რელიგია

როცა სიბრიყვე ასე ნავარდობს

მეთექვსმეტე საუკუნეში გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ანაბაპტისტურმა სექტამ დაამყარა თეოკრატიული რეჟიმი, რომელიც მიუნსტერის კომუნის სახელით არის ცნობილი. ამ რეფორმისტულმა მიმდინარეობამ ჩათვალა, რომ „ახალი იერუსალიმის" – მიწიერი სასუფევლის დამყარება შესაძლებელია განდობილთა და წინასწარმეტყველთა ძალისხმევით. სექტამ გააუქმა საკუთრება, ქურდობა მოწყალების აქტად გამოაცხადა და შეუდგა სრულყოფილი საზოგადოების მშენებლობას. ქალაქიდან განდევნეს ყველა არაანაბაპტისტი, დაიწყო ცოდვილთა დევნა და საზოგადოების თეოლოგიური სტერილიზაცია. კოლექტივისტური ქრისტიანული მიმდინარეობა სჯიდა და ასამართლებდა ყველას, ვინც სცოდავდა „სიწმინდის წინააღმდეგ". თეოკრატიული რეჟიმის საშინელება ადვილად წარმოსადგენი გახდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეს, საქართველოს ეკლესიის მრევლმა ჰომოსექსუალთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია დაარბია.

17 მაისს, მართლმადიდებელი იერარქიის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა, სადაც ახალგაზრდები პროტესტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ, ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მისული პირები დაარბია. მასამ პოლიციის კორდონი გაარღვია და კილომეტრებზე სდია სამართალდამცავთა მიერ გარიდებულ მომიტინგეებს. აგრესია და ზიზღი, რომელიც ჰომოსექსუალების მიმართ წინასწარ ორგანიზებულ ჯგუფს ჰქონდა, კუდიანებზე ნადირობას დაემსგავსა. ირაციონალური შიშით, ზიზღითა და მიზნით აღტაცებული მასა დევნიდა საზოგადოებისთვის საშიშ „ალქაჯებს", რათა უზრუნველეყო სამომავლო კეთილდღეობა მათთვის და მათი შვილებისთვის.

მოცემული ჯგუფისთვის ფუნდამენტალისტურის წოდება, ამ ტერმინის ისტორიული მნიშვნელობით, შეუძლებელია. ფუნდამენტალიზმი მეოცე საუკუნეში ვიწრო მიმართულების პროტესტანტული წინააღმდეგობის აღსანიშნავად გამოიყენეს, რომელიც ევოლუციის თეორიის მიმართ გაჩნდა. ის გარკვეული წმინდა წიგნის პირდაპირ გაგებას გულისხმობს და თეოლოგიური საწყისებისადმი მიბრუნების რწმენას აღნიშნავს. ჩვენს ქუჩებში მონადირე სასულიერო პირები ფუნდამენტალისტებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სახარება, თეოლოგია და საბავშვო კატეხიზმოც კი, მათთვის ზეპირსიტყვიერი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებით არის ჩანაცვლებული. ისინი არც ფაშისტურ ორგანიზაციას წარმოადგენენ. ფაშიზმი მოდერნული საზოგადოების მიღმა არ არსებობს, ის, რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, პრემოდერნული საზოგადოების აგრესიაა.

სინამდვილეში, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საუკეთესოდ განმარტა, რას იცავდა ბრბო, როცა 17 მაისს განცხადება გააკეთა: „ჩვენ უნდა დავიცვათ წეს-ადათი, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა იყოს ძალადობა". ადათი – არის ერთადერთი, რასაც მოცემული ჯგუფი იცავდა. არ არის საჭირო ქუჩაში „ტაბურეტკით" მორბენალი მღვდლის ქცევას ლათინური სიტყვა აღნიშნავდეს, როცა მომზადებით ისინი „ციციკორესა" და „არქიფოს" არ აღემატებიან.

ნარატივი, რომლის მიხედვითაც საქართველო ცოდვილებისა და გარყვნილებისგან უნდა გაიწმინდოს, ცარიელ ადგილას, მყისიერად არ გაჩენილა. მართლმადიდებელი მღვდლები წლების მანძილზე ქადაგებდნენ, რომ საქართველოში ანტიქრისტეს გამეფებას ხელი უნდა შეეშალოს. ამ მითოსში ქართული წმინდა სივრცე უნდა გათავისუფლდეს ცოდვისგან და მისი ყოველგვარი გამოვლინებისგან. ეკლესიამ, სახელმწიფოს დახმარებით, უნდა შეაჩეროს „ცოდვის ბატონობა და ლეგალიზება". სახელმწიფო უნდა იქცეს ზნეობისა და ტრადიციების დარაჯად, რაც უპირველესად ადათური სტანდარტების ცხოვრებაში გატარებას გულისხმობს. სახელმწიფოს ჩარევა საჭიროა, რადგან ქართული საზოგადოების „სუსტი ნაწილი" უუნაროა, ცოდვას წინააღმდეგობა გაუწიოს. ის შესაძლოა ადვილად დანებდეს „ათასგვარ თავსმოხვეულ იდეას".

ამგვარი სწავლება პირველსაუკუნეთა ქრისტიანულ სექტას, გნოსტიკოსებს ჰქონდათ. გნოსტიკოსები, რომელთაც ეკლესია მთელი ძალით ებრძოდა, მიიჩნევდნენ, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არასრულყოფილი და შერყვნილია. თუმცა გარკვეული ეზოთერიული ცოდნითა თუ მაგიური ჩარევით შეიძლება გაუმჯობესდეს და იქცეს სრულყოფილად. ამისთვის, განდობილთა წრემ, რომელიც ზეციდან კურთხეულია, უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედებები, რათა ცოდვით დაცემული სამყარო მოვიდეს ეზოთერულ სრულყოფილებაში. რჩეული მცირეა და სწორედ მას ადევს ვალად საზოგადოების ამ ქვეყნადვე გაუმჯობესება. ცოდვა უნდა გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს სტერილური ერი, სამყარო, სადაც აღარ იქნება ცოდვა. უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ქართველი მართლმადიდებელი – სრულყოფილი „მრევლელი", რომელიც ანტიქრისტეს გამეფების წინააღმდეგ იომებს და გამუდმებით დაატერორებს ყველა სხვა „არამრევლელს" – ანტიქრისტეს მეხუთე კოლონას.

ეს რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანული გამოსყიდვის სწავლებისგან, სადაც ღმერთი რკინის ხელით კი არ ერეკება ადამიანებს სამოთხეში, არამედ მის ნებას უხმობს. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი ზომბად, რომელსაც არ ექნებოდა არჩევანის თავისუფლება. მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ ღვთის მცნება დაარღვიეს, ქრისტიანთა ღმერთს არ გაუგზავნია ქერუბიმები მათ დასარბევად – უბრალოდ, გამოყარა სამოთხიდან და მისცა საკუთარ ნებაზე ცხოვრების უფლება.
ინდივიდუალიზმი, სადაც ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს ცოდვასა და სათნოებას შორის, ჩვენთან ჩანაცვლებულია კოლექტიური, თავსმოხვეული სიკეთით, რომელიც რეალურად აუქმებს არჩევანის თავისუფლებას. ეკლესია არ კმაყოფილდება, ღვთის ერი გაამრავლოს მოწოდებით, დარწმუნებითა და ქადაგებით. საეკლესიო იერარქია მიიჩნევს, რომ სწორედ სახელმწიფო ძალითა და საკანონმდებლო აკრძალვების დახმარებით, პრივილეგირებულ სასულიერო კასტას შეუძლია უზრუნველყოს ერთადერთი და სწორი წესრიგი, რომელიც თავისუფალია ცოდვისგან. ამ საყოველთაო წესრიგამდე, ეკლესია უბრალოდ ქმნის „ზნეობის პოლიციის" ჯგუფებს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოებში ასე გავრცელებულია. „მუტავინის კომიტეტის" – ანუცოდვის აღკვეთისა და სათნოების გავრცელების ჯგუფის მართლმადიდებლური ანალოგი, მრავალი წელია, ეკლესიის მიერ შეწყნარებულია.

ამ ირაციონალიზმით შთაგონებული ამპარტავნებისგან განსხვავებით, ქრისტიანობა შეგუებულია, რომ სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მუდმივად იქნება ცოდვილი. მხოლოდ მცირედი შეძლებს იცხოვროს ჭეშმარიტებასთან შესაბამისობაში. ქრისტიანულ საფუძვლებზე აღმოცენებული ჰუმანისტური ტრადიცია საბოლოოდ მივიდა აზრამდე, რომ რწმენა შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის თავისუფალი ნების ხელშეუვალობის გამო. მან შეიძლება მისცეს თავისუფლება ცოდვასა და მკრეხელობას ისე, რომ არ დააზიანოს ჭეშმარიტება.

პოლიტიკის ფილოსოფოსი, ერიკ ვოგელინი, მოდერნისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიებს, მაგალითად, მარქსიზმსა და ნაციზმს, გნოსტიკურად აცხადებდა. ვოგელინი წერდა, რომ სწორედ ისე, როგორც გნოსტიკოსებისთვის იყო მიუღებელი ეს სამყარო, მთელი მისი წესრიგით და ესწრაფოდნენ მის რადიკალურ გარდაქმნას, მაგიისა და ეზოთერიკული ცოდნის მეშვეობით, ისე მარქსიზმი და ნაციზმი ცდილობდნენ რევოლუციური გეგმების განხორციელებას განსაკუთრებული მეცნიერული მეთოდოლოგიის მეშვეობით.

ორივე შემთხვევაში, ადამიანის დასაზღვრულობა და არასრულყოფილება უარყოფილია. რელიგია, რომელიც ხშირად უპირისპირდება რწმენის სახელით გონებას, ერთადერთი არ არის, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ სცოდავს. არსებობს გონების ამპარტავნებაც, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნია იდეალური გარემოს შექმნა მრავალი განსხვავებული ადამიანისთვის. ეს ამპარტავნება მიიჩნევს, რომ ადამიანურ გონს შეუძლია უზრუნველყოს საყოველთაო სიკეთე. გონება ყოვლისშემძლეა, განსაკუთრებით კი ელიტის გონება, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და მთას და ბარს გაასწორებს. შექმნის საყოველთაო სიკეთეს, ჩამოაყალიბებს ძიძა სახელმწიფოს, რომელიც აღზრდის და გაანათლებს ხალხს იმისთვის, რომ უკეთ მიხვდნენ, რა სჯობს მათთვის. მემარცხენე ტოტალიტარიზმი, რომელსაც ბევრი აქვს საერთო საქართველოს ეკლესიის წარსულთან, არ წარმოადგენს ექსტრემისტული მართლმადიდებლობის ალტერნატივას.

ამპარტავნება, რომელიც მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი განათლებული ჯგუფის ხელშია თავმოყრილი მთელი ცოდნა, რომელსაც შესწევს უნარი სპონტანური წესრიგი დაგეგმოს, საბოლოოდ, რევოლუციურად ვითარდება. მითი გონების ყოვლისშემძლეობის შესახებ საღ აზრს ეწინააღმდეგება, თუმცა რევოლუციური გარდაქმნის სურვილი და ტრადიციასთან წყვეტის ვნება ადვილად წარმოიშვება და გასაქანს პოულობს იქ, სადაც უგნურება ქუჩაში ნადირობას იწყებს. ეკლესიის ძალაუფლების ზრდამ და რეპრესიულ ინსტიტუტად ქცევამ შედეგად ფრანგული რევოლუცია მოგვცა, რომელმაც კათოლიკე მღვდლები გილიოტინაზე გაგზავნა. ბუნებრივია, არანაირი მორალური განსხვავება კოცონზე გაგზავნილ ერეტიკოსსა და გილიოტინაზე თავმოკვეთილ მღვდლებს შორის, არ არსებობს. ჩვენ არც ერთი გვჭირდება და არც მეორე.

კომენტარები