ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის პროცესი

საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მაისის თვე მოვლენებით და ემოციებით გამორჩეულად დატვირთული აღმოჩნდა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის დაკავებაა. ოქტომბრის შემდეგ ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა პროკურატურის თამამი სვლა განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ გასულ თვეში განვითარებული მოვლენების ფონზე და მათთან კავშირში იძენს.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 21 მაისს დააკავეს. მომდევნო დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიაბერაშვილი 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მერაბიშვილს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება ედება. ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში მონაწილეობას ედავება გამოძიება ჭიაბერაშვილსაც, რომელიც იმ დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო.

პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
„აქ სამართლდება არა კონკრეტული ქმედებები, არამედ ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას, ჩვენს წარმატებულ მცდელობას, რომელიც განვახორციელეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ შეგვექმნა თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ამას არავინ არ მოელოდა ... ვქმნით პრეცედენტს, რომ ხელისუფლების ასეთი გადაცემა ძალიან საშიში ყოფილა ხელისუფლების გადამცემთათვის იმიტომ, რომ ამას მოჰყვა ღვარძლი, შური, შურისძიება", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას პრემიერმინისტრის მხრიდან ოპონენტების განადგურების მცდელობით ხსნიან უშიშროების საბჭოს მდივანი, თბილისის მერი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც.
თავის მხრივ, პრემიერი პოლიტიკური დევნის ბრალდებას სუსტს უწოდებს და ირწმუნება, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. ივანიშვილი საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის დაინტერესებასაც მიესალმა და აღნიშნა, რომ მათი ყურადღება საქართველოს პროცესების სამართლიანად წარმართვაში დაეხმარება.

საერთაშორისო საზოგადოება კი, დაკავების წინა შემთხვევების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებას პროცესის გამჭვირვალობისა და პოლიტიკური მოტივების გამორიცხვისკენ მოუწოდებს.

„წლების განმავლობაში საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელს წარმოადგენდა რეგიონში. მე ღრმად შეშფოთებული ვარ ყოფილი პრემიერმინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებით... ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მსგავს ტაქტიკას და საშუალებებს არ მიმართოს ოპოზიციის შესავიწროებლად".
სენატორი მარკო რუბიო (ფლორიდა). 24 მაისი

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში ოპოზიციის დევნით. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს უნდა დაგმოს და საქართველოს ახალ მთავრობას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდოს".
სენატორი მარკ კირკი (ილინოისი). 24 მაისი

„ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება და ოპოზიციური პარტიის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების დისპროპორციულად მაღალი რაოდენობა, ჩვენს შეშფოთებას აღრმავებს".
სენატორები ჯინ შაჰინი (ნიუ ჰემპშირი) და ჯეიმს რიში (აიდაჰო). 24 მაისი

„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს, პირიქით, ეს შექმნის ახალ პრობლემებს".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟოაო სუარესი. 23 მაისი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი „მოელიან საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამ საქმეებზე, ისევე როგორც ყველა სხვა საქმეზე, მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება და არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის პატრიკ ვენტრელის განცხადებით, ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება შეერთებული შტატები: „მსგავსი გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმის გარეშე. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, კონსტრუქციულად იმუშაონ საერთო მიზნის – საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

დაკავებას გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიაც. მისი პრეზიდენტის, ვილფრედ მარტენსის შეფასებით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის: „ვიმედოვნებ, მოსამართლეები შეძლებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა მუდმივი საჯარო ბრალდებები და ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენელთა მიერ დაშანტაჟებები, ასევე ის ფაქტი, რომ პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოტყდა – არსებობს კავშირი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებსა და ოპოზიციის მიერ გამოხატული კრიტიკის დონეს შორის – მაიძულებს ვირწმუნო, რომ ეს დაკავებები მხოლოდ ახალი ეტაპია, ხელისუფლების ამბიციაა, ჩამოიშოროს ოპოზიცია. თუ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდება, ამან, შესაძლოა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პროცესის გამყინვარება გამოიწვიოს", – ამბობს მარტენსი.

დამოუკიდებლად იმისგან, რამდენად მყარია პროკურატურის არგუმენტები ან პროცედურულად რამდენად კანონიერად წარიმართა დაკავება, ცხადია, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც სახელმწიფო, ამ ნაბიჯის პოლიტიკურ კონტექსტსა და შედეგებს ვერ გაექცევა. მომხდარის პოლიტიკურ დატვირთვას აძლიერებს ის შესაძლო „ბენეფიტები", რასაც ხელისუფლება მერაბიშვილის დაკავებით იღებს.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთო ფონი და დროის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც ყოფილი პრემიერი დააკავეს.

მერაბიშვილისთვის ბრალის წაყენებას წინ უძღოდა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე – 17 მაისი, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია ხალხმრავალი კონტრაქციის მონაწილეებმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს.

სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დღეს არასათანადოდ დაგეგმილი ოპერაციისთვის კრიტიკა დაიმსახურეს. ბევრმა მომხდარი სახელმწიფოს მხრიდან უუნარობის გამოვლინებადაც შეაფასა.

ვანო მერაბიშვილი
ფოტო: Reuters

ხელისუფლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ის სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და საბოლოოდ, ბრალი ორ სასულიერო პირს წაუყენა. ბრალდების სათანადო სიმკაცრე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ თუ ეკლესიის და მისი წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ნაბიჯი ამ ჯგუფებში პოპულარობით არ ისარგებლებს.

ეს მაშინ, როდესაც 17 მაისის მოვლენებში საზოგადოების ის ნაწილი მონაწილეობდა, რომელიც ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ფასეულობებს იზიარებს.

მრავალფეროვანი შეხედულების მქონე პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ქართული ოცნება კი ხელისუფლებაში, სხვებთან ერთად, მათი მხარდაჭერითაც მოვიდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, თუ ხელისუფლებას საზოგადოების ამ ნაწილის იგნორირება გაუჭირდება. 17 მაისს ძალის დემონსტრირების ადრესატი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც იყო.

აქციამდე პრემიერმა და ზოგიერთმა მისმა თანაგუნდელმა ლგბტ უფლებების შესახებ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და სამართლადამცავები ისევე უზრუნველყოფენ მათი გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. ანტილიბერალური მასის აგრესიული ქმედება და სასულიერო პირების მიერ ამბიონიდან გაკეთებული განცხადებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ განცხადებებით გაღიზიანებული ჯგუფის გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის: მან უნდა იცოდეს, ვის გაუწიოს ანგარიში.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკავება, 17 მაისს გამოვლენილი უუნარობის შემდეგ, ხელისუფლებას ძალის დემონსტრირების კარგ საშუალებას აძლევს. ამასთან, ეს საზოგადოებასა და კოალიციაში მხარდამჭერების განაწყენებული ნაწილის კონსოლიდაციისთვისაც გამოდგება. ქართულ ოცნებას კი ეს სჭირდება, თუ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გავითვალისწინებთ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის პირველობას პოლიტიკურ რეიტინგებში, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი, განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი გიორგი მარგველაშვილი, დღევანდელ კაბინეტში ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული მინისტრია – აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტის კვლევის თანახმად, მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად რესპონდენტების 29% აფასებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სხვა მინისტრების რეიტინგს. ეს, თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების შანსებს ამაღლებს.

მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა 10%-საც ვერ აიღებს, დამოუკიდებელი კანდიდატების არსებობის შემთხვევაში კი, არჩევნებში ბოლო ადგილს დაიკავებს.
ამასთან, შუალედურმა არჩევნებში, ნაძალადევის ოლქში, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის პარალელურად, ქართული ოცნების კანდიდატმა 40%-ზე ნაკლები აიღო.

შესაბამისად, ქართული ოცნება არ არის დაზღვეული, რომ ანტილიბერალურად განწყობილი ამომრჩევლის ხმებს სხვა კანდიდატი მიიღებს, სახელისუფლებო კანდიდატს კი პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მეორე ტურში მოუწევს. ასეთ სიტუაციაში მმართველ პარტიას სჭირდება, გაანეიტრალოს ელექტორატის ამ ნაწილის გაუცხოება.

ამ მიზნის მისაღწევად ვანო მერაბიშვილის დაკავება არცთუ შეუფერებელი სვლაა. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, საზოგადოების სწორედ ამ ნაწილის წარმომადგენლებმა გამართეს ყრილობა ლოზუნგით „რეჟიმი უნდა გასამართლდეს".

მომხდარის კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობენ, ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის ისეთი ატმოსფეროს შექმნაა, სადაც მათი გადაბირება უფრო მარტივი იქნება. ქართულ ოცნებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას სამი ხმა აშორებს. მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ თვის ბოლომდე საკონსტიტუციო კომისიის შექმნას გეგმავენ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, შესაძლოა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების ინიცირებაც მოხდეს. კონკრეტულად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო კვორუმი განიხილება: ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კვორუმი კვლავ დეპუტატთა 2/3 (100 დეპუტატი) უნდა დარჩეს, ნაცვლად 3/4-ისა (113 დეპუტატი), როგორც ეს ახალი კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. კიდევ ერთი საკითხი პრემიერმინისტრის და პარლამენტის უფლებამოსილებების გადანაწილებაა.

შესაბამისად, შიშის ფაქტორი დამატებითი სამი ხმის მოპოვებისთვის, შესაძლოა, კარგი ნიადაგი აღმოჩნდეს.

უფრო ფართო კონტექსტში, შეცდომა იქნება, თუ მერაბიშვილის დაკავებას „სამართლიანობის აღდგენის" დეკლარირებული პროცესის ნაწილად არ განვიხილავთ. პროცესის, რომლის პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმას ხელს უწყობდა ივანიშვილის განცხადებები ოპოზიციის აზროვნების გარდაქმნაზე, რიტორიკის გადაწყობასა და ამასთან კორელაციაში მყოფ „პროკურატურასთან მდგარ რიგებზე".

ხელისუფლების კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ უკრაინასთან პარალელებზე. უკრაინაში, სადაც იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტები „სამართლიანობის აღდგენის" ეგიდით დააპატიმრეს, პრობლემები სწორედ ევროკავშირის მხრიდან სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესების მოთხოვნით დაიწყო. შედეგად, ევროკავშირთან ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, შეჩერდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინისთვის 15-მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ, NATO-სთან ინტეგრაციის საკითხი კი საერთოდ დღის წესრიგიდან მოიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან გაყინული ურთიერთობა მას შემდეგ დაიძრა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, იური ლუცენკო, პატიმრობიდან გაათავისუფლა – ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტამდე, სადაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ახალი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, მან უკრაინაში მისია გაახანგრძლივა და სექტემბრამდე დაკვირვებას განაგრძობს.

გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებისა, მერაბიშვილის დაკავების ნეგატიური ეფექტი ქვეყანაში არსებული კლიმატის დამძიმებაც შეიძლება აღმოჩნდეს. მძიმე კლიმატს კი თავისი გამოვლინებები უკვე ჰქონდა – სექსუალური უმცირესობის დევნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და ერთ-ერთ რესტორანში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ცემა იმ მოვლენათა ნაწილია, რომელიც მხოლოდ გასულ თვეში მოხდა.

კომენტარები