პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: არ შედის ეს ახლა რუსეთის ინტერესებში

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრმა, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, სოფელ დიცში საზღვრის გადმოწევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლებელია აღნიშნული საკითხი გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრაზე გაირკვეს. პრემიერის თქმით, მას ეს გაუგებრობა ჰგონია. "მე ხშირად ვიმეორებ და მე ხშირად სწორი ანალიზი გავაკეთე და რატომ არ მჯერა, არ შედის ეს ახლა რუსეთის ინტერესებში", - აღნიშნა პრემიერმა. 

"რაც შეეხება მავთულხლართების გაბმის საკითხს, ჩვენ ყველა დონეზე გავაკეთეთ განცხადებები. საკმაოდ სწრაფი განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა უწყებებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მე უფრო ზომიერად ვეკიდები ამ საკითხს. მე უფრო მგონია, რომ გაუგებრობა უფრო მეტია, ვიდრე კრემლის ცენტრიდან მართული პოლიტიკა, თუმცა ამის მტკიცებულებები არ გამაჩნია. დაველოდოთ მოვლენებს, თუმცა ის მინიმუმი, რაც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. პარლამენტშიც თემა აიწია, განხილვა მიდის, განცხადებები კეთდება. ისტერიკებში ნუ წავალთ და ნუ გადავვარდებით, რადგან ის სტრატეგია, რაც ჩვენ ავიღეთ და რაც გვაქვს, რისიც მე მჯერა და სხვა გზა არ არსებობს, რომ დიპლომატიით და მოლაპარაკებებით უნდა მოვახერხოთ დალაგება. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს, ამას გავაკეთებთ, თუმცა ეს იოლი საქმე არაა. როცა ოპოზიციაში ვიყავი, არც მაშინ ვაიოლებდი ამ პროცესს, მაგრამ აუცილებლად დავალაგებთ და არც განუსაზღვრელი დრო დასჭირდება", - დასძინა პრემიერმა. 

"უნდა მოვითმინოთ და ყველაფერი გაირკვევა. უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები. ეს არაა იოლი საქმე, მაგრამ ამას არც განუსაზღვრელი დრო დასჭირდება. უშუალოდ დიცში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კი, 5 ივნისისთვის შეიძლება გაირკვეს ყველაფერი, როცა ჩემი სპეციალური წარმომადგენელი პუტინის წარმომადგენელს შეხვდება, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ გაუგებრობაა... შეიძლება რაღაც პროვოკაციაც იყოს. თანაც არ დაგვავიწყდეთ, არცერთი სახელმწიფო მკაცრად ვერტიკალით არ იმართება,  არ გამორიცხოთ, რომ იქაც რაღაც ძალებია და შეიძლება არც კი მოსწონდეს ეს პროცესები... შესაძლებელია რაღაც ძალები რაღაც გავლენას ახდენენ და არ მოსწონს ვიღაცას, რომ  ურთიერთობების დალაგების პროცესი შესაძლებელია დაიწყოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

კომენტარები