კანონპროექტი

ახალი კანონპროექტი უცხოელებისთვის მიწის საკუთრების შეჩერებას ითვალისწინებს

parliament.ge

პარლამენტში "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ინიცირდა, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის, მიწებზე საკუთრების უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

კანონპროექტების ავტორები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი. მათი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა და სუვერენიტეტი.

"ამ მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოპოვების უფლება დროებით იზღუდება, ვიდრე ამ მიმართულებით სახელმწიფოს მკაფიო სტრატეგია არ ჩამოყალიბდება", - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.

პროექტის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება ჩერდება, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება "უცხოელის საკუთრებაში უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე". 

პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა, მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება. ამავე ვადაში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე".

კომენტარები