TI-საქართველო

TI-საქართველო უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

0 კომენტარი
ფოტო: pickisyours.blogspot.com

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო პრემიერმინისტრს, შს და იუსტიციის მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს. ორგანიზაცია ფარული თვალთვალის პრობლემაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიათა სერვერებში დღემდე რჩება ე.წ. შავი ყუთები, რაც სახელმწიფოს შეუზღუდავად აძლევს მოქალაქეთა მოსმენის საშუალებას. ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს ერთდროულად 21,000 მობილურის ნომრის მოსმენა შეუძლია. 

"ბოლო რამდენიმე წელია, მთავრობის მიერ ფარული თვალთვალის წარმოება ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ კვლევაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის მოხსენებებშიც აისახა. უკონტროლო სისტემატური თვალთვალი და მიყურადება მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ეს კი ის პრინციპებია, რომლებზეც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო არის დაფუძნებული. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული აღნიშნული ქმედებები სერიოზული კონტროლის საგანი უნდა იყოს.ჩვენთვის ცნობილია, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობები - ე.წ. შავი ყუთები, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეების საკომუნიკაციო მონაცემებზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ. რაც მნიშვნელოვანია, ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ მომხდარა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შავი ყუთები მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე ახლაც არის განთავსებული. სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს ერთდროულად 21,000 მობილური ნომრის მოსმენა შეუძლიათ. ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურიდან დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოს მისთვის კუთვნილი შავი ყუთები და მობილურ ოპერატორებთან ურთიერთობა კანონიერ ჩარჩოში ჩასვას. სასამართლოს ზედამხედველობის არარსებობა და სამართალდამცავი ორგანოებისა და სადაზვერვო სამსახურების ანგარიშვალდებულების დაბალი დონე ქმნის იმის დიდ საშიშროებას, რომ საკომუნიკაციო მონაცემებზე პირდაპირი წვდომისას ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და რომ ადგილი აქვს ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესის წარმომადგენლების საქმიანობისა და კომუნიკაციების მონიტორინგს", - ნათქვამია წერილში. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთავრობამ წინასაარჩევნო პირობა უნდა შეასრულოს და არ დაუშვას მობილური ტელეფონების უკონტროლო მოსმენა. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები