17 მაისის მოვლენები

ბოკერია: როდესაც ბრბოს ერთხელ გამოიყენებ, შემდეგ გაკონტროლება ძნელია

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიციისგან სრული მხრადაჭერა აქვს, რომ მოძალადეები დასაჯოს, თუმცა 17 მაისის მოვლენებში მონაწილეთა მიმართ გატარებული ზომები კითხვებს ტოვებს - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში ისაუბრა.

"რამდენიმე კვირა გავიდა, რომ ვიხილეთ ჯოჯოხეთი ჩვენს ქუჩებში, ვიხილეთ ადამიანები, ვინც ქადაგებენ ძალადობას, სიძულვილს და სჩადიან ამ სიძულვილს. ნაწილი ის ხალხია, ვისაც იქამდე ეს ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყენებდა, გაგახსენებთ 8 თებერვალს. ეს ის ხალხია, ვინც გამოუშვეს ციხიდან, როგორც გმირები, ორგანიზატორების ნაწილი ციხეში უმცირესობის წინააღმდეგ ძალადობისთვის იჯდა. ამიტომ, სწორია, რომ ბრალი წაუყენეს, თუმცა აქაც ბევრი სასაუბროა", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ამ ფონზე, მთავარი პოლიტიკური ოპონენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება სიტუაციას სპექტაკლს ამსგავსებს:

"მთავარი პოლიტიკური ოპონენტისთვის, რომლიც არსად გარბოდა, ძალადობას ვერ ჩაიდენდა, აუცილებლად ჩათვალეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. აქ კი - არავითარ შემთხვევაში. იგივე მოხდა შს მინისტრის ყოფილ მოადგილესთან მიმართებაში, რომელიც დაემუქრა ჟურნალისტს და, ბრალდების მიხედვით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაავრცელა. ეს ყველაფერი გამოიყურება, როგორც სპექტაკლი - თქმა, რომ ჩვენ ძალადობას ვგმობთ, მეორე მხრივ კი, კვირების მანძილზე, არანაირი მოქმედება არ ხდება. იქ ხომ ათობით ადამიანი იყო, ვინც ძალადობა ჩაიდინა და სხვათა შორის ძალადობა გრძელდება ჩვენს ქუჩებში. ეს ხალხი აგრესიულ განწყობაზეა, იმიტომ რომ ასეთი კლიმატი შეიქმა. როცა ბრბოს ერთხელ გამოიყენებ, თუნდაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არავინ დაისჯება, მერე ამის გაკონტროლებაც კი ძნელია. მე არ ვამბობ, რომ აქ რაღაც შეთქმულება იყო და მთავრობამ გაუკეთა ამას ორგანიზება, მაგრამ ეს არის ძალიან სახიფათო გზა", - ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები