ელექტრონული პირადობის მოწმობა

წულუკიანი: არ მინდა მორწმუნეები შევაშინო, ძველ მოწმობებში აღმოჩნდა მიწყობილად სამი ექვსიანი

თეა წულუკიანის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

არ მინდა მორწმუნე საზოგადოება შევაშინო, მაგრამ ძველი პირადობის მოწმობის ნომრებში აღმოჩნდა მიწყობილად სამი ექვსიანი - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც დღეს, 5 ივნისს, გამოქვეყნდა.

წულუკიანი აცხადებს, რომ სამინისტრომ ჩაატარა კვლევა პირადობის ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით და მის შედეგებს უახლოეს მომავალში გააცნობს საზოგადოებას. მისი თქმით, თუ კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობა ელექტრონულ მოწმობებს მისაღებად ჩათვლის, ალტერნატიული მოწმობები არ იქნება.

"ჩვენ ასევე დავადგინეთ და ამაში სინოდის ძველი განცხადებაც დაგვეხმარა, რომ პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე არავითარი მხეცის თუ ანტიქრისტეს ნიშანი არ არის. გამოვიკვლიეთ ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობებიც. არ მინდა, მორწმუნე საზოგადოება შევაშინო, მაგრამ ათობით ათასი ასეთი მოწმობის ნომრებში აღმოჩნდა მიწყობილად სამი ექვსიანი. ახალ ელექტრონულ მოწმობებში არსად ამგვარი კომბინაცია არ იქნება", - აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ასევე განმარტავს, რომ ელექტრონულ მოწმობებზე ჩაიწერება მხოლოდ მოქალაქის სახელი, გვარი, სქესი და დაბადების თარიღი.

"კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობაზე მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ არანაირი ინფორმაცია არ დაიტანება. წინა ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა სწორედ მოქალაქეთა გაკონტროლების მიზანი, ამიტომაც იყო, რომ ამ მოწმობაზე, კარდიოგრამიდან დაწყებული, სამგზავრო ბილეთით დასრულებული, ყველაფრის დატანას აპირებდნენ", - აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები