17 მაისი

სააკაშვილი: საქართველოში არასდროს იქნება ფუნდამენტალიზმის ფართო პრობლემა

www.facebook.com/SaakashviliMikhei

"ვფიქრობ, ძალადობას არ აქვს რელიგიური განზომილება, საქართველოში არასდროს არ იქნება ფუნდამენტალიზმის ფართო პრობლემა. იქნება პრობლემა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ, თუ კანონის უზენაესობას ხალხი არ იცავს, ამას მოჰყვება შედეგები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტაბულას კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა 17 მაისის მოვლენებზე ხელისუფლების რეაგირებასა და თეოკრატიის საფრთხის ალბათობას ქვეყანაში.

"თავისთავად, ყველას აქვს უფლება აქციის გამართვის, რამდენად გამართლებული იყო აქციის გამართვა იქ, სადაც მიმდინარეობდა ცერემონია ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ეს ცალკე საკითხი იყო და ცალკე თემაა, მაგრამ მე ამას არ ვეხები, იმიტომ, რომ მათთვის, ვინც იქ ხალხის საცემრად მივიდა, სულერთი იყო, ვინ იყო ეს ხალხი, რა უნდოდათ. ეს ხალხი შარშან ოქტომბერში დარბოდა ერთი ლოზუნგებით, შემდეგ მიადგა ამათ, მანამდე კიდევ დარბოდნენ რეგიონებში სულ სხვა ლოზუნგებით, ხვალ შეიძლება სახლში შემოიჭრან და ვიღაცის ვარცხნილობა, გამოხედვა ან გამონათქვამი არ მოეწონოთ. საბოლოო ჯამში, არის რაღაც ჯგუფი საზოგადოების, რომლისთვისაც ძალადობა თვითმიზანია, მიუხედავად იმისა, ვინ არის ამ ძალადობის სამიზნე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე საქართველოში მსგავსი მასშტაბის რამ არ მომხდარა. პრეზიდენტი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს.

"კერძო ჯგუფები, რომლებიც დადიან თავისთვის, ფეოდალიზმის გადმონაშთია. ფეოდალიზმის გამოვლინებაა, რომ ვიღაც ჯგუფს შეუძლია მეორე ჯგუფს დაესხას თავს, რომ ცენტრალური კანონები არ მოქმედებს. ფეოდალიზმის გამოვლინებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყნის მტერს შეეკრა შიდა პოლიტიკის საკითხების გადასაწყვეტად. ის, რაც მოხდა, ეჭვს საერთოდ არ იწვევს, რომ ეს ხალხი არის დასასჯელი. ვფიქრობ, ამასაც აქვს საერთაშორისო ასპექტები, ვისაც როგორც არ უნდა გაეცინოს, რადგან საქართველო, რომელიც ბოლო წლებში წარმოვაჩინეთ როგორც პროგრესის, განვითარების, წარმატების ძალიან ნათელი მაგალითი. რა მოსატანია, მაგრამ ძალიან კარგი წყვილი გვყავდა ევროვიზიაზე, მენიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში აღარ მოგვცეს იმდენი ქულები, რამდენსაც წინა წლებში გვაძლევდნენ. ეს ხომ პოლიტიკური კონკურსია. მსგავს რაღაცებზე ვამჩნევ, რომ პრობლემა გვაქვს რეპუტაციის თვალსაზრისით", - ამბობს სააკაშვილი.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კლიშეებზე, რომელიც მისი პოლიტიკური გუნდისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობაზე იყო შექმნილი:

"ეს ხუთჯვირანი დროშა, მთავარი ქრისტიანული სიმბოლო, ხომ არ გახსოვთ ვინ შემოიტანა საქართველოში? თუ ესეთი მებრძოლები ვიყავით, ეს დროშა საიდან დაგვესიზმრა. აღარ ჩამოვთვლი ტაძრების რაოდენობას, ეს სხვა თემაა", - აღნიშნავს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს აერთიანებთ ის, რომ კანონის წინაშე თანასწორნი არიან:

"საქართველოში ცხოვრობს მრავალი ეთნიკური ჯგუფის და რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი, სხვადასხვა ორიენტაციის ხალხი და ყველაფერი, მათ აერთიანებს ის, რომ მოქმედებს კანონები, რომლის წინაშე ყველა თანასწორია და, მათ შორის, როცა არღვევენ, ამ შემთხვევაშიც არის თანასწორი... რა თქმა უნდა, არც მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დაინტერესებული ძალადობაში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც რაღაც რელიგიური შეფერილობის საფარის ქვეშ ცდილობს პოლიტიკის კეთებას, ვაჟა- ფშაველას ამაზე მშვენიერი წერილი აქვს, თუ ადამიანს უნდა პოლიტიკის კეთება, ის მაშინ მიდის ამ ინსტიტუტიდან და აკეთებს პოლიტიკას ღიად. ხალხი შეაფასებს არა ტანსაცმლის, არამედ მისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით", - ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მთავარი საკითხი ქვეყანაში არსებული კლიმატია:

"საზოგადოება, რომელშიც ძალადობა დასაშვებია, განწირულია სიღატაკისთვის და მათი შვილები არიან განწირული უპერსპექტივობისათვის. საქართველოს პირობებში კი განწირულები ვართ საერთაშორისო იზოლაციისთვის".

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ  ინდივიდუალურად პოლიციელების კრიტიკა 17 მაისის მოვლენების შეფასებისას უსამართლობა იქნებოდა:

"აქ არის კონრეტული გადაწყვეტილება მისაღები, ეს კლიმატია გამოსარიცხი, წესებია დასამყარებელი და შეიძლება არაპოპულარულიც იყოს, მაგრამ მერე რა, პოპულარობა ამ შემთხვევაში მეასეხარისხოვანია, ბევრი ასეთი არაპოპულარული რამ, მე პირადად და ჩემი მთავრობის ხელმძღვანელობის დროს გაგვიკეთებია შეგნებულად.
ორი მთავარი რამ სჭირდება ჩვენს საზოგადოებას: თავისუფლება - ეს არის საგარეო და საშინაო თავისუფლება და მეორე - დემოკრატიული წესრიგი, რაც ნიშნავს თამაშის წესების ერთიანობას ყველასათვის. მის გარეშე თავისუფლებაც არ არსებობს და თავისუფლების გარეშე წესრიგი თავისთავად არაფერს ნიშნავს.
მე მგონი, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების მობილიზაციამ კარგად აჩვენა, რომ ქართული საზოგადობა მზადაა, ხმა აიმაღლოს მთავარი რაღაცების დასაცავად. ვფიქრობ, კარგად ვნახეთ, რომ არანაირი ფართომასშტაბიანი საფრთხეები, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, არ არსებობს, მაგრამ საზოგადოება ამას ვერ იზამს, თუ სახელმწიფომაც ამ შემთხვევაში მის ხმას არ მოუსმინა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები