პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: დიპლომატებს მერაბიშვილის დაკავების მიმართ ნაკლები ინტერესი ჰქონდათ

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ელჩებთან საუბრისას ძირითადი თემები 17 მაისის მოვლენები და ყოფილი პრემიერმინისტრის დაპატიმრება გახდა. თუმცა, ივანიშვილის განცხადებით, დიპლომატებს ვანო მერაბიშვილის დაკავების მიმართ "მაღალი ინტერესი არ გამოუჩენიათ".  

"მე დავარწმუნე ელჩები, რომ მომავალში ამის (17 მაისის მოვლენების) გამეორების ალბათობა ძალიან დაბალია. რამეთუ ქართული საზოგადოება ძალიან ასაკიანია, აქვს ხანგრძლივი უწყვეტი კულტურა, შემრიგებლობისა და პატიების უნარი, მათ შორის უმცირესობებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამავე დროს, მისი თქმით, "სექსუალური უმცირესობები შედარებით ახალია საქართველოსთვის და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას არ ღებულობს. აზრის და პოზიციის გამოხატვა ნორმალურია, მაგრამ, არ არის სწორი აზრის ისე გამოხატვა, როგორც ეს 17 მაისს მოხდა, არ შეიძლება უმრავლესობამ იძალადოს უმცირესობის აზრზე. უმცირესობას უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის საშუალება".

მისი თქმით, დიპლომატებმა მას ჰკითხეს ამგვარი მოვლენების პრევენციის შესახებ. ივანიშვილის გაცხადებით, ყველაზე ეფექტური პრევენცია ყველა დამნაშავე პირის დასჯა იქნება, რის პირობასაც ხელისუფლება იძლევა.

ივანიშვილმა ასევე დადებითად შეაფასა საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, აღიარებს, რომ ზოგიერთმა სასულიერო პირმა კანონი დაარღვია და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. 

კომენტარები