TI-საქართველო: სახელისუფლებო ორგანოებს ერთდროულად 21 000 მობილური ნომრის მოსმენა შეუძლიათ

თბილისი მარიოტში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა ფარულ თვალთვალსა და პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც რეკომენდაციები გააცნეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შეზღუდვის ძლიერ მექანიზმებს შექმნიდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი თვის თავზეც არ გადადგმულა არსებითი ნაბიჯები პირადი მონაცემების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად.

მათი რეკომენდაციები ითვალისწინებს უკანონოდ მოპოვებული მონაცემების განადგურებას, საკანონმდებლო ცვლილებებს, პერსონალურ მონაცემთა ახალი ინსპექტორისა და მისი ოფისის მანდატის გაზრდას და სხვა მიმართულებებს.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურიდან ამოიღოს მისთვის კუთვნილი "შავი ყუთები", რომლის საშუალებითაც მოსმენებს ახორციელებენ. სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელისუფლებო ორგანოებს ერთდროულად 21 000 მობილური ნომრის მოსმენა შეუძლიათ. მოსმენა პირდაპირი წვდომით ხდება, რისთვისაც არ სჭირდებათ კომპანიების დახმარება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ მოქალაქეების საკომუნიკაციო მონაცემებზე პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომის არსებობა საფრთხეში აგდებს სასამართლოს დამოუკიდებელი ზედამხედველობის შესაძლებლობას მოსმენებზე/მიყურადებაზე და ქმნის უფლებამოსილების გადამეტების რისკს.

მათი რეკომენდაციაა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მონაცემებზე წვდომა მხოლოდ სასამართლო ნებართვის მიღების შემდეგ მიეცეთ - გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლო ნებართვა კი კონკრეტულად უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა სახის ინფორმაციაზე გაიცემა წვდომა; მასში მოცემული უნდა იყოს პირის ვინაობა, ტელეფონის ნომერი და დროის შუალედი, რაზეც გაიცემა თვალთვალის ან მიყურადების ნებართვა. ამასთან, თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია უნდა აღირიცხებოდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები.

ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ურჩევს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საკუთარი ინიციატივით, რეგულარულად გამოაქვეყნონ ზოგადი ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული სამეთვალყურეო საქმიანობის შესახებ.

კომენტარები