არა თეოკრატიას

ტელეკომპანიები ბოდიშს იხდიან

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახური დღეს, 11:00-საათიან ქრონიკაში გაპარული უზუსტობის გამო ბოდიშს იხდის და განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქრონიკის დღის გამოშვებებში გაიპარა უზუსტობა დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების შესახებ. შეცდომის მიზეზი საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებული ანონსი გახდა. განვმარტავთ, რომ აქციას სახელწოდებით "არა თეოკრატიას" სამოქალაქო სექტორის წარმოადგენლები მართავენ და მასში ლგპტ პირები არ მონაწილეობენ. ქრონიკა ბოდიშს იხდის ამ უზუსტობის გამო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქრონიკის მთავარ გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იყო, რომ "არა თეოკრატიას" სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივითა და მონაწილეობით ეწყობა".

დაშვებული შეცდომა გაასწორა მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურმაც, ახალი ამბების 14:00-საათიან გამოშვებაში: "მეცხრე არხი განმარტავს, რომ დღეს 12:00-საათიან გამოშვებაში "არა თეოკრატიის" აქციის მონაწილეთა შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ვაზუსტებთ, რომ აქციას საინიციატივო ჯგუფი მართავს".

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე დედაენის ბაღში საინიციატივო ჯგუფი მართავს აქციას "არა თეოკრატიას". აქცია მოქალაქეთა ჯგუფის მიერ Facebook-ის საშუალებით დაიგეგმა და მას უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობა აქციას არ უერთდება, რადგან თვლიან, რომ მათზე თავდასხმის რისკი მაღალია.

ეროვნული ფრონტის მიერ დაიგეგმა კონტრაქციაც, ლოზუნგით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა", რომელიც დედაენის ბაღში, 1 საათით ადრე უნდა დაიწყოს. მასში მონაწილეობას Facebook-ზე დაახლოებით 100 ადამიანი ადასტურებს.

კომენტარები