17 მაისის მოვლენები

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის აღლუმი

ბექა მინდიაშვილი
0 კომენტარი

უწმინდესო და უნეტარესო, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო, მღვდლებო და მონაზონნო, მართლმადიდებელო ქრისტიანებო, ვინც ღვთის სახელით აკურთხეთ და დალოცეთ ძალადობა და სიძულვილი, ვინც თანამდგომნი და მონაწილენი იყავით 17 მაისს ჰომოფობიის გასაპროტესტებლად გამოსულ მოქალაქეებზე სადისტური ნადირობისა, ვისაც სინდისი გქენჯნით, მაგრამ შიშისა და კონფორმიზმის გამო ჩუმად ხართ, ანდა, ვისაც სინდისი არ გაქვთ და ცდილობთ გაამართლოთ ჩადენილი უმძიმესი ცოდვა, მინდა გაუწყოთ, რომ თქვენ ამ დღეებში მარტო საქართველოს სახელმწიფოსა და ადამიანის თავისუფლებას კი არა, უპირველეს ყოვლისა, ღმერთსა და მის წმინდა ეკლესიის აუჯანყდით!

წლებია, ნაბიჯ-ნაბიჯ, გამიზნულად, თანმიმდევრულად მიიწევდით ამ ღვთისგმობამდე, წლებია, ქრისტეს ნაცვლად, თქვენ მიერვე გამოგონილი კაცთმოძულე მოძღვრების ჩატენვა გსურდათ ჩვენს თავებში, წლებია, ღმერთს მრისხანე და მოძალადე ბატონად გვისახავდით, რომელიც მტრობს ცოდვილს და არა ცოდვას, რომელიც ზევსისა და მოლოქის მსგავსად, მეხს ატეხს, თავზარს ცემს, დევნის, აუბედურებს, ჭყლეტს, ფშვნის და ნაცარტუტად აქცევს ყველას, ვინც თქვენს ნებას არ მორჩილებს, ვინც თქვენსავით არ ფიქრობს, ვინც თქვენგან განსხვავებულია. ამიტომაც, დღეს, თქვენი ამ შრომის შედეგი უკვე 24 სემინარიელის კი არა, 15 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა იერარქთა დესპოტიის წინააღმდეგ. დღეს სინდისიერი ადამიანები სამართლიანად აღსდგნენ და გადანაშაულებენ ძალადობის წაქეზებაში და ეპისკოპოს იაკობისა და მღვდლების გასამართლებას მოითხოვენ! გესმით თუ არა, რა ხდება ივერიის კურთხეულ მიწაზე?

წლებია, ერისა და ეკლესიის მტრებს დაუღალავად ეძიებდით ყველგან და ყველაფერში, ხან ვისკენ და ხან რისკენ იშვერდით სუპერმორალურ თითებს, „ჯოჯოხეთის ბჭეებს" უწოდებდით და მოითხოვდით მათ დასჯას, შავ წიგნში წერდით მათ სახელებს და ცდას არ აკლებდით, შავი ღრუბლებივით ხალხის რისხვა მოგეკრიბათ მათზე. მაგრამ, საბოლოოდ, სიმართლე არ დაიმალა, მთელმა საქრისტიანომ, მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ სწორედ თქვენ ყოფილხართ გამძვინვარებული მტრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ვისაც ქრისტიანობის ანი და ბანი ოდნავ მაინც გაეგება, იცის, რომ 17 მაისი გმობა და დარბევა კი არ იყო იმ 40-ოდე გაბედული ადამიანისა, რომელთაც მორალურად გაიმარჯვეს თქვენზე, მრევლად წოდებულ მრავალათასიან ბრბოზე, არამედ გმობა და დარბევა იყო ქრისტესი და წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა.

17 მაისის შემდეგ, რაც უნდა გაემიჯნოთ თავს, გაემიჯნოთ ძალადობას, სინდისიერ ადამიანებს ვეღარ დაარწმუნებთ, რომ თქვენ ხართ მწყემსნი კეთილნი, რომ თქვენი მსახურება ღმრთის მსახურებაა, რომ თქვენი ქადაგება სახარების უწყებაა. წლებია, მხოლოდ სიტყვით ადიდებდით ღმერთს, მაგრამ საქმით შეურაცხყოფდით მას, რადგან ჩვენ ვიხილეთ, რომ სასოება ღმერთსა და პატიოსან ჯვარზე კი არა, საკუთარ თავზე, თქვენს დესპოტურ ნებაზე, თქვენს უსაზღვრო ავტორიტეტსა და მრევლის სიმრავლეზე, ტაბურეტის ძალაუფლებაზე გქონიათ დაფუძნებული.

ღვთის უმეცარნო, ღმერთი თავისუფლებით და სიყვარულით მოქმედებს, ღმერთი საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით და სიტყვით მოქმედებს, ღმერთი ჩვენ, ათასნაირ ცოდვაში გარეულებს, მხარში გვიდგას და ადამიანური ტკივილისა და სიხარულის მოზიარეა, ღმერთს წყალობა სურს ჩვენთვის და არა მსხვერპლი, პატიება და არა დასჯა ცოდვილისა. თქვენ კი წმინდანებად და მართლმადიდებლობის დამცველებად მოგქონდათ თავი და ჯორკოებით, კომბლებით, ქვებით შეიარაღებულნი, მუშტებშემართულნი ძალადობდით ყველაზე, ვინც არ გეთანხმებოდათ. ღვთის უმეცარნო, ქრისტე სწორედ რომ ცოდვილებს სწყალობს, ხოლო გაყეყეჩებული, უცოდველი, მორალისტი დამცველები მართლმადიდებლობისა სძაგს უფალსა!

თუმცა, რა? მართლა წმინდა და უზაკველი იყო თქვენი გული და ზრახვები? ბიბლიური მწიგნობრების მსგავსად, ასო-ასო იცავდით იმ ზნეობრივ კანონებს, ღმერთმა რომ დაგვიწესა? ნათქვამია, არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს! 17 მაისს თქვენმა კოლექტიურმა სიცოფემ გამოააშკარავა, რომ სინამდვილეში რელიგიურ და მორალურ პალეოლითში, უწმინდური, ბრუტალური ვნებებისა და უმეცრების გამოქვაბულში ყოფილხართ გამომწყვდეული. ამიტომაც, როგორც რიგითი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოვალე ვარ, საჯაროდ გამხილოთ, მოვალე ვარ, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, მოვალე ვარ, ვცადო, გამოგიყვანოთ ცოდვისა და უმეცრების ჯურღმულებიდან. დიახ, მე სწორედ ამაში ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას ღვთისა და ადამიანის წინაშე.

ამ დღეებში უმთავრესად იმაზე ლაპარაკობენ, რომ თითქოს ეკლესიამ გაიმარჯვა სახელმწიფოზე, რელიგიამ თითქოს საერო ცხოვრება დათრგუნა. ეს მართლაც ასეა, თუკი 17 მაისს მხოლოდ პოლიტიკური, სამოქალაქო და სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, მაგრამ, აბა, ვცადოთ, მართლმადიდებლური მოძღვრების შუქზე ავხსნათ ის, რაც მოხდა – ჭეშმარიტად საპირისპირო სურათს მივიღებთ. სინამდვილეში, 17 მაისს, მრავალათასიანმა მრევლმა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ეპისკოპოს იაკობის წინამძღვრობით დაუნდობლად, ველური გაშმაგებით, კოლექტიურად დაარბია, გადათელა და გადალეწა „პიდარასტები" კი არა, არამედ თავად იესო ქრისტე, სახარება, ჯვარცმა, ეკლესია, თითოეული პატიოსანი მღვდელი და მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი!

ეკლესიაში სწორედ საერო სულმა, ამა სოფლის ბატონმა დაისადგურა და იზეიმა. 17 მაისს გაცხადდა წლების განმავლობაში მრავალთათვის დაფარული, შემაძრწუნებელი რეალობა, რომ ის, რასაც თქვენ ეკლესიას უწოდებდით, ქრისტეს მიმდევართა კრებული კი არა, სიძულვილით აღსავსე, შეუწყნარებელი, დანაშაულებრივი ორგანიზაციაა! როგორ მივედით ასეთ უკიდურეს დაცემამდე, ამ ველურ განდგომამდე, ამ სიძულვილამდე ღვთისა და ადამიანისა? მიზეზი მრავალია, მაგრამ უმთავრესი მაინც ისაა, რომ თქვენ არათუ ქრისტეზე ან მართლმადიდებლობაზე, არამედ ცოდვასა და მადლზეც კი არ გქონიათ თურმე ელემენტარული წარმოდგენა. აი, მშობლები ბავშვებს რომ უხსნიან სიკეთესა და ბოროტებას, მარტივად, პრიმიტიულად – ამგვარადაც კი არ გცოდნიათ, რა არის სათნო ღვთისათვის და რა – არა.

17 მაისის გამო სამღვდელოთაგან არავის გაგხსენებიათ იგავი კეთილ სამარიტელზე, იგავი იმაზე, თუ ვინ არის მოყვასი ადამიანისა და შესაბამისად, მოყვასი ღმრთისა; იერუსალიმიდან იერიქონს მიმავალ გზაზე არც მღვდელმა, არც დიაკვანმა დაყაჩაღებულ, ნაცემ, დახმარების მთხოვნელ კაცს ხელი არ გაუწოდეს, მხოლოდ ურჯულო სამარიტელმა გამონახა დრო მისი შემწეობისთვის – მაცხოვარი ამბობს, რომ სწორედ ეს სამარიტელია მოყვასი ღმრთისა და ადამიანისა, მაგრამ რა გგონიათ, თქვენ ვინა ხართ? ვინ გამოდიხართ ამ იგავის თანახმად? ათასგზის შეცდებით თუ გულგრილ მღვდლად და დიაკვნად წარმოიდგენთ თავს, ეს ეტაპი უკვე წარმატებით განვლეთ. ისიც ცხადია, რომ ვერც სამარიტელი იქნებით – გულმოწყალება ჭეშმარიტად უცხო და გაუგებარი მოვლენაა თქვენთვის. აბა, ვინ ხარ, რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე გადაჭიმულო ზნეობისა და სარწმუნოების დამცველო ზეპურო ერო და ბერო?

ვინ ხარ და, რა თქმა უნდა, გზაშარის ავაზაკი, წყვდიადის ყაჩაღი, რომელმაც 17 მაისს დევნე და გვემე უმოწყალოდ!

ცოდვის პროპაგანდა უნდა აღვკვეთოთო, რომ გაიძახოდით, განა თქვენი ეს ლაშქრობა ზეცისა და ქვეყნიერების წინაშე უმძიმესი ცოდვების ერთიანად გამომზეურება და მათი უპრეცედენტო პროპაგანდა არ იყო? და იცით კი, საერთოდ რა არის ცოდვა? თქმა არ უნდა, არ გეცოდინებათ! და რაკი არ იცით, უნდა აგიხსნათ და განგიმარტოთ! გადაშალეთ მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი კატეხიზმო და ამოიკითხეთ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ! ეს ის წყლულებია, რომლითაც დასნეულება, ეკლესიის სწავლებით, ადამიანს სამუდამოდ აშორებს ღმერთს, არარაობად, სატანის ულუფად აქცევს მის სულს. გულდასმით ამოიკითხეთ, რომელია ეს ცოდვები! თქვენ მხოლოდ ერთი პასუხი გაქვთ? მამათმავლობა, მამათმავლობა და კიდევ მამათმავლობა? არა, ძმანო და დანო, გაგიცრუვდებათ მოლოდინი – არა ყოფილა ეს მომაკვდინებელი და უკიდურესი ცოდვათაგანი, რადგან ცოდვისა და უკეთურების მორევი გარეთ კი არა, ვთქვათ, პუშკინის სკვერში, არამედ თავად ადამიანში, მის გონებასა და გულში, მის შინაგან სამყაროში ტრიალებს.

ამპარტავნება

შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან უმთავრესი ამპარტავნებაა. ამ უმძიმესი სენით შეპყრობილი სული ეშმაკის თანაზიარი ხდება, რაკი სწორედ ამპარტავნებამ დასცა სინათლის ქერუბიმი – ლუციფერი და ღვთისა და ადამის მოდგმის მარადიულ მტრად აქცია. ამპარტავნების შენანება, ცოდვათა მწვერვალიდან დაშვება, წმიდა მამათა სწავლებით, თითქმის შეუძლებელია, რადგან მისი მეტასტაზებით მოცული არსება ხიბლშია ჩავარდნილი და საკუთარი თავი უმანკო ჰგონია. ამ მდგომარეობაში იგი თვითგადარჩენის უნარს – სინანულს კარგავს, მასში თავად ეშმაკი იბუდებს და დამონებულ ადამიანთან ერთად სურს, კვლავაც ღმერთს გაუტოლოს თავი. ამ ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანი პირქუშ კერპად, გამუდმებულ დესტრუქციად, გარესამყაროსთვის ავისმომასწავებელ ბოროტებად იქცევა ხოლმე.

უწმინდესო და უნეტარესო, დღეს განა მონუმენტურ კერპად არ აღმართულხართ მთელი ქართველი ერის წინაშე? როგორც ღმერთს, ისე არ მოგმართავენ რიგითი მორწმუნენი? არ გიგალობენ? არ გხატავენ ხატებზე? ღმრთისთვის კუთვნილ ლოცვასა და ქება-დიდებას განა არ გიძღვნიან? კარგად დააკვირდით, რა ხდება თქვენი თაყვანისმცემლების დიდ არმიაში. განა თქვენმა დიდებამ არ დაჩრდილა ღმრთის დიდება? თქვენმა კერპმა უკვე კარგა ხანია, დაამხო იესო ქრისტე და მართლმადიდებელი ქრისტიანობა! და თქვენ რა? გმობთ ამ წარმართობას, ამ უწმიდურ თაყვანისცემას? არა! ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ თქვენც ამპარტავნებისა და მკრეხელობის თვალსაჩინო მაგალითს იძლევით – არც მეტი, არც ნაკლები, მაცხოვარს უიგივებთ ხოლმე თავს – მზიან ღამედ, ერისა და ეკლესიის მხსნელად საკუთარი თავის წარმოჩენა, სხვა არაფერია, თუ არა ღვთის გმობა და მკრეხელობა!

ვინ უფრო პოპულარულია – დიდების ტახტზე მორჭმით მჯდომარე პატრიარქი თუ ჯვარზე გაკრული ღმერთი? ვის ქადაგებას უფრო ისმენთ, ვის უფრო უჯერებთ, ილიას თუ იესოს? რა თქმა უნდა, მაცხოვარი და საღვთო წერილი, სინდისისა არ იყოს, საგულდაგულოდაა გადამალული და უგულებელყოფილი, რადგან ქრისტე დღეს ეკლესიას საფირმო მარკად თუ სჭირდება, რომელსაც ზეაღსვლა, დიდება და სიმდიდრე მოაქვს! სხვა შემთხვევაში, ასე მართლაც რომ არ გაპარპაშდებოდა უვიცი, ძალაუფლებასა და სიმდიდრეს დახარბებული იერარქია, სხვა შემთხვევაში, არათუ 17 მაისი, მრავალი სხვა უბედურებაც არ დაგვატყდებოდა თავს!

მოდი, მღვდელმთავარნო და მღვდლებო, თქვენც თქვენივე სულის სალხენად, სცადეთ და გარედან შეხედეთ, დააკვირდით, გამოიძიეთ, რა მედიდურად მოძრაობთ, მეტყველებთ, ქადაგებთ და რა ძვირად გიღირთ სამღვდელო პატივში ყოფნა. პირველ ყოვლისა, ეგებ სცადოთ, გააცნობიეროთ, რომ სასულიერო წოდება სხვაზე უპირატესობის მოპოვებისა და განდიდების მიზეზად ქცეულა თქვენთვის!

სიმართლეს უნდა გაუსწოროთ თვალი და გაიაზროთ, დღეს რა დარჩა საერთო ქრისტეს მოძღვრებასა და ქართულ საეკლესიო შოვინიზმს, ამ კაცთმოძულე და ქალთმოძულე რელიგიას შორის: ილიალატრიით ქრისტეს რწმენის შეცვლა, სინოდის მიერ ჯოჯოხეთს გასტუმრებული უნათლავი ჩვილები, ქართველი ერისა და ენის რელიგიური გამორჩეულობის პროპაგანდა, მუდმივი ტრაბახი და დამუქრება მართლმადიდებლობით, ეროვნებით, კაცობით – ყოველივე ეს ამპარტავნების დამღუპველი ნაყოფებია, რამაც სულიერად გადაგაგვარათ და ახლა უკვე სამუდამო წარწყმედით გემუქრებათ, თუკი არ შეინანებთ და ქრისტეში არ შეიცვლებით! ვისღა გახსოვთ, რომ ზეციურ მამას თავისი შვილები ყველანი თანასწორად ვუყვარვართ, განურჩევლად იმისა, ვინ ვართ წოდებით, ეროვნებით, სარწმუნოებით, სქესით თუ სექსუალური ორიენტაციით?

მანამდე, სანამ მაისის 17-ში უმწეო ადამიანთა ჩასაქოლად ქვებს მოიკრებდით, უნდა დაფიქრებულიყავით, რომ ეგ პატარა ქვები, თქვენს კისერზე შემობმული უმძიმესი პიროვნული, ეროვნული, რელიგიური და სექსუალური ამპარტავნების ლოდებია, რაც ცხონებისგან უსასრულოდ გაშორებთ და ჯოჯოხეთის უფსკრულისკენ მიგაქანებთ. ძმანო და დანო, ამპარტავნებაში ჩავარდნილი კათოლიკოსი იქნება ეს თუ დიაკვანი, რაც უნდა, ღმერთს ვმსახურებო, ეგონოს, მაინც ეშმაკის განუყრელი მონა და მისი ბოროტების თანაზიარია, თანაც შეუდარებლად ძვირფასი და ერთგული, ვიდრე, ვთქვათ, სატანისტური ეკლესიის ფუძემდებელი ანტონ ლავეი იყო.

