ეუთო-საქართველო

სუარესი: პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს

0 კომენტარი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სუარესი აცხადებს, რომ იგი თვალს ადევნებს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა "მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად შეასრულებს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ასევე სამართლიან, დამოუკიდებელ და გამჭირვალე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური მოტივაციისგან".

"გასულ წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პირველად რეგიონში, ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეს, ჯანსაღი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს საფრთხე არ შეექმნას. სასამართლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ გაცხადებულ ერთგულებას დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების მიმართ და არ წარმოშვას წუხილები სახელმწიფო ინსტიტუტების პარტიული მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების თაობაზე", - აცხადებს სუარესი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში საუბარია იმაზეც, რომ გუშინ, 22 მაისს სუარესი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუარესმა უსუფაშვილთან საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს, პირიქით, ეს შექმნის ახალ პრობლემებს".

პრესრელიზიდან ირკვევა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს ამ საკითხზე დავით უსუფაშვილთან მაისის დასაწყისში, საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიც უსაუბრია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები