ბიძინა ივანიშვილი

პრემიერის გაორება

0 კომენტარი

ყველაზე ოდიოზულ ადამიანებსაც კი გულწრფელად სჯერათ საკუთარი კეთილშობილების. სწორედ ესაა ადამიანის ბუნების ყველაზე საშიში მხარე. ვაცნობიერებ, რომ სიტყვა „ოდიოზური" მაინცდამაინც წარმატებულად ვერ გამოვიყენე, მაგრამ ვგონებ, მოქმედი პრემიერისა და მის მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატის პირობებში, სიტყვებს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა აღარ უნდა მივანიჭოთ. შესაბამისად, უფლებას ვიტოვებ, საჭირო მომენტში გადავთქვა ან დავაზუსტო ის, რასაც ახლა დავწერ.

ამ ეტაპზე, დარწმუნებული ვარ – მიუხედავად საპირისპიროზე მეტყველ გამონათქვამთა სიუხვის და მრავალფეროვნებისა, ახალი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლად უნდა ვცნოთ, რომ უნდა ვაღიაროთ რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოში და აზერბაიჯანის მეგობრულ ტარიფებზე დამოკიდებულების პრობლემა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტით უნდა გადავჭრათ. სინამდვილეში, მსგავსი გამონათქვამები ავადსახსენებელი სიცრუის მანქანის მიერ კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. და თუ მსგავს ფრაზებს ვერ ვაწყდებით ნაციონალების გამონათქვამთა არქივში, ეს მხოლოდ მათივე მოყირჭებული სლოგანის („საქმე ლაპარაკის ნაცვლად") ბრალია, რომლის თანხლებითაც ისინი ქვეყანას მიზანმიმართულად აბარებდნენ რუსეთს.

სავარაუდოდ, სწორედ ამგვარი, ლატენტურად პრორუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო NATO-ში შესვლის ახირებული იდეა. ამ ახირებით, ნაციონალებმა სამხედრო ინტერვენციისა და ღია ოკუპაციის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს დიდ მეზობელს. ალბათ ამიტომ იყო, რომ პრემიერის ახალმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ექსპერტთა შორის უექსპერტესმა, ბ-ნმა გ. ხუხაშვილმა დანიშვნისთანავე მოითხოვა ამ საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარება.

სიტყვამ მოიტანა და, რა საერთო აქვს ბ-ნ ხუხაშვილს იმ გუნდთან, რომელშიც უსუფაშვილი და ალასანია მოღვაწეობენ? ან პირიქით: რა ესაქმებათ ალასანიას და უსუფაშვილს იქ, სადაც ნანუაშვილი და ბესელია აკეთებენ თავიანთ საქმეებს? არაკეთილმოსურნენი იტყვიან, რომ არც ერთნი არიან პროდასავლელი ლიბერალები და არც მეორეა მერკანტილური თალიბანი; სინამდვილეში, ყველა პროტაგონისტიცა და ანტაგონისტიც მხოლოდ პრემიერის პიროვნების გაორების პირმშოა.

მიუხედავად იმისა, რომ არაკეთილისმსურველთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ფაქტია, რომ ივანიშვილის კომპლექსურ პერსონაში ერთმანეთს ებრძვიან სითბოსა და აღიარების მოსურნე კეთილი ფილანთროპი დოქტორი ჯეკილი (დავარქვათ მას პირობითად „დავითი") და ირაციონალურად ბრაზიანი, შურისძიებასა და ძალადობას მოწყურებული მისტერ ჰაიდი (პირობითად, „გია"). სხვაგვარად როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რომ:

– დეკლარირებული პროდასავლური კურსის მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრისა და ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 თვის თავზე, პრემიერი ჯერ კიდევ ღია წერილებით ესაუბრება მოკავშირეებს და აცხადებს, რომ წამყვანი დასავლური პოლიტიკური ძალები და ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო პუბლიკაციები სიცრუის ტყვეობაში რჩებიან;

– ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტად დასახელების მიუხედავად, ხელისუფლებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ზრდიან საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე და რომელთა რიტორიკაც არაფრით განსხვავდება ოფიციალური მოსკოვის რიტორიკისგან (თუმცა, გვარწმუნებენ, რომ ნებისმიერი მსგავსება შემთხვევითია და არაფერს ნიშნავს);

– პრემიერის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულმა პირმა წამოყენებისთანავე გამოავლინა საღი აზრისადმი ერთგულება, გაიკვირვა რა, როცა ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან, რესტორნებში ჩხუბებზე კომენტარების გასაკეთებლად ხელისუფლება წინა რეჟიმის მსხვერპლს, ბ-ნ ლევან პირველს ჩამოიყვანს და ამ უკანასკნელის უნიკალური გამოცდილება ამ სფეროში გამოუყენებელი არ დარჩება;

– პირველად 2008 წლის ომის შემდეგ, ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში არ შევიდა საქართველოს საკითხი (რაც ერთადერთი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომელსაც ქართული ოცნება პირნათლად, მეთოდურად ასრულებს: აკი გვპირდებოდნენ, რომ საქართველო აღარ იქნებოდა განხეთქილების ვაშლი რუსეთსა და დასავლეთს შორის);

– ბიზნესის „გათავისუფლებისა" და „არნახული აყვავების" ნაცვლად, ეკონომიკა სტაგნაციაშია. მის სამართლიან აყვავებას ექსპერტი და მრჩეველი გია ხუხაშვილი კურირებს, სხვები კი გვარწმუნებენ, რომ საქმე ოპტიკურ ილუზიასთან გვაქვს (უსუფაშვილი – ბიზნესი ჯერ ვერ მიმხვდარა, რომ თავისუფალია და ფრთხილობს; ონოფრიშვილი – მხედველობაში არაა მიღებული ეკონომიკის „არადაკვირვებადი" ნაწილი და ამიტომ გვეჩვენება, თითქოს ეკონომიკა აღარ იზრდება; ხადური – ამორტყმული ჩეკების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, რენესანსი სახეზეა). ამ ფონზე, ხელისუფლება აგრძელებს შრომის, ანტიმონოპოლიური და მიწის ახალი კანონმდებლობის „გატანას", რაც ბიზნესის შემდგომი კვდომის გარანტიაა.

ალბათ ამგვარი, რბილად რომ ვთქვათ, ამბივალენტური პოლიტიკის შედეგია, რომ დღემდე ბ-ნ ივანიშვილს ოფიციალურად არ შეხვედრია არცერთი დასავლური სახელმწიფოს ლიდერი. ამასობაში, რაც უნდა მცირე მნიშვნელობას ვანიჭებდეთ სიტყვებსა და მათ თანმდევ ქმედებებს, ძნელია არ შევიმჩნიოთ, რომ მიმდინარეობს პრემიერისა და მისი პოლიტიკური ძალის „ჰაიდიზაცია" (გეხსომებათ – რობერტ ლუის სტივენსონის ნოველაში, დოქტორი ჯეკილი ვეღარ აკონტროლებს მეტამორფოზებს და უფრო და უფრო ხშირად, თავისდაუნებურად იქცევა მისტერ ჰაიდად. რაც დრო გადის, ჯეკილი სუსტდება, ჰაიდი კი ძლიერდება, სანამ ბოლოს, სცენაზე მხოლოდ ეს უკანასკნელი არ დარჩება).

ნუ ვიკამათებთ, უბრალოდ ვაღიაროთ, რომ წინა ხელისუფლებას „პიარი" (გნებავთ, „სიცრუის მანქანა") გამართულად ჰქონდა აწყობილი. ამასთან, მისი ერთ-ერთი მთავარი პიარმიღწევა იყო გავრცელება მითისა ქართველთა „უძველესი ევროპელობის" შესახებ. სამწუხაროდ, ის-ის იყო საერთაშორისო თანამეგობრობამ ამის დაჯერება დაიწყო, რომ ნებისყოფა არ გვეყო და გავიშიფრეთ... მოგვწონს ეს თუ არა, ამჟამად საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის კომპლექსური ფიგურის შიგნით მიმდინარეობს. ხოლო სანამ გაირკვევა, „დავითი" გაიმარჯვებს თუ „გია", მანამ იძულებული ვართ ვიმარჩიელოთ – ბატონო ბიძინა, რომელია თქვენში პაპი?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები