საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

ლევან ყიფიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

3 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ლევან ყიფიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა. ქართველმა ახალგაზრდებმა, ახლახან ბელგიაში გამართულ ელიტრაუნდში, რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ყიფიანმა ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა:

"ვულოცავ 19-წლამდელთა ნაკრებს ამ რთული ჯგუფის გადალახვას. მეტად რთული ჯგუფი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭებს სხვა დაბრკოლებებიც შეხვდათ, ეს წარმატება ორმაგად დასაფასებელია. ფეხბურთელებმა ქართველ გულშემატკივარს დიდი სიხარული მიანიჭეს, თუმცა ახლა მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ვფიქრობ ჩვენი გუნდი ლიტვაში ღირსეულად წარდგება და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ მეტ გამარჯვებებს აჩუქებს გულშემატკივარს", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

"ჩვენ იდეალური გუნდი არ შეგვიქმნია, ძალიან ბევრია სამუშაო. გამარჯვება, კონკრეტული შედეგის მიღწევა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია. რაც უფრო წინ მიდიხარ, მეტი პრობლემა იქმნება, მეტი ხარვეზი ჩანს და ეს უნდა გამოსწორდეს. თუ ამ დონეზე გავჩერდით, რა დონეზეც ახლა ვართ, ვფიქრობ, განწირულები ვიქნებით უარყოფითი შედეგისთვის".

"ცდას არ დავაკლებთ და ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე შედეგს მივაღწევთ. ჩვენი მინიმალური გეგმა არის ნახევარფინალში გასვლა, დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება", - ეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის სიტყვებია.

კომენტარები