დაკავება

ქუთაისში მერაბიშვილის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება

gurianews.com

ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ორი საწინააღმდეგო პოზიციის აქცია იმართება. საქალაქო სასამართლოსთან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ადამიანები არიან შეკრებილნი, რომლებიც მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სასამართლოს ეზოში აქციის მონაწილეები ცოცხებით არიან მისულები. 

ნანა კაკაბაძის განცხადებით, ისინი  სასამართლოს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეებზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეებს სასამართლოსთან 26 მაისის აქციის დაშლის ამსახველი ფოტომასალა აქვთ მიტანილი. 

"ჩვენი აქ შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. თქვენ იცით, 19 მაისს სპორტის სასახლეში შედგა ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება, სადაც იყვნენ მოწვეულნი რეჟიმიდან დაზარალებული ხალხი და ეს ადამიანები მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო არის ყველაზე ქმედითი ინსტიტუტი, რომელმაც ქვეყანაში სამართლიანობის განცდა უნდა შექმნას. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ სასამართლოს მივმართავთ, რომ იყვნენ სამართლიანები და რომ საზოგადოებაში გააჩინონ სამართლიანობის აღდგენის განცდა. სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს კანონიერი და არა - პოლიტიკური", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

წინასწარი დაკავების იზოლატორთან მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და პარტიის ლიდერები იღებენ. 

"გუშინ მთელი დღე გვირეკავდნენ საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან და სურვილს გამოთქვამდნენ, ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსულიყვნენ. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ ამის გაკეთება არ იყო საჭირო, თუმცა, როგორც ვხედავთ, იმერეთის სხვადასხვა რაიონის მოქალაქეების გარდა, დღეს აქ გურიის, ასევე შიდა ქართლის რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ და დაკავებულების მხარდასაჭერად მშვიდობიან აქციას მართავენ", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფება.

კომენტარები