გამოხმაურება

ბრიჯიტ ბრინკი: მართლმსაჯულების ყველა პროცედურა სწორად უნდა წარიმართოს

Timer.ge

აშშ-ის საელჩო ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებისა და 17 მაისის მოვლენების გამოძიების პროცესს ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიმართ მთავარი გზავნილია, მთავრობამ და სასამართლომ დაიცვას კანონის უზენაესობა, ხოლო მართლმსაჯულების ყველა პროცედურა სწორად წარიმართოს. როგორც ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, არ უნდა შეიქმნეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს ანგარიშსწორებას, ამისთვის კი აუცილებელია, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის რეპუტაცია დასავლეთში.

ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ამერიკის საელჩო ასევე ყურადღებით აკვირდება 17 მაისის მოვლენების გამოძიებას და გმობს ძალადობას. მისი თქმით, თავშეყრისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ეს უფლება გარანტირებულია როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით. "ჩვენი პოზიციაა, რომ გამოძიება გაგრძელდეს და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ანგარიშვალდებულნი იყვნენ", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

კომენტარები