ოკუპირებული ტერიტორიები

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა

radiotavisupleba.ge


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა.

ქართული მხარის განცხადებით, შეხვედრამ არცთუ ისე მშვიდ გარემოში ჩაიარა. განხილვის მთავარი საგანი კი საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმის პროცესი და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება იყო.

"ქართულმა მხარემ ძალიან ღრმად გააკრიტიკა, წარმოადგინა კონკრეტული ფოტომასალა, სურათები და ა.შ., სადაც ფიქსირდებიან რუსი მესაზღვრეები, არა მარტო ზოგადად ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა ზონებში, არამედ კონკრეტულად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ჩვენ ვერ მოვისმინეთ რაიმე ლეგიტიმური არგუმენტი როგორც ოსური, ისე რუსული მხარისგან, ისინი აცხადებენ, რომ დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლობასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. საზღვრის დაცვას, რაც, რა თქმა უნდა, ყოველგვარ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, შეთანხმებებს არის მოკლებული", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ.

თავის მხრივ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ხოხ გაგლოევი ამბობს, რომ ქართულ მხარეს მავთულხლართების შესახებ საკითხი არ დაუსვამს:
"იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში დაკავებების რიცხვმა იმატა, თუმცა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული მხრიდან არაინფორმირებულობა იყო. მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს ქართული მხარის მიერ გადაჭარბებულია ბრალდება, თითქოს სახელმწიფო საზღვარმა სამასი მეტრით გადაიწია. ეს თემა დღევანდელ შეხვედრაზე საერთოდ არ წამოჭრილა", - განუცხადა ჟურნალისტებს ხოხ გაგლოევმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ "ყველაფერი დამოკიდებულია ინტერპრეტაციაზე".
"რაც ერთი მხარისთვის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს, მეორესთვის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლია. ყველაფერი დამოკიდებულია ინტერპრეტაციაზე. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, პრობლემებზე, რაც შეეხება საზღვრების თემას, მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს საკითხი დამოკიდებულია, თუ როგორ იქნება ინტერპრეტირებული", - განაცხადა ანჯეი ტიჩკევიჩმა.

ერგნეთში შეხვედრის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ორი პირი, მამა-შვილი ხადურები გაიტაცეს.

 

კომენტარები