დასუფთავების გადასახადი

მერიის პროექტის თანახმად, დასუფთავების გადასახადი სულზე ორ-ნახევარი ლარია

Wikipedia

თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი პროექტის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარი და 50 თეთრი იქნება. როგორც ინტერპრესნიუსს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი აბესაძემ განუცხადა, 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველებისთვის ტარიფი ორი ლარი იქნება.

აბესაძის განმარტებით, კანონის თანახმად, მოსაკრებლის ოდენობა გაწეული მომსახურების ხარჯებს უნდა ფარავდეს. კანონით დაწესებული ზედა ზღვარი, 3 ლარი კი, თბილისში მომსახურების ხარჯებს არ ფარავს. თუმცა, აბესაძე ამბობს, რომ პარლამენტთან მიღწეულია შეთანხმება, რომელიც მომსახურებას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლებს. "თუ 2,50 ლარს დავაწესებთ გადასახადს, მაინც საჭირო იქნება 15 მილიონიანი სუბსიდია. შევთანხმდით სიტყვიერად, რომ დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში, გადასახადი იქნება 2,50 ლარი, რათა მოსახლეობისათვის მოსაკრებლის მნიშვნელოვნად გაძვირება არ მოხდეს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ ინტერპრესნიუსთან.

აბესაძე აცხადებს, რომ პარლამენტი შესაბამის პროცედურებზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. საკრებულოს უმცირესობაში შემავალი ფრაქციები დასუფთავების მოსაკრებლად 1,50 ლარის განსაზღვრას უჭერენ მხარს. დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით კენჭისყრა საკრებულოში 31 მაისს გაიმართება.

კომენტარები