17 მაისის მოვლენები

ქორეპისკოპოსი: ეკლესიას დიდი მხარდაჭერა აქვს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება სუსტია

wikipedia.org

ტელეკომპანია იმედის გადაცემა "მთავარ ფაქტორში" კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობ იაკობაშვილმა, 17 მაისის მოვლენები შეაფასა. მეუფე იაკობის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ:

"როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, ძალიან საეჭვოდ და ძალიან სასწრაფოდ წამოვიდა განცხადებები როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის წინააღმდეგ. უშუალოდ კონკრეტული ადამიანებიც სახელდებოდნენ, ვთქვათ, პატრიარქზე მოდიოდა დიდი დარტყმა. ჩემზე თუ მოვა დარტყმა, არაფერია, მაგრამ უწმინდესზე წამოვიდა დიდი დარტყმა და ასევე წამოვიდა ხელისუფლების გარკვეულ წევრებზე. ცდილობდნენ წარმოეჩინათ ეკლესია ისე, თითქოს რაღაც ბრბო ვართ, ვიღაცას მივუვარდით, დავარბიეთ და საზოგადოების რაღაც ნაწილი გვასწავლის ზნეობას თუ როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ. შემდეგ ძალიან საეჭვო იყო უცხოეთის გამოხმაურებაც, იმიტომ რომ შვეციაში რამდენი დღეა საშინელი რაღაცები ხდება, ვთქვათ, დაწვეს პოლიციის შენობები, დაწვეს ბიბლიოთეკა, იცით ეს მოვლენები და არავითარი რეაქცია არ კეთდება როგორც საქართველოს 17 მაისის ამ მოვლენებზე. ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ კონკრეტულ ინსტიტუტებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონკრეტულ პიროვნებებზე და ეკლესიაზე, როგორც ავტორიტეტზე, მიეტანათ იერიში.

ჩვენ ქვეყანაში ავტორიტეტებს რამდენი ხანია ებრძოდნენ და მადლობა ღმერთს, რაც შეიცვალა ხელისუფლება, აღარ იყო დევნა ავტორიტეტების, და დღეს თუ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, ეს ეკლესიის ბრალი არ არის, ეკლესიას იმიტომ აქვს დიდი მხარდაჭერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი. და მართლაც, აი შევხედოთ, ის საზოგადოება, რომელსაც წინა ხელისუფლება გვთავაზობდა, კონკრეტულ პიროვნებებს არ ჩამოვთვლი, მთავარი მოთხოვნა იმათი რა არის - ვიღაცა დაიჭირონ, ვიღაცა დააკავონ, ან რაღაც ისეთ რაღაცას იცავენ, რაც აქტუალური არ არის ხოლმე ქვეყნისთვის. ანუ ვერ შექმნეს ის ინტელიგენცია, რომელიც უპასუხებდა ხალხის გულისტკივილს, რომ მივიდოდა ისეთი ადამიანი მასთან, ჩვენი ბრალი არ არის თუ ჩვენთან მოდიან, ჩვენ მომხრე ვართ იმისი, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას, ეს ყველამ იცოდეს.

კვირაზე მეტი, თითქმის 8 დღე, რაც მე ვუყურე, მიდიოდა ეკლესიის ლანძღვა-გინება, მიზანმიმართულად. ეკლესიას ხმა არ ამოგვიღია, თავის გასამართლებლად, გასამართლებელი არც არაფერი არ გვქონდა. როცა ეს მოხდა, ჩვენ ვთხოვეთ აქციის მონაწილეებს, რამდენიმეჯერ, როცა შევხედეთ სიტუაცია როგორი იყო, ეს არ იყო ჩვენგან მართული არც მეორე მხარეს, მამები და პირადად მე იმიტომ ვიყავით, რომ აგვერიდებინა, ის ცუდი, რა ჩანაფიქრიც იყო, ხომ ვნახეთ როგორი მომზადებული დახვდნენ ჟურნალისტებიც, ტელევიზიებიც და უცხოეთიც, ეს მარტო ჩემი სუბიექტური აზრი არ არის, გავაკეთეთ ანალიზი, ბევრ ადამიანთან ვისაუბრეთ, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ადამიანებთანაც და რაღაც ისეთი სურათი იქმნება, რომ უფრო ცუდის მოლოდინი ქონდათ, უბრალოდ ასე არ მოხდა, იმიტომ რომ უფრო ადრე დაიწყო ის ცუდი, ვიდრე ისინი დაიწყებდნენ რაღაც ცუდის გაკეთებას. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სისხლით უნდა დამთავრებულიყო, იქ ბოლოში გამოჩნდნენ ნიღბებიანი ადამიანები, ხელში არათუ ჯოხები, არამედ ე.წ. არმატურები ეჭირათ, ის არ იყვნენ ჩვენი მომხრეები.

და მინდა გითხრათ, რომ მრევლი იმ ადამიანთა რაოდენობაში იყო შედარებით ნაკლები, შეიძლება 20%-იც არ ყოფილიყო. ეს იყო ის საზოგადოება, რომელსაც 9 წლის მანძილზე დაგროვილი სამწუხაროდ ბოღმა ქონდა. ეს ცუდია, როცა გულში იხვევ რაღაცას, მერე ეს თავისთავად ძალიან ხელს უწყობს ძალადობას. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მაინც ბრბოდ არ იქცა ეს ხალხი, ის ვინც ცუდად მოიქცა, ვთქვათ, თუ სასულიერო პირი იქნება, მივხედავთ, კანონითაც მიეხედებათ. ჩვენ ხელი არავისთვის დაგვიფარებია. მათ შორის ჩემზეც, მოთხოვნები ქონდათ კონკრეტულ პირებს, თუ დაასაბუთებენ და მეკუთვნის, მეც პრობლემა არ მაქვს, რომ თუნდაც მივცე ძიებას საშუალება იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ. თან მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში დაიწყეს, გუშინწინ გავეცანი სხვადასხვა გამოცემებს, და ჩემზე ისიც კი მიუთითეს ებრაელი არისო. ანტისემიტური გამოხტომებიც დაიწყეს, იმ საზოგადოებამ, რომელიც თვითონ სამოქალაქო საზოგადოებას ეძახის საკუთარ თავს, აი ასე გვებრძვიან. ეს სამარცხვინოა უბრალოდ, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ ჩვენთან ამ ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ეს ეჭვი აღარ ექნებათ ეკლესიასთან ახლოს ყოფნაში. ეკლესია მერწმუნეთ არაფერს არ წააგებს, ეკლესიაც მოიგებს და ქვეყანაც მოიგებს და ამ ზედმეტ კითხვებსაც ალბათ აღარ დასვამდნენ. მე თვითონ ძალადობა იქ არ მინახავს, ჩვენ ვიცავდით და რომ ვიცავდით, გეუბნებით, ხალხი ამბობდა, ხელებშიც მოგვხვდა, თქვენც იმათ მხარეს ხართო?" - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიას სხვა საშუალება ორგანიზატორებმა არ დაუტოვეს. მისი თქმით, ეკლესიას ვერავინ ვერაფერს დააკლებს, მაგრამ სახელმწიფოს იმიჯს შესაძლოა ზიანი მიაყენონ:

"სხვა საშუალება არ დაგვიტოვა იმ მხარემ, იმათზე არ ვლაპარაკობ, ვინც აქციას მართავდა, არამედ ორგანიზატორებმა, ეს კარგად ვიცით ყველამ, და სირცხვილია, როცა ქვეყანას, კარგი ეკლესიას რას დაგვაკლებენ, ამდენი წელია ებრძვიან და ვერაფერს უკეთებენ, სახელმწიფოს სახე არ შებღალონ ხოლმე უცხოეთში, იმიტომ რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, აქ არავის არ დევნიან, მით უმეტეს უმცირესობად და იმად არ ვყოფთ არავის, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრია, მას აქვს თავისუფალი არჩევანი, მაგრამ ჩვენი ვალია ცოდვას ცოდვა დავარქვათ და ვერ შევეგუებით ცოდვის პროპაგანდას", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა. 

 

კომენტარები