უწმინდესო და უნეტარესო, მოვა დრო და უზენაესი მსაჯული უთუოდ გკითხავთ: რად დამივიწყე მე? რად დაუმალე ჯვარცმის საზრისი მორწმუენეებს? რად წამომართე შენი თავი ჩემს საკურთხეველზე? ამისთვის დაგადგინე შენ, მონავ ღვთისა ილია? მოვა დრო და თქვენც გკითხავენ, ქართველო მართლმადიდებლებო – განა რითი სჯობდით სხვებს? თქვენ კი ძრწოლა და კანკალი შეგიპყრობთ და დამუნჯდებით, რადგან დღევანდელი ქართული რელიგიურობა სამარცხვინოდ დანაშაულებრივი პასუხია ამ კითხვაზე. სანამ კიდევ დროა, ჩვენ, ქართველმა მართლმადიდებლებმა შეუძლებელი უნდა შევძლოთ, თავი უნდა დავიმდაბლოთ თითოეული ადამიანის წინაშე და სიკვდილამდე გვახსოვდეს, რომ მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს!

მრისხანება

ამპარტავნება წყაროა მრისხანებისა, რადგან მხოლოდ ქედმაღალ და საკუთარ თავში, საკუთარ ჯიშში, საკუთარ წრეში, საკუთარ რჯულსა თუ ურჯულოებაში, როგორც მარილის ლოდში გამოკეტილ სულს ძალუძს უსამართლო რისხვა დაატეხოს ადამიანს, სხვას, სხვანაირს, უდანაშაულო მოყვასს – შეუწყნარებლობა, მძულვარება, გინება, აგრესია, ძალადობა, ექსტრემიზმი, მრისხანების ცოდვით დაცემული სულის ბოროტი ნაყოფებია.

განა, რაც თავისუფლების მოედანზე ამპარტავნებით აღძრულებმა ჩაიდინეთ, ამ უმძიმესი ცოდვების საზარელი აღლუმი არ იყო? განა ის, რომ დღისით, მზისით, დიდსა და პატარას, მრისხანე და კომიკური სახე უჩვენეთ ტაბურეტშემართული მართლმადიდებელი მღვდლისა და ადამიანობის, ეკლესიის, სარწმუნოების სიწმინდე შეაგინეთ, იოლად გეპატიებათ თქვენ?

ყველამ ვიხილეთ, რომ თქვენნაირი ციციკორეების გამო უსაზღვროდ დაშინებული და გაუბედურებული სულების უმოწყალო წამება და ცემა, მათთვის უმწარესი ტკივილის მიყენება მეტისმეტად კარგად შეგძლებიათ. „დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტყან მე", – აი, ესა ყოფილა თქვენი ჭეშმარიტი ლოცვა, თქვენი ჭეშმარიტი მღვდლობა, თქვენი ჭეშმარიტი ქადაგება რჯულზე მოქცევისაკენ, თქვენი ჭეშმარიტი აღსარება მართლისა სარწმუნოებისა! განა ჯერ არავის უთქვამს თქვენთვის, რომ გინება უპირველესად, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შეურაცხყოფაა, წილხვედრნო ღვთისმშობლისა?

განა არც ის უწყით, რომ წუთისოფელში ზეციური მამის განსახიერების პატივი გერგოთ და სწორედ ამიტომ გიხმობენ მღვდლებს მამად? იცით კი, სამ და მეტ გზის საწყალობელნო, რომ ეს შეძახილი: „არ დაარტყა, მამაო", ზეცაში სამარადისოდ ჩაიწერა თქვენი განკითხვის დღისთვის? რაღა დაგრჩენიათ? ვგონებ, ამიერიდან ხალხში გამოჩენასაც კი უნდა ერიდოთ, რომ თქვენი დანახვით, ისევ დასაცინი არ გახდეს ღვთის სახელი.

საშინელ სამსჯავროზე რა პასუხი უნდა გასცეთ უფალს, ამ ტაბურეტებით, ქვებით, ჭინჭრებით, კომბლებით ხელდამშვენებული რომ წარდგებით ქართველი მართლმადიდებლები? ანდა შებილწული ბაგეები როგორღა უნდა განხვნათ, როცა იკითხავენ, აი, ეს არის თქვენი მონაგარი? ესაა თქვენი დაუჯდომელი? ესაა თქვენი წმინდა რელიკვიები? აი, ეს? ამით სძლიეთ? შენი სახელით ვიგინებოდით, უფალო, ვიფურთხებოდით, ვისუსხებოდით, ვირტყმევინებოდით და ვაღერებდით ტაბურეტებსო, ამას ეტყვით? იესო, დურგალი იყო და სკამებს იმიტომ თლიდა, ზედ რომ ჩამომჯდარიყავი, მამაო, შენ კი ჯვარი არ იკმარე და ახლა ჯორკოც წამების იარაღად გიქცევია.

რა პასუხი უნდა გასცეთ ღმერთს, როცა იმ უმწეო ადამიანების ტანჯვას გიჩვენებენ, ავტობუსში, ქრისტეს სახელით მუშტების, ქვების, ფურთხისა და გინების ორომტრიალში ნამდვილი ჯოჯოხეთი რომ გამოატარეთ, ანდა როგორ უნდა იმართლოთ თავი იმ ჩოხაახალუხიანი, ამაყად მოძუნძულე ყმებისა გამო, სიძულვილით გონებაწართმეულნი „მამაო ჩვენოს" რომ ქოშინებდნენ და „პიდარასტებს" დასაკლავად დასდევდნენ? განა ისინი თქვენი ქადაგებების ყველაზე უფრო ამაზრზენი და საცოდავი მსხვერპლნი არ არიან? ჭეშმარიტად თქვენზე, ქართველ სამღვდელოებაზე უთქვამს მეფსალმუნეს, კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო და ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ!

თქვენ მიერ ჩადენილი სისაძაგლის შესაცნობად, სინამდვილეში, უმარტივესი კითხვა უნდა დაუსვათ თავს: 17 მაისის ლაშქრობის ნამდვილი ინიციატორი და მხედართმთავარი ღმერთი იყო თუ მხეცი იგი მოოხრებისა, მთელი თავისი დაცემული ანგელოზების მხედრიონით? ვინ იყო ამ ცოდვის კალოს დირიჟორი, ამ დორბლმორეულ მაქციათა ყიჟინის ავტორი? თუკი ოდნავი სურვილი მაინც გამოძრავებთ სულის ხსნისა, აუცილებელია, შეიგნოთ და აღიაროთ, რომ თქვენ, 17 მაისს, როგორც ბოდბელ იაკობს ეგონა, ქრისტეს მხედრები კი არა, ეშმაკის ლეგიონის ჯარისკაცები იყავით!

უნდა აღიაროთ, რომ 17 მაისს მთელმა ეკლესიამ ერთხმად განაცხადა ის, რასაც წლებია, თქვენ-თქვენს სამრევლოებში ქადაგებთ და თესავთ – ტყუილია, რომ ღმერთი სიყვარულია! თქვენი ღმერთი არის გესლი, ღვარძლი და სიძულვილი! მონავ ღვთისა ილია, მონავ ღვთისა იაკობ, მონავ ღვთისა იობ, მონავ ღვთისა დავით, მონავ ღვთისა ანთიმოზ, აბა, კარგად შემომხედეთ, სიძულვილი ვარ მე? – აი, ამასაც ნამდვილად გკითხავენ, როცა დადგება უფლის დიდებული დღე.

ნაყროვნება

მრავალი ჩვენგანია მამაპაპურად, თავქარიანად მომლხენი და მოქეიფე, გემრიელ საჭმელ-სასმელს გადაგებული მუცლის მონა, მაგრამ ნეტავ მართლა ეს იყოს ჩვენი მთავარი მანკიერება. ნაყროვნების ცოდვა, ხორციელზე მეტად, შინაგან გაუმაძღრობასა და დაუკმაყოფილებლობას გულისხმობს და ასე, სულიერად გვანადგურებს!

მამულისა და ეკლესიის სიწმინდეზე დარდით შეცდენილნო, სინამდვილეში კი ძალაუფლებით, სიმდიდრით, სიძულვილით გაუმაძღარნო, ალბათ ვერცა ხვდებით 17 მაისს ჯოჯოხეთის რა მიუდგომელ ალაგებს შთახდა თქვენი სული, ნაყროვნების რა სიღრმეებს გაზიარათ ბელიარმა! თქვენ ვერცა ხვდებით, რომ მარტოოდენ მგმობელებად, მდევნელებად, მაგინებლებად, მაფურთხებლებად, თავპირისმტვრევლებად კი არა, ადამიანის ხორცის მჭამელებადაც გაქციათ სატანურმა გახელებამ.

სულებზე მონადირე მწყემსნო, 17 მაისს თქვენ თქვენი გულიდან, თქვენი ზრახვებიდან, თქვენი ბაგიდან კაციჭამია ქოფაკები აუშვით და უდანაშაულო გოგონას ტანი დასაკბენად გაამეტებინეთ! ახლა კი ზედმიწევნით კარგად მოუსმინეთ მას, მისი დაკბენილი სხეულის ხმასა და სიმწარეს, რადგან მის მიერ განიკითხებით!

წარმოდგენაც კი მზარავს იმ ხვედრის გამო, რაც ამ კანიბალიზმის დაშვებისთვის, ამ ქოფაკების წლობით გამოზრდისა და დაგეშვისთვის გელით ღვთის სამსჯავროზე, რაც გელით თქვენ იმ მართლაც რომ შავი მესის მსახურების გამო, 17 მაისს თბილისის ქუჩებში რომ დააყენეთ და მთელი ეკლესია, მთელი ერი და ბერი ამაყად ჩააბით მასში! ვაი თქვენ, რადგან ღმრთის სახელით აცდუნეთ და დასაღუპად გაწირეთ ათიათასობით მოტყუებული მორწმუნის სული!

მოძალადე წმინდანებო! კარგად უნდა დაიმახსოვროთ, რომ 17 მაისს, ეკლესია ქრისტეს სისხლისა და ხორცის ნაცვლად, ადამიანის ხორცსა და სისხლს აზიარეთ! გემრიელი იყო? იკითხავს მსაჯული, გემრიელი იყო ადამიანის ხორცი? ჩემს სისხლსა და ხორცზე ტკბილი იყო იმ გოგონას ხორცი და სისხლი?

შური

როგორ დახვედით აქამდე? ტოტალური შურითაც. შავი, იქედნური შურით იყო გამურული თქვენი სამოძღვრო სულები! სიჭრელის გშურდათ! განა ყოველდღიური შური არ გღრღნიდათ თავისუფალი ადამიანებისა? განა არ გძულდათ ისინი, არ ღელავდით, არ ბობოქრობდით მათი არსებობის გამო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც უნდოდათ, ისე იცვამდნენ, რასაც უნდოდათ, იმას ამბობდნენ, ვისაც უნდოდათ, იმას იყვარებდნენ, სადაც უნდოდათ, იქ მიდიოდნენ. განა ბოღმოთ არ გისივდებოდათ გული თქვენი კურთხევისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი კრავების გამო? განა მათდამი ამ შურიანობას, შეცდომით, მათი სულის ცხონებაზე ზრუნვას არ უწოდებდით? განა თქვენ მარტოოდენ პიროვნებაგათელილი, დამონებული, ერთფეროვანი, უსახური ფარა არ გიყვარდათ?

განა შურის გამო ოდენ აკრძალვებით და ათასგვარი ტაბუებით არ პასუხობდით ცხოვრების ყოველგვარ გამოწვევას! პიროვნული თავისუფლების გუშაგებად მოგიწოდათ უფალმა, თქვენ კი, ცხვირის ჩაყოფა ყველგან და ყველაფერში მოინდომეთ; სხვების თავისუფლებას ჭუჭრუტანებიდან დაუწყეთ თვალთვალი, უსაფთრდებოდით, იჭერდით და მეთოდურად ანადგურებდით ქრისტეს მიერ მოკვდავთათვის განაწილებულ ამ ღვთაებრივ პრივილეგიას. 17 მაისს კი ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ თქვენთვის მიუწვდომელი თავისუფლების წინააღმდეგ შურით შეპყრობილთ, ცხვრების ფარა წლების განმავლობაში, თურმე აფთრების ხროვად გამოგიზრდიათ.

შურით გევსებოდათ გული მაშინაც, თუკი ვინმეს თქვენზე მეტი ფული და ძალაუფლება ჰქონდა და აი, 17 მაისს, თქვენ ჭეშმარიტად გაილაშქრეთ ყოველივე იმის მოსაპოვებლად, რისკენაც ასე თავდაუზოგავად მიისწრაფოდით! გადალახეთ ყოველგვარი კანონის ზღვარი და ძალაუფლების, პატივისა და სიმდიდრის მწვერვალებისკენ მიმავალ ფართო გზას შეუდექით! ვაი თქვენ, რადგან სოფელი ესე თქვენს ფერხთით განირთხა!

ყველაფერთან ერთად, განა 17 მაისი სახელმწიფოზე შურისძიებაც არ იყო? სახელმწიფოზე, რომელიც თავისი უტვინობისა და სიბეცის გამო, წლებია, გკვებავდათ და ოქრო-ვერცხლს გატენიდათ, თავზე მოკრძალებით ხელს გისვამდათ და გელოლიავებოდათ, რომ მუდმივად მის კალთაზე ყოფილიყავით გამობმულნი, რადგან, როგორც ეტყობა, ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რა მონსტრთანაც ჰქონდა საქმე. სინამდვილეში კი სწორედ მისი ეს ზრუნვა იყო თქვენი გაუთავებელი შურიანობისა და ეჭვიანობის მთავარი მიზეზი. სინამდვილეში ხომ სწორედ თქვენ გსურდათ, ყოფილიყავით სახელმწიფო – თქვენი წარმოდგენით, სიმდიდრის, ერთპიროვნული ბატონობისა და კანონის წყარო; სინამდვილეში ხომ სწორედ თქვენ გინდოდათ გამობმული და დაჭერილი გყოლოდათ ყველა და ყველაფერი მსხვილი საპატრიარქო ჯაჭვებით!

ჭეშმარიტად თქვენზეა წმიდა იოანე ოქროპირის შეგონება: შურიანები მხეცზე უარესნი არიან, რაკი მხეცები მხოლოდ მაშინ გვესხმიან თავს, როცა შიათ, ანდა – როცა გავაღიზიანებთ; ესენი კი, კეთილის ქმნის შემდეგ კეთილისმყოფელს მტერივით ექცევიან.

ანგარება

უანგარო სასულიერო პირი თითო-ოროლა თუ შემხვედრია და მე რომ მკითხო, თავი და თავი ჩვენი უბედობისა, ამპარტავნება კი არა, სწორედაც ანგარებაა. ამ ცოდვითაც ყველას გვარიანად გვაქვს გამოხრული სული. ამიტომაა, რომ უმრავლესი თქვენგანი სწორედ ანგარების კარნახით ირჩევს სამღვდელო თუ სამღვდელმთავრო პატივს. ზოგს სოფლიდან ქალაქში უნდა წამოსვლა, ზოგიც, სადმე სხვაგან ხელმოცარული, მღვდლობას აფარებს თავს, ზოგი საკურთხეველთანაც კი ფულზე და მოგებაზე ფიქრობს, სხვები დაფასებას ეძიებენ ხალხის თვალში – ესეც ანგარებიანი სურვილია. ანგარებიანი ეპისკოპოსები და მღვდლები წრფელი გულით ნაბიჯსაც რომ არ გადადგამთ, ესეც ცნობილი ამბავია. მეტისმეტად ხშირად ცვივა სულიერი ვაჭრობის ხრამში თქვენ მიერ შესრულებული ნათლობები, ჯვრისწერები, ლიტურგიები, პანაშვიდები თუ პარაკლისები – სახლების, ფირმებისა და მანქანების ყბადაღებულ კურთხევებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

ღმრთისგანაც, ეშმაკისგანაც, კაცისგანაც და ქალისგანაც გამორჩენას ეძიებთ. მართალია, თქვენ შორის პატიოსანი ფანატიკოსებიც გამოერევიან ხოლმე – მათი მსახურება ოქრო-ვერცხლამდე და ტოიოტებამდე არ დაიყვანება – მაგრამ ისინი, რა უცნაურიც უნდა იყოს, თავიანთი უანგარობით ვაჭრობენ ღმერთთან და ადამიანთან.

თუკი უფრო შორს წავალთ და ანგარების საწამლავში სიძულვილსა და სიყვარულს შევაზავებთ, ვნახავთ, რომ ამ მაგიურ ნაზავს გავლენისა და ძალაუფლების მოტანაც შეუძლია. თქვენ ამ ჯადოსნობას შესანიშნავად ხართ დაუფლებულნი. ამიტომაცაა, რომ ეკლესიაში ვერც სიყვარულს და, სხვათა შორის, ვერც სიძულვილს, სუფთა სახით ვეღარ იპოვი – ერთიც და მეორეც, საბოლოო ჯამში, მეტისმეტად ყალბია და მატერიალური, ანდა სიმბოლური კაპიტალის დაგროვების საქმეს ემსახურება. 17 მაისს ყოველივე ეს კარგად გამოჩნდა თქვენს გასაოცარ ფარისევლობაში, როცა საუბრობდით ცოდვილთა პატიებისა და სიყვარულის შესახებ. გამოჩნდა თქვენს მუქარებშიც, როცა აშანტაჟებდით პოლიციას: არ ჩაატარებინო, თორემ... აი, ეს „თორემ", რასაკვირველია, სიძულვილის ანგარებაა, ვაჭრობაა. თორემ რა? თორემ რა და სისხლი დაიღვრება... თორემ რა და მღვდლის დასტვენაზე მთელი ჯარი გამოვა... თორემ რა და სახელმწიფოსაც დავამხობთ.

ანგარების გამო ამ გამუდმებულ გათვლებში ჩაფლულებმა, ამ ინტრიგების ქსელში გახლართულებმა, გული ბოლომდე გაიქვავეთ და ეშმაკს მიუძღვენით. ასე რომ არა, 17 მაისს უთუოდ გულისხმას ჰყოფდით და იქვე, იმ დავიდარაბაში რომელიმე თქვენგანი მაინც, ერთ ნამდვილ სასწაულს იხილავდა. თქვენ როგორ გგონიათ, სად იყო დარბევის დროს უფალი ჩვენი იესო ქრისტე? თქვენ, სიძულვილის ეკონომიკით გართულებს, არცკი გაგხსენებიათ, რომ ვისაც დევნიან, შეურაცხყოფენ, გვემენ, აფურთხებენ, რიყავენ, ავადმყოფებს უწოდებენ, ყოველთვის და ყველგან თითოეული მათგანი მე ვარო, გვაფრთხილებს მაცხოვარი. რა თქმა უნდა, იმ ყვითელ მიკროავტობუსში, მისი მგზავრების შეშინებული და უკიდურესად შეურაცხყოფილი თვალებით იესო ქრისტე შემოგცქეროდათ თქვენ მეუფეებო, მამებო, დედებო და ძმანო და დანო... და მანამდე, სანამ ჟამი მოახლოებულა, თქვენი სულის დასახსნელად იქნებ იღონოთ რამე, რადგან „იქ" აუცილებლად გკითხავენ, 17- ში, მე რომ ავადმყოფს მიწოდებდნენ, მყვედრიდნენ, მდევნიდნენ, მნერწყვიდნენ, მცემდნენ, შენ სად იყავი, მაგალითად, შვილო, იაკობ?

უქნარება

უქნარება, სხვა ცოდვების ფონზე, იქნება მიამიტურად ჟღერს, მაგრამ, თუ კარგად გამოვიძიებთ, მისი ბრალიცაა ის, რა დღეშიც ჩაგვაგდო ბოროტმა. სიზარმაცე ჩვენი ეროვნული სიამაყეა, რომლითაც ხშირად თავიც კი მოგვაქვს. დიახაც, სიზარმაცეა იმის მიზეზი, რომ წლები გადის და თქვენ მაინც ეგეთი უბირები რჩებით. სიზარმაცეა, რომ ბიბლია კი არა, ოთხი სახარებიდან ბევრს, იქნებ, ერთიც არ გქონდეთ ბოლომდე ჩაკითხული. უდებობის შედეგია, რომ უმეტესობა თქვენგანი, შინ თუ ეკლესიაში, მოვალეობის მოხდის მიზნით, გაბმული ბურტყუნით თუ ზუზუნით, სრულიად უაზროდ, უშინაარსოდ აღავლენთ ხოლმე წმინდა ლოცვებს. რაც არ გესმით, იმას გულს როგორ დაატანთ, თორემ, ერთხელ ხომ მაინც შეისმენდნენ ზეცაში: მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება და გულის-სიტყვა კეთილი... აღმოჩნდა, რომ 17 მაისს ათიათასობით მორწმუნეს, არც ერთი გქონიათ და არც მეორე...

დილითაც და საღამოთიც მართლმადიდებელი ქრისტიანი მშვიდობასა და პატიებას ითხოვს ღმერთისგან, დილითაც და საღამოთიც ღვთის წინაშე აღსარებით აღიარებს ცოდვებს და ლოცულობს იმათთვის, ვისაც მისთვის რაიმე დაუშავებია: აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა.

მტრისა და მაყვედრებლის, გაუგებრისა და მიუღებლის წინააღმდეგ ქრისტიანის ერთადერთი პასუხი, მისი ერთადერთი ძალა კეთილი კურთხევა და მისი სულისთვის ლოცვაა. სულიერი სიზარმაცით რომ არ ყოფილიყავით დასნეულებულნი, ეს მთავარი და მარტივი ქრისტიანული ცოდნა სულ ოდნავ მაინც ხომ შეგიშლიდათ ხელს გინებაში, წყევლაში, სიძულვილში? ხომ გეცოდინებოდათ, რომ თუ ვინმეს ცემთ კი არა, არამედ, თუნდაც აწყენინებთ და ამის გამო პატიებას არ მოითხოვთ, ღმრთისგანაც უპატიებელი დარჩებით უკუნითი უკუნისამდე!

არც ის გცოდნიათ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი სულიერი მოსაგრეა, რომელიც მოუცდენლად უნდა შრომობდეს, გონებასა და გულს წვრთნიდეს, აღვირს უდებდეს ვნებებსა და ოცნებებს; სხვისი სიავისთვის კი არ უნდა იცლიდეს, არამედ დღეცისმარე საკუთარ თავს უნდა განიკითხავდეს. თქვენ კი, პირუკუ, სხვათა ცოდვებზე გქონდათ მუდამჟამ ყური მიდებული და მათი მხილებითაც კი არ კმაყოფილდებოდით, არამედ თავპირსამტვრევად მოუწოდებდით მათ წინააღმდეგ.

წმინდა მამები ერთხმად შეგვაგონებენ, თავდაყირაც რომ დადგე, გმირულად იმარხულო ანდა დაუჯდომელ ლოცვებში გაატარო მთელი ცხოვრება, ეს გარჯა სიზმარივით წყალს გაჰყვება, თუკი ერთ ადამიანსაც კი ვატკენთ გულს და ცოდვა შეუნანებელი დაგვრჩება, რადგან ვინმესთან, ნებისმიერ სულდგმულთან უბრად ყოფნა, სამუდამო უბრად ყოფნაა ღმერთთანაც.

ყოველივე ეს, როგორც აღმოჩნდა, თქვენ არც გაგიგიათ, არც გისწავლიათ, არც გაგიშინაგანებიათ. ღრმა სულიერი სიზარმაცის გამო თქვენი რჯული, ამასობაში, თქვენივე ცხოველური ვნებების აყოლა გამხდარა, ხოლო გონების უკიდურესი უმანკოება, სიტლანქე და დაუხვეწაობა ჭეშმარიტად თბილ ბუდედ ქცეულა მაცდურისთვის, რადგან ბოროტის ბატონობას არც გრძნობით, არც რწმენით, არც ცოდნით არ აღუმართეთ ჯებირები.

სიძვა

ჩვენ, ყველანი, თანამდებნი ვართ ამ ცოდვისა, – იესომ რა გვითხრა? რომ ხორციელი სიძვა – მრუშებანიც ცოდვაა და ფიქრისა თუ თვალისმიერნიც. განურჩევლად იმისა, ჰომოსექსუალურია კავშირი თუ ჰეტეროსექსუალური – ცოდვა მაინც ცოდვაა. მაგრამ საღვთო წერილი იმასაც ხომ გვიჩვენებს, როგორია მრუშებისადმი მაცხოვრის მიმართება და საპირისპიროდ, როგორია დამოკიდებულება მათდამი, ვისაც სხვების სარეცელზე ფათური არ ეთაკილება და თანაც, რჯულისა და ზნეობის სახელით სჩადის ამ უკეთურებას.

ქვების დასაშენად მომართული წმინდა საზოგადოება მემრუშე ქალს იესოს წარუდგენს. თავჩარგული მაცხოვარი არც კი ახედავს, ისე ამხელს მათ და ეტყვის, პირველმა, ვინც უცოდველია, იმან ესროლოს ქვა. ესაა ღმერთის პასუხი რელიგიურ და მორალურ ძალადობაზე, ხოლო ქალს მიუგებს, წადი და ნუღარ სცოდავ. იესო, რჯულის მოთხოვნის საპირისპიროდ, პატიობს და სიცოცხლეს ჩუქნის მას, რადგან ამ ქალზე თემმა იძალადა, რადგან ეს ქალი მსხვერპლია, რადგან ამ ქალმა სიკვდილს ჩახედა თვალებში. ძნელი გასაგებია ეს რას ნიშნავს? სიძვა პირადი, ინდივიდუალური ცოდვაა და მხოლოდ ღმერთია მისი განმკითხველი! სხვის სექსუალურ მორალზე ჩვენ, მოკვდავებს მსჯავრის გამოტანის უფლება იესომ არ მოგვცა და ვინც ისევ ჯიუტად ქვებს აგროვებს ცოდვილთა გასასამართლებლად, შეუდარებლად მძიმედ სცოდავს და ირცხვენს თავს ღვთის წინაშე – ისე, რომ უფალი მას შეხედვის ღირსადაც კი არ თვლის.

რა ვქნათ, ვთვალოთ და ვთვალოთ ამიერიდან მღვდლებისა და ეპისკოპოსების მრუშებანი, სიძვანი, მამათმავლობანი, მრავალნაირი სკაბრეზული თავგადასავლები, რომელთა სკანდალური გამხელისგანაც ყოვლისშემძლე ანაფორები გიცავთ? ცხადია, არა! ცხადია, რომ არავინაა ამ ცოდვისგან დაზღვეული! ცხადია, რომ ეს პირადი საქმეა თითოეული ადამიანისა, სრულიად ინდივიდუალური და უნიკალური გამოცდილებაა და სხვები – ეკლესია იქნება ეს თუ კანონი, მისი განჩხრეკით არ უნდა დაკავდნენ! ამიტომ, თქვენ, ეროვნული სიწმინდისა და ქალიშვილობის ინსტიტუტის დარაჯნო, ჯობს, ანებოთ თავი დღენიადაგ მოყვასის სარეცლის სიწმინდეზე ოხვრასა და ვაებას და სინანულით საკუთარი თავი განიკითხოთ, დაიგმოთ და ჩაიქოლოთ!
მაგრამ, სიძვასა და მრუშებას საღვთო წერილში, კიდევ ერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეპიკური განზომილებაც აქვს, როცა ამ სიტყვებით მთელი ერის შინაგანი მდგომარეობა გამოიხატება და ისრაელის მიერ ღმერთის ღალატს, მასთან დადებული აღთქმის დარღვევას გულისხმობს!

ერთადერთი აღთქმა, ერთადერთი ხელშეკრულება, რაც იესო მაცხოვარმა თითოეულ ჩვენგანთან და მის სასძლოსთან – ეკლესიასთან დადო, ღმრთისა და ადამიანის სიყვარულის ვალდებულებაა. ამ კონტრაქტის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგვიწყალებს უფალი, თუ ჩვენც შევძლებთ შეწყალებას; ამ კონტრაქტის თანახმად, ღმერთი ისევე მოგვექცევა ჩვენ, როგორც ჩვენ მოვექცევით სხვას. ამიტომ, ყოველდღიურად, ზეციურ მამას, ჩვენ, ქრისტიანები ცალ-ცალკეც და ერთობლივადაც სწორედ ამ ვალდებულების შესრულებაში ვთხოვთ თანადგომას: მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.

ამ პირობის უარყოფა, ღმრთისგან განდგომას, მის მოწყალებაზე უარის თქმასაც ნიშნავს. უნდა ვაღიაროთ, რომ 17 მაისს ახალი აღთქმის რჩეულმა ერმა – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოლექტიურად, მასობრივად, დაუნდობლად უღალატა ღმერთს, განუდგა ღვთაებრივ სიძეს – უფალ იესო ქრისტეს, აიხსნა მისი მსუბუქი და ტკბილი უღელი, დაარღვია მასთან დადებული კონტრაქტი და იმავ წამს ეშმაკთან იმრუშა. ამ საშინელი ღალატისა და ბოროტების უღლის გადაგდებას, ახლა უკვე აღარც სიტყვიერი გამიჯვნა და ძალადობის დაგმობა, არც ოდენ პირადი სინანული და არც ოდენ კოლექტიური გოდება აღარ უშველის.

პატიების საზღაური, მე რომ მკითხო, იმ ავტობუსებში გამომწყვდეული, შეურაცხყოფილი ადამიანების წინაშე, პატრიარქით დაწყებული, რიგითი დიაკვნით დამთავრებული, მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, მთელი სამღვდელოების მუხლმოდრეკა და მათთვის შენდობის თხოვნაა. პირველ რიგში, პატიება უნდა ვითხოვოთ მათგან, ვისაც თქვენ დაცინვითა და სიძულვილით „ავადმყოფებს", „პიდარასტებს", „ლესბიანკებს" და „ლიბერასტებს" უწოდებდით.

მონანიების ამ აქტის შემდეგ, თბილისის ქუჩებში ცოდვების ურცხვი კორიანტელისა და პროპაგანდის გამო, რა თქმა უნდა, შენდობა უნდა ვითხოვოთ მთელი ერისა და ყველა იმ ადამიანისგანაც, რომელიც სახტად დარჩა ღმერთის სახელით ჩაგვრისა და ყაჩაღებივით მოთარეშე მღვდლების ხილვით! ეს იქნება დასაბამი ეკლესიის ჭეშმარიტი ფერისცვალებისა, ეს იქნება დასაბამი ჩვენი შერიგებისა უფალ იესო ქრისტესთან და ადამიანთან!

აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები