განათლება

გეგმიური უმაღლესი განათლება

0 კომენტარი

ამერიკელი სენატორის ვიზიტისას, კითხვაზე, თუ როგორ ხდება სტუდენტების სპეციალობებზე განაწილება, განათლების მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა: „აქ არცთუ ბევრი ცენტრალიზებული გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ ვაწესებთ სპეციალობებზე სტუდენტების რაოდენობას. არ გვაქვს რაიმე წესი, რომლითაც სტუდენტებს რაიმე მიმართულებაზე სწავლას ვაიძულებთ, მაგრამ ვიყენებთ „დარწმუნების ტექნიკას" იმისთვის, რომ მათ იმ დარგებისკენ გავუძღვეთ, რომლებიც სახელმწიფოს მთავარ ინტერესს წარმოადგენს. ეს ტექნიკა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ფინანსური წახალისება გვეხმარება, რომ დავარწმუნოთ ახალგაზრდა – აერონავტიკული ინჟინერია უფრო სასარგებლო მიმართულებაა, ვიდრე ეკონომიკა ან ინგლისური ლიტერატურა".

სენატორისა და მინისტრის შეხვედრის დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. მანამდე კი განვიხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2013 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში, ზოგიერთ სპეციალობებზე, სტუდენტები გადასახადის გადახდის გარეშე ისწავლიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩეულ სპეციალობებზე გადასახადის გარეშე სწავლა მოხდება შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში, 3795 ადგილზე. ადგილების ორი მესამედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტზე მოდის. დაფინანსებული ადგილების 76.4% თბილისში მყოფ უნივერსიტეტებშია. შვიდი სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღები კონტინგენტის ადგილების დაახლოებით ერთ მეხუთედზე სწავლისთვის, სტუდენტების სწავლის საფასურს უნივერსიტეტებს სახელმწიფო უხდის. დანარჩენ ადგილებზე აბიტურიენტებს საერთო კონკურსში უწევთ გრანტების მოპოვება.

თუ დაფინანსებულ სპეციალობებს გადავხედავთ, პრიორიტეტი ქართულ ფილოლოგიას, ეკონომიკას, ინჟინერიას და მშენებლობას ეძლევა.

სქემა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა სპეციალობების მიხედვით
ჩნდება უამრავი კითხვა: რა პრინციპით შეირჩა ეს სპეციალობები, რა მიზანს ემსახურება ამ სპეციალობების არჩევანი და ამ ადგილების უნივერსიტეტებში ამგვარად განაწილება? რატომ დადგინდა ეს რაოდენობები? რა მიზანს ემსახურება საერთოდ ეს ყველაფერი? რა შედეგებს გამოიწვევს ეს მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში? რატომ ფინანსდება სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესებში? რამდენად გათვალისწინებულია დაფინანსების განაწილების სამართლიანობის პრინციპი? პასუხების გაცემა სახელმწიფოს წარმომადგენლებს მედიაში ძალიან უჭირთ. რაიმე დოკუმენტი, რომელიც ახსნიდა, რა მიზნებს, რომელი პრობლემების გადაჭრას ემსახურება ეს პროგრამა, ან საერთოდ ტექნიკურად როგორ იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ცვლილების შემოღებამ? ამ ცვლილების შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სპეციალობებზე შეიძლება გაიზარდოს ჩაბარების მსურველთა რაოდენობა. თუმცა აქვე უნდა გავიაზროთ, რომ ჩაბარების მსურველთა რაოდენობა ყოველთვის არ ემთხვევა სწავლის მსურველთა და სწავლის შესაძლებლობების მქონე სტუდენტების რაოდენობას.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის, ე.წ. კულტურული რევოლუციის მოხდენის სახელით, სსრკ-მ გადაწყვიტა მაქსიმალურად გაეხსნა უმაღლესი განათლების კარი მშრომელებისა და გლეხებისთვის. ეს სწორედ უსასყიდლო განათლებით და ადგილების გაზრდის მეშვეობით გააკეთა. ასევე დააწესა პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. შედეგად, სანამ სკოლებში ახალი თაობები აღიზარდა, მრავალი მოუმზადებელი ადამიანი აბარებდა უმაღლესში. ამან სწავლის სტანდარტების დაწევა და უნივერსიტეტებში სპეციალური მოსამზადებელი პროგრამების დანერგვა გამოიწვია. მართალია, 60-იანი წლებისთვის საბჭოთა კავშირი აშშ-ს სამჯერ უსწრებდა საინჟინრო მიმართულებებზე სტუდენტების რაოდენობით, მაგრამ სწავლის ხარისხით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.

უნივერსიