უკრაინა

უკრაინა - თამაში წესებთან და არა წესებით

ავთო ქორიძე
0 კომენტარი

„უკრაინა ცდილობს ითამაშოს წესებთან და არა წესებით", – ასე ახსნა უკრაინის ბოლოდროინდელი პოლიტიკა ხავიერ სოლანამ. სწორედ ამის მაგალითია უკრაინის პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი იური ლუცენკოს შეწყალება. იანუკოვიჩი ცდილობს ევროკავშირს აჩვენოს, რომ ის დემოკრატიული წესებით თამაშობს, სინამდვილეში კი ქვეყანაში პოლიტიკური წესების შეცვლას ფიქრობს.

30 აპრილს ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდა. ტიმოშენკოს თქმით, ევროსასამართლომ ის პოლიტპატიმრად აღიარა. ყოფილი პრემიერმინისტრის საქმე ევროკავშირ-უკრაინის მოლაპარაკებების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლება.

18 აპრილს ევროპარლამენტმა უკრაინაში ევროკავშირის მისია სექტემბრამდე გაახანგრძლივა. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრ კვასნევსკისა და ევროპარლამენტარის პეტ კოკსის სპეციალური ჯგუფი ევროკავშირის სახელით უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას განაგრძობს. როგორც გადაწყდა, ევროკავშირი უკრაინას ვიზის გამარტივებაზე ხელშეკრულებასაც გაუფორმებს.

ეს იყო პასუხი უკრაინის პრეზიდენტის მიერ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს გათავისუფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლების მომენტში ევროკავშირის წარმომადგენლები იანუკოვიჩისგან უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ, აღმოსავლეთ პარტიონორობის ფარგლებში უკრაინის ევროკავშირთან მოლაპარაკება, რომელშიც საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანიც არიან ჩართულები, ამ დროისთვის გადარჩენილია.

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ფოტო: Reuters
ასოციაციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი ახალი ნაბიჯების გადადგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე აპირებს. მანამდე კი ევროკავშირი უკრაინას სავარაუდოდ ძველ პირობებს შეახსენებს და იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას მოსთხოვს. ტიმოშენკოს გასამართლების შეჩერება უკვე მოითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. მისი თქმით, ტიმოშენკოს გასამართლების შეჩერება ევროკავშირთან უკრაინის დაახლოებას დააჩქარებს. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ძალის დოკუმენტია, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში უკრაინას და სხვა პარტნიორებს გარკვეული ვალდებულებების აღება და მათი შესრულება მოუწევთ.

ლუცენკოს საქმე, ტიმოშენკოს საქმესთან ერთად, უკრაინაში დემოკრატიის უკანდახევის ერთ-ერთ მაგალითად ითვლება. ლუცენკოსა და ტიმოშენკოს დაკავება, იანუკოვიჩის თქმით, სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა. პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების საპასუხოდ, ევროკავშირმა უკრაინასთან ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გადადო. ასევე შეჩერდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინისთვის 15-მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებაც.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ომბუდსმენის თხოვნის საფუძველზე „დროულად" შეიწყალა ლუცენკო და ამით ევროკავშირთან მოლაპარაკება იხსნა.

შერჩევითი სამართალი კრიტიკის მთავარი საგანია იანუკოვიჩის უკრაინაში. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ევროკავშირის წარმომადგენლები იმედით შეხვდნენ. არჩევნების გზით ძალაუფლების გადაბარება უკრაინული დემოკრატიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოცდად მიიჩნეოდა და მისი წარმატებით ჩაბარება ბევრისთვის ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების მიზეზიც იყო. თუმცა სიტყვათშეთანხმება „უკრაინული დემოკრატია" სულ უფრო იშვიათად ჩნდება ევროკავშირის ლექსიკონში. არჩევნების შემდეგ მალევე აშკარა გახდა, რომ ისედაც მყიფე უკრაინული დემოკრატია სულ უფრო კარგავდა დასავლური მმართველობის სახეს.

ყველაფერი, ერთი შეხედვით, პოსტკომუნისტური სივრცისთვის ნაცნობი სცენარით ვითარდება. ამომრჩეველი დაგვიანებული ფერადი რევოლუციის იდეებით განხიბლულია და ხმას რევოლუციის ბელადთან დაპირისპირებულ ძალას აძლევს. ასეთ ტენდენციას პოსტსაბჭოთა სივრცეშიც და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაშიც ვხვდებით.

თუმცა, განსხვავებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისაგან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რევოლუციის ლიდერით უკმაყოფილების ფონზე არჩეული ლიდერები ძველი ხელისუფლების წევრების დაკავებას შეუდგნენ. დემოკრატიული კულტურის ნაკლებობამ ამ ქვეყნებში ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შემდეგ, დემოკრატიის კონსოლიდაციის ნაცვლად, მისი ეროზია გამოიწვია.

პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიული არჩევნებით აირჩია ლიდერი, ბელარუსი იყო. არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში ალექსანდრ ლუკაშენკო მოვიდა და ჯერჯერობით ეს ბოლო თავისუფალი არჩევნები იყო ბელარუსის ისტორიაში.

ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მსგავსად მიმდინარეობს პროცესები მეზობელ უკრაინაშიც. ნარინჯისფერი რევოლუციით უკმაყოფილო ამომრჩეველმა სათავეში იანუკოვიჩი მოიყვანა. ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარების შემდეგ, დემოკრატიის განვითარების ნაცვლად, აქაც ეროზია დაიწყო და მომდევნო არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში ბევრს ეჭვი ეპარება.

უკრაინამ დემოკრატიის თითქმის ყველა მაჩვენებელში უკან დაიწია. ქვეყანაში მედიის მდგომარეობა გაუარესდა – ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე უკვე 2010 წელს ცენზურის შესახებ საუბრობდა. 2010 წლის დეკემბერშივე საჯარო სექტორიდან დაითხოვეს მოხელეების დიდი ნაწილი – იანუკოვიჩის თქმით, ადმინისტრაციული რეფორმა უკრაინის მოდერნიზაციის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

იულია ტიმოშენკო სასამართლო პროცესზე ფოტო: Reuters
ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, მან უკრაინის კონსტიტუციით უკმაყოფილება გამოთქვა და შექმნა კონსტიტუციური ასამბლეა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და რომელიც კონსტიტუციის „გასწორებას" ეცდება. დაიწყო საუბარი პრეზიდენტის ნათესავებისა და მეგობრების დაწინაურების შესახებაც.

იანუკოვიჩი რამდენიმე მიმართულებით ცდილობს უკრაინის პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლას. პირველი გეგმა პარლამენტში ფრაქციების დასუსტებას ეხება. 2010 წელს პარლამენტში რეგლამენტი შეიცვალა და ახალი წესებით, ცალკეულ პარლამენტარებს საპარლამენტო კოალიციაში გაწევრიანების საშუალება მიეცათ. აქამდე ეს მხოლოდ ფრაქციებს შეეძლოთ.

იმავე წელს უკრაინის კონსტიტუციურმა სასამართლომ გააუქმა 2004-ში მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები და ამჟამად ქვეყნის უმაღლეს კანონს 1996 წლის კონსტიტუცია წარმოადგენს. 2004 წლის კონსტიტუციური რეფორმით უკრაინა საფრანგეთის შერეულ მოდელს მიუახლოვდა. 1996 წლის კონსტიტუცია კი პოსტსაბჭოთა, სუპერსაპრეზიდენტო მოდელია. შესაბამისად, იანუკოვიჩის ძალაუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მკვეთრად გაიზარდა.
მმართველმა გუნდმა უკვე სამჯერ შეცვალა არჩევნების თარიღი: 2010 წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების არჩევნები მაისიდან ოქტომბრამდე გადასწია, საპარლამენტო არჩევნები 2011-დან 2012 წელს გადაიტანა, კიევის მერის არჩევნები კი 2012 წლიდან 2015-ში.

შეიცვალა პარლამენტის არჩევნების სისტემა: თუ აქამდე პარლამენტი მთლიანად პროპორციული სისტემით აირჩეოდა, 2012 წლის არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტება შერეულად მოხდა: პარლამენტარების ნახევრის დაკომპლექტება პროპორციული სისტემით, მეორე ნახევრის კი – მაჟორიტარულით.

პარლამენტის დაკომპლექტების მხრივ იანუკოვიჩი რადიკალურ ცვლილებას გეგმავს. წელს რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც უკრაინის პარლამენტი მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავა. რეფერენდუმი იანუკოვიჩის მმართველობაზე მოსახლეობის აზრის დაფიქსირების ტოლფასია და მასში გამარჯვება, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, პრეზიდენტს მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

ამ რეფერენდუმის მიხედვით აგრეთვე შეიცვლება საპრეზიდენტო არჩევნების სისტემაც: თუ აქამდე გამარჯვებისთვის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა იყო საჭირო და, შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურის ვინაობის გასარკვევად, როგორც წესი, მეორე ტური იმართებოდა, ახალი წესის მიხედვით, პრეზიდენტი გახდება ის, ვინც ხმათა მარტივ უმეტესობას მიიღებს, ანუ, დიდი ალბათობით, იანუკოვიჩს აღარ მოუწევს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატთან მეორე რაუნდში შერკინება. გათვლა იმაზეა, რომ მოქმედი პრეზიდენტის მომხრე აღმოსავლეთუკრაინელები ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანდებიან, ხოლო ოპოზიციური დასავლეთუკრაინელების ხმები რამდენიმე კანდიდატს შორის გაიყოფა.
თუმცა განსაკუთრებით საყურადღებო იანუკოვიჩის მიერ პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებაა, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მთავარი ოპონენტი იულია ტიმოშენკო და მისი მოკავშირეები იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დააკავეს. ბრალდება წაყენებული აქვთ პოლიტიკოსებსაც, მათ შორის – ყოფილ პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ბოგდან დანილიშინს, უკრაინის გაზის კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს იგორ დიდენკოს და სხვებს.

შერჩევითი სამართლის შესახებ ევროკავშირის კრიტიკას იანუკოვიჩმა პოსტსაბჭოთა ლიდერებისთვის დამახასიათებელ სტილში 2011 წლის 4 თებერვალს უპასუხა: „ოპონენტები ძალიან ბევრ ტყუილს ამბობენ და ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოება და უკრაინის რიგითი მოქალაქეები [...] კორუფციის და ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხვდება".

გარდა პოლიტიკური ოპონენტების დევნისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდამავალ პროცესებს შორის, რუსეთის ფაქტორია. აღმოსავლეთ ევროპა დემოკრატიის ტესტის ჩაბარებისთანავე გაემიჯნა რუსეთს, მაშინ როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს პროცესი ჯერ კიდევ რთულად ან საერთოდ არ მიმდინარეობს.

წინასაარჩევნო რიტორიკაში იანუკოვიჩი ხაზს უსვამდა ევროკავშირისკენ უკრაინის სწაფვის მნიშვნელობას. იქვე აღნიშნავდა ხოლმე რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების მნიშვნელობას და უკრაინას ევროკავშირსა და რუსეთს შორის ხიდად წარმოაჩენდა. არჩევნების შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში იყო. მეორე ვიზიტი, მისივე რიტორიკის შესაბამისად, მოსკოვში შედგა, სადაც იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები არასდროს იქნება ისეთი ცუდი, როგორც იუშჩენკოს დროს იყო. იანუკოვიჩმა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ყირიმში რუსეთის სანაოსნო ბაზის 2047 წლამდე დატოვებაც, შეასრულა.

უკრაინელების უმრავლესობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება, რაც დღეს შეიძლება შორეულ ოცნებად ჩანდეს, სამომავლო გეგმაა. ეს იანუკოვიჩმაც იცის. ამ გეგმის მთავარი ნაწილი კი უკრაინისთვის ასოცირების ხელშეკრულებაა, რომელიც წესით ვილნიუსში ნოემბერში უნდა გაფორმდეს.

სკეპტიკოსების დიდი ნაწილი იანუკოვიჩის მთავარ გეგმად უკრაინის რუსეთის ორბიტაზე აშკარა დაბრუნებას ვარაუდობდა, თუმცა პრეზიდენტი არც ისე მეგობრული გამოდგა რუსეთის მიმართ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ის ცდილობს, რუსეთის მზარდი ზეწოლა ევროკავშირით დააბალანსოს და ამით ორივე მხრიდან მოგება ნახოს. რუსეთისთვის ეს ცნობილია, თუმცა მისთვის იანუკოვიჩის „მახეში" გაბმა ძნელია: რუსეთის შეხედულებით, ევროკავშირთან დემოკრატიის დეფიციტის გამო შექმნილი პრობლემები და ხალხში გაჩენილი ფრუსტრაცია ევროკავშირის მიმართ, საბოლოო ჯამში, უკრაინას მაინც მისკენ მიაბრუნებს. მსგავსად განვითარდა ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობებიც. თუმცა ბელარუსის ევროპიდან დაშორება ავტომატურად რუსეთთან დაკავშირების მიზეზი არ გამხდარა.

იანუკოვიჩის ბალანსი ორივე მხარეს მნიშვნელოვან პრობლემებს აჩენს: რუსეთი, მიუხედავად იანუკოვიჩის მიერ მოსკოვისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, ხისტი რჩება და დათმობაზე წასვლას არ აპირებს. უთანხმოების მთავარი საკითხი ორ ქვეყანას შორის გაზის ფასებია. 4 მარტს იანუკოვიჩი მოსკოვს ეწვია და პუტინთან გაზის ფასებზე ისაუბრა. პრემიერმინისტრის, მიკოლა აზაროვის თქმით, უკრაინა მილიარდობით დოლარს წყალში ყრის, რადგან გაზს უფრო ძვირად ყიდულობს რუსეთისგან, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა.

თუმცა რუსეთი დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ის მზად არის, დაელოდოს, თუ რამდენ დათმობაზე წავა უკრაინა გაზის ფასების სანაცვლოდ. პარალელურად, ცდილობს უკრაინაზე შემოვლითი გზებით მიაწოდოს ევროპას გაზი. ამისთვის რუსეთი რამდენიმე მილსადენს აშენებს: ჩრდილოეთის ნაკადი, რომლის გამტარიანობა წელიწადში 22 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, სამხრეთის ნაკადი, რომლის გამტარიანობაა 63 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში და იამალ-ევროპის 2 მილსადენი, რომლის მშენებლობის შესახებაც პუტინმა აპრილის დასაწყისში ისაუბრა და რომლის გამტარიანობაც სავარაუდოდ 33 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ამ დროისთვის რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი გაზის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე გადის, რაც მას, გარკვეულწილად, ამ უკანასკნელზე დამოკიდებულს ხდის. საპასუხოდ, უკრაინამ გაზის ევროპიდან შესყიდვა დაიწყო. 2013 წლის ბოლომდე უკრაინა გერმანიიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იყიდის.

ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების გარეშე უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მიღებაც გაუჭირდება, ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარ იანუკოვიჩს კი მოსკოვთან მისვლა მოუწევს.
უკრაინისთვის მთავარი, რეალური საფრთხე ამ დროისთვის ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებაა და არა მკვეთრად პრორუსული პოლიტიკა. პოლიტიკური ოპონენტების დევნამ და დემოკრატიის ნაკლებობამ უკვე შეაფერხა უკრაინის ასოცირების ხელშეკრულება, თუმცა ევროკავშირი ჯერ კიდევ სიფრთხილით ეკიდება უკრაინის გარიყვას და ცდილობს, მცირე ნაბიჯებიც კი დემოკრატიისკენ დაბრუნებად ჩაუთვალოს. ეს ძალიან ჰგავს ევროკავშირის სტრატეგიას ბელარუსთან მიმართებაში, საბოლოო გარიყვის შიშით, ევროკავშირი სხვადასხვა გზებს ნახულობს, რომ მოლაპარაკებებში ქვეყანა არც წინ წასწიოს და არც მკაცრად დასაჯოს. იანუკოვიჩისთვის ეს მიდგომა სრულიად მისაღებია: ის ვერც დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობას ხედავს და, ამავდროულად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს რუსეთთან სავაჭროდ იყენებს.

იური ლუცენკო

იური ლუცენკო 1991-2006 წლებში სოციალისტურ პარტიაში იყო, 2007 წელს კი სახალხო თავდაცვის პარტია შექმნა. ის ნარინჯისფერ რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა, ხოლო 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია ბლოკ ჩვენი უკრაინა ხალხის კავშირთან ერთად უმრავლესობაში მოხვდა. რევოლუციის შემდეგ ლუცენკო შს მი¬ნის¬ტრის პოს¬ტზე დაინიშნა და ეს თანამდებობა 2010 წლამდე ეკავა. 2010 წელს მან მთავრობა დატოვა, რის შემდეგაც მალევე დააკავეს. დაკავების მომენტში ის გაზეთ სილსკივისტის რედაქტორის მოადგილე იყო.

ყოფილი შს მინისტრი 2010 წლის ნოემბერში სპეცრაზმმა დააკავა. მას ბრალად ედებოდა საკუთარი მძღოლის პოლიციაში დასაქმება, მისი დაწინაურება და სამსახურებრივი პენსიის დანიშვნა. აღნიშნული საქმე ლუცენკომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა და მოიგო კიდეც, თუმცა მის მიმართ მალევე მეორე საქმე აღიძრა. ამ საქმეში ლუცენკოს პრეზიდენტ იუშჩენკოს მოწამვლის საქმეზე ეჭვმიტანილის (საქმის დახურვის შემდეგ) უკანონო თვალთვალში ედებოდა ბრალი. 4 წელთან ერთად ლუცენკოს ქონების ჩამორთმევაც მიესაჯა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები