17 მაისის აქცია

მუიჟნიეკსი: 17 მაისს პოლიცია მოუმზადებელი იყო

wikipedia

ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნილს მუიჟნიეკსი 17 მაისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს facebook-ის მეშვეობით გამოეხმაურა. ევროსაბჭოს კომისრის თქმით, პოლიცია მოუმზადებელი იყო და ვერ გაუმკლავდა კონტრდემონსტრანტთა დიდ რაოდენობას. 

"ძალადობამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აჩვენა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ზომები არასაკმარისი იყო ლგბტ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად. პოლიცია მოუმზადებელი იყო და ვერ გაუმკლავდა კონტრდემონსტრანტთა დიდ რაოდენობას, რომელთა ნაწილი ლგბტ აქციის მონაწილეებს თავს დაესხა", - ნათქვამია ევროსაბჭოს კომისრის განცხადებაში. 

ნილს მუიჟნიეკსი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერმინისტრმა, დაგმო მომხდარი ძალადობა და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო. 

"ეს პირველი პოზიტიური ნაბიჯი იყო. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება შეაჩეროს და პასუხი გასცეს ყველა მომავალ მუქარას, რომელიც ლგბტ საზოგადოებისკენ იქნება მიმართული ისევე, როგორც ჩაატაროს ძალადობის ფაქტების სწრაფი გამოძიება. ამის არგაკეთება იქნება სიგნალი, რომ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა და სიძულვილის ენა შეიძლება დაუსჯელად გაგრძელდეს. ამ მოვლენებმა ასევე გვიჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა აღიკვეთოს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ამ მიზნის განხორციელებაში შეიტანონ წვლილი", - აცხადებს ევროსაბჭოს კომისარი ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში ნილს მუიჟნიეკსი.

კომენტარები