სასულიერო პირების დაკავება

მიქაელ ბოტკოველი შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენებაზე. პატრიარქის მდივნისთვის ორი სასულიერო პირის, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილისა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიასთვის ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო. მისივე თქმით, ბოლო დღეებში ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ხშირად ამ სასულიერო პირებს აჩვენებდნენ. "პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში ისმის გინება. არ ვიცი, რთული სათქმელია. მამა იოთამს, დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი", - აღნიშნა მამა მიქაელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

კომენტარები