ჟან კლოდ მინიონი

მინიონი: შეშფოთებულები ვართ საქართველოში განხორციელებული დაკავებების სერიით

epochtimes-romania.com

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჟან კლოდ მინიონი, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს სახელით შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ მინიონმა ჟურნალისტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინიონი იმედს გამოთქვამს, რომ მათთან დაკავშირებული საქმეები სამართლიან და ობიექტურ გარემოში წარიმართება.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დაკავებების სერიით, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბუნებრივია, ჩვენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ამ ადამიანების მისამართით არსებობს ბრალდებები, გვსურს ეს პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ყველა ადამიანის მიმართ მოქმედებს ის. შესაბამისად, შეწუხებული ვართ იმ დაკავებებით, რომელიც ხორციელდება ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა რამდენიმე ხანში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. გვსურს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს და არ გვინდა ამ საკითხზე შენიშვნები გაჩნდეს. ჩვენ მივესალმეთ საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს და მივესალმებით იმას, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საღამოსვე აღიარა, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მივესალმეთ იმასაც, რომ ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება", - განაცხადა ჟან კლოდ მინიონმა. 

კომენტარები