშვილმა სამართლიანობის აღდგენის საკითხზე ისაუბრა.

"არის ტერმინი სამართლიანობის აღდგენა, სულ გვესმის. რომელ სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ?.. ამ ლოგიკით საქართველოში 2003 წლამდე იყო სამართლიანობა, როდესაც კახა თარგამაძე, ლაშა ნაცვლიშვილი ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყანას და ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს და ვარდების რევოლუციამ ეს დაანგრია. თუ სამართლიანობა იყო 1990-იან წლებში? კომუნისტურ ეპოქაში? 1930-იან წლებში? 1924 წელს? მე-19 საუკუნეში? რომელ ეპოქაში იყო საქართველოში სამართლიანობა, რომლის აღდგენაც ახლა ხდება? სამართლიანობის აღდგენა კი არ ხდება, ხდება რაღაც სხვა", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები