დამოუკიდებლობის დღე

მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში ხვდება

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ხვდება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჰელმანდის პროვინციაში ბაზა ლეზერნიკზე მე-3 ბრიგადის 33-ე ბატალიონისა და მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტმა ქართველი სამხედროებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა შემართებისა და თავდადებისთვის, ასევე მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის რამდენიმე მათგანი სხვადასხვა ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა, მათ შორის, ქართულ ბაზაზე კომბინირებული ტერორისტული თავდასხმის დროს გარდაცვლილი სამხედროები, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი ვლადიმერ შანავა.

პრეზიდენტი ლეზერნიკის ბაზაზე ქართველ ჯარისკაცებთან და "რეგიონალური სარდლობა, სამხრეთ დასავლეთის" მეთაურთან გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან ერთად საზეიმო სადილსაც დაესწრო. ღონისძიებებს ასევე ეწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი.

კომენტარები