საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავითს საგანელიძემ დეპუტატებს სიახლის შესახებ ამცნო - დეპუტატებს თბილისსა და ქუთაისს შორის გადაადგილება თვითმფრინავითაც შეეძლებათ.
საგანელიძე აცხადებს, რომ მან ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება აწარმოა, რის შედეგადაც შეჯერდა პოზიცია - დეპუტატებს ქუთაისში გადაფრენა დილის 10 საათზე, ხოლო თბილისში დაბრუნება საღამოს 9 საათზე შეეძლებათ.
"თვითმფრინავს 20 წუთი დასჭირდება იმისათვის, რომ თბილისიდან ქუთაისში გადმოფრინდეს, აღნიშნული რეისი 3 ივნისიდან ინიშნება და ბილეთის ფასი 89 ლარი იქნება, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ დეპუტატებისათვის სპეციალური შეღავათი გაკეთდება და 44 ლარად ამგზავრებენ", - განაცხადა საგანელიძემ.
დეპუტატების გარდა, თვითმფრინავით პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც იმგზავრებენ.