თურქეთი

მესამე დღეა თურქეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

Murad Sezer / Reuters

მესამე დღეა თურქეთში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერმინისტრის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ.

აქცია სტამბოლის ცენტრალური პარკის (გეზის პარკი) კომერციული განვითარების პროექტის საწინააღმდეგოდ დაიწყო თუმცა, მალევე სამართალდამცავებთან კონფრონტაციაში გადაიზარდა. ტაქსიმის მოედანი დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. BBC-ის ცნობით, დაპირისპირების შედეგად 26 პოლიციელი და 53 სამოქალაქო პირია დაშავებული, 900-ზე მეტი მოქალაქე კი დაკავებულია.

სტამბულის აქციის სოლიდარობის ნიშნად აქცია იმართება თურქეთის დედაქალაქშიც - ანკარაში. პარალელურად ანტისამთავრობო გამოსვლები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაიწყო.

თურქეთის პრემიერმინისტრი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აღიარებს, რომ პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

"სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოების ძალების ქმედებაში იყო შეცდომები, განსაკუთრებით ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემთხვევაში. მინისტრთა კაბინეტი ამ საკითხს სწავლობს", - აღნიშნა ერდოღანმა.

 

კომენტარები