ეკონომიკური ზრდა

Fitch საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს

business.inquirer.net

სარეიტინგო სააგენტო Fitch–ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.5%-დან 3%-მდე ამცირებს. სააგენტოს შეფასებით, 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი თითქმის ყველა პარამეტრი შემცირებულია, რაც 1.7%-იან ზრდაში აისახა.

სააგენტოს მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემის ძირითადი მიზეზები მთავრობის ცვლილება და ახალი შრომის კოდექსია: ეს ყველაფერი ინვესტორებში გაურკვევლობის განცდას აძლიერებს, ამიტომ მათ ურჩევნიათ, დროებით თავი შეიკავონ ინვესტირებისგან და უკეთ გაერკვნენ ახალი მთავრობის მიერ არჩეულ კურსში. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე რეგიონის ეკონომიკური პრობლემებიც მოქმედებს.

Fitch-ის პროგნოზამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები EBRD-მა და S&P-მაც შეამცირეს. 2013 წლის ბოლოსთვის ორივე ორგანიზაცია 3%-იან ზრდას ელოდება. საქართველოს მთავრობა თავის პროგნოზს არ ცვლის და წლის ბოლოსთვის ისევ 6%–იან ზრდას ელოდება. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ძირითადად ტურიზმის და სახელმწიფო ფონდების გააქტიურების ხარჯზე უნდა მოხდეს.

კომენტარები