17 მაისის აქცია

მამა ანთიმოზი: 17 მაისის კონტრაქციის ორგანიზატორი ალბათ იესო ქრისტე იყო

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

17 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში მონაწილე სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს ჩაინიშნა.

ბრალდებული სასულიერო პირების საკითხი დღეს საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელმაც საქმის სრულად შესასწავლად და მოწმეების დასაკითხად თვე-ნახევარი ითხოვა.

არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. იღუმენ ანთიმოზ ბიჩინაშვილის განცხადებით, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია სპონტანურად დაიგეგმა:

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ორგანიზატორობაში მედავებიან და ორგანიზატორი მე არ ვყოფილვარ, უწმინდესი და უნეტარესი იმ დღეს თურქეთში ბრძანდებოდა და ესე, სპონტანურად დაიგეგმა და ღვთის ნება იყო ყველაფერი, ორგანიზატორი ალბათ იესო ქრისტე იყო", - ამბობს ანთიმოზ ბიჩინაშვილი.

17 მაისის ინციდენტში მონაწილე მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი შსს-მ 23 მაისს წაუყენა. სასულიერო პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა), რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები