17 მაისის აქცია - შეფასებები

New Yorker: რა იდგა 17 მაისის კონტრაქციის უკან?

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

„მთავრობას დრო ეწურება იმის საჩვენებლად, რომ მას შეუძლია აკონტროლოს სიტუაცია და ქვეყანა, მაგალითად, სამართლიანობით" - ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New Yorker-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები 17 მაისის მოვლენების ფონზეა განხილული.

„დაიბადა ქართული თალიბანი" - წერდნენ ქართველი მომხმარებლები Facebook-ზე. ზოგიერთმა საკუთარ ადგილმდებარეობა შეცვალა და ირანი მიუთითა. მაგრამ ისინიც, ვინც სასულიერო პირებს აკრიტიკებდა და მათი მომხრეებიც, თანხმდებიან, რომ სექსუალური უმცირესობის უფლებები - საკითხი, რომელიც ამ დრომდე ქართველების დიდი ნაწილის მხრიდან მარგინალურად მიიჩნეოდა - უფრო დიდი კონფლიქტის გამომწვევი გახდა", - წერს სტატიის ავტორი ნატალია ანთელავა.

წერილში საუბარია 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ მრავალი რეფორმა თავბრუდამხვევი იყო, თუმცა ბევრისთვის - დამაბნეველი: „სააკაშვილი, როგორც ჩანს, არაფრად აგდებდა იმას, რომ ქვეყნის დანარჩენ ნაწილს მოდერნიზაციის სწრაფმავალი მატარებლიდან ჩამოსვლა სურდა. მაგრამ არატრადიციონალისტებმაც კი დაიწყეს მისი მთავრობის მხრიდან ძალაუფლების გადამეტების კრიტიკა, მათ შორის, მკაცრი ზომები მედიისა და საჯარო პროტესტების მიმართ. სააკაშვილმა არც ამ კრიტიკას მიაქცია ყურადღება."

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2005 წლისთვის, საქართველოში რელიგიური უმცირესობები გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, როდესაც მამა ბასილი (მკალავიშვილი) საკუთარ ეკლესიაში პოლიციას ემალებოდა. სამართალდამაცავებს რელიგიური სიძულვილისა და ძალადობის წაქეზებისთვის მისი პასუხისგებაში მიცემა სურდათ.

„მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას ფრთხილად ეპყრობოდა, ამიტომ ბევრი ფიქრობდა, რომ მღვდლის დაპატიმრება ტაძარში ის წითელი ხაზი იყო, რომელსაც სააკაშვილი არ გადაკვეთდა. მაგრამ ისინი შეცდნენ. სპეცრაზმმა არა მარტო შეუტია ტაძარს და დააპატიმრა მამა ბასილი, არამედ მათ ოპერაცია ტელევიზიით გადასცეს.

2012 წელს, მამა ბასილის დაკავების კადრები ისევ გამოჩნდა ტელევიზიის ეკრანებზე - მაგრამ, ამჯერად, მას სააკაშვილი წინააღმდეგ იყენებდნენ. ოპოზიციის მთელი კამპანია, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში, აგებული იყო იდეაზე, რომ ქართველებმა ზედმეტად მაღალი ფასი გადაიხადეს ცვლილებებისთვის."

წერილში ნათქვამია, რომ ოპოზიციურ კოალიცია ქართულ ოცნებას მილიარდელი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილი ფული აერთიანებდა:
„ის ქართველებს დაჰპირდა, რომ მათ ყველაფერი ექნებოდათ: პრო-ევროპული პოლიტიკური კურსი, კარგი ურთიერთობები რუსეთთან და დამოკრატია - ეს ყველაფერი ისე, რომ არავინ აღარ შეურაცხყოფდა პატრიარქალურ ფასეულობებს."

ასევე, მოხსენიებულია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ამნისტია და პოლიტპატიმრის სტატუსით მსჯავრდებულების გათავისუფლებაც, მათ შორის, ამ სტატუსის მინიჭება გიორგი გაბედავასთვის, რომელიც 17 მაისის კონტრაქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა ძალადობა დაგმეს. საქართველოს მთავრობა უფრო ორაზროვანი იყო. პრემიერმინისტმა განაცხადა, რომ იცავს უმცირესობების უფლებებს, მაგრამ ულტრაკონსერვატორული გამოცემა ასავალ დასავალი, რომელიც ცნობადი ადამიანების სიძულვილის ენის მაგალითებს ბეჭდავს, მისი საყვარელი გაზეთია." - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ შსს-ს ოთხი დღე დასჭირდა, რომ 17 მაისის მოვლენების მონაწილე ოთხი ადამიანის დაეკავებინა, 100 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ კი გაეთავისუფლებინა. აქციიდან ერთი კვირის შემდეგ კი ბრალი შეკრების და მანიფესტაციის უფლების უკანონო ხელყოფისთვის ორ სასულიერო პირს წარედგინა.

„შემთხვევით, ან შესაძლოა არც, იმავე დღეს მთავრობამ მთავარი ოპოზიციის ორი ლიდერი დააკავა: ერთერთი მათგანი ყოფილი პრემიერმინიტრი ვანო მერაბიშვილია, რომელიც ეკლესიის მიმართ გამომწვევი ქცევით იყო ცნობილი... მთავრობას დრო ეწურება იმის საჩვენებლად, რომ მას შეუძლია აკონტროლოს სიტუაცია და ქვეყანა, მაგალითად, სამართლიანობით" - ვკითხულობთ სტატიაში.

 

კომენტარები