მინიონის ვიზიტი

ფანჯიკიძე: საქართველო ევროსაბჭოს მუშაობის ჩიხში შეყვანას არ ეცდება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან კლოდ მინიონს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. 


"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ახალ მიდგომაზე ევროპის საბჭოს მუშაობის მიმართ. მე აღვნიშნე, რომ ჩვენი მიდგომა იქნება კონსტრუქციული და საქართველო არასოდეს არ ეცდება ევროპის საბჭოს მუშაობა შეიყვანოს ჩიხში, რადგან ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული მიდგომით უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, წარმოუდგენელია დღეს გვქონდეს შეხვედრა ვინმესთან, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან და არ ისაუბრო იმის შესახებ, რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მე მას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და გარდა ამისა, გადავეცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზი და ასევე ჩვენი განცხადებები, ვუამბე იმ დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა და მომავალშიც გადადგამს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

ფანჯიკიძის თქმით, მინიონის მთავარი მიზანი გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებაა, რადგან ამით ევროსაბჭოა დაინტერესებული. 

"მან აღნიშნა, რომ ძალიან არის შეშფოთებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და გამოთქვა უკმაყოფილება, რომ არ არსებობს საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც გააკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ჟან კლოდ მინიონმა მას ასევე უამბო თავისი მოგზაურობის შესახებ აზერბაიაჯანში და ამცნო, რომ სომხეთში გაემგზავრება.

კომენტარები