მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

2 ივნისს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

ხვალ, 2 ივნისს, 4 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

აქციის მიზანია:

1. პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია.

2. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

3. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მარიხუანას მოხმარებისთვის გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარების გამო.

ორგანიზატორები აქციის თითოეულ მონაწილეს სთხოვენ დაიცვან საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომლებიც შესაძლებელია განხილული იქნას მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციად.

”სასურველია ჩაიცვათ მწვანე ფერის ტანსაცმელი, გქონდეთ მწვანე დეტალი სამოსში ან მწვანე ფერის ნივთი ან აქსესუარი. გთხოვთ დაამზადოთ და აქციაზე მოიტანოთ პლაკატები და ტრანსპარანტები, რომლებზეც ასახული იქნება ჩვენი აქციის მოთხოვნები. 4:20 საათზე მოხდება დროის ათვლა და ყველანი ერთად სიმბოლურად გავუშვებთ ქაღალდის თვითმფრინავებს. თვითმფრინავები შეგიძლიათ დაამზადოთ თავად და მოიტანოთ ან გამოიყენოთ ფოტოზე გამოსახული ფლაერები, რომლებიც დაგირიგდებათ ადგილზე.” - ნათქვამია facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაში

facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 12 ათასზე მეტმა ადამიანმა დაადასტურა, რომ აქციაზე მისვლას გეგმავს.

 

კომენტარები