შსს

შსს არ აკონკრეტებს, მოითხოვს თუ არა ბრალდებული სასულიერო პირების დაკავებას

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ აკონკრეტებენ, მოითხოვს თუ არა გამოძიება ბრალდებული სასულიერო პირებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდებას - ამის შესახებ ტაბულას სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა. 

რამდენიმე წუთის წინ, შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, სამინისტრომ 17 მაისს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა), რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში სამინისტრომ ბრალი უკვე წაუყენა 4 პირს, რომელთაც სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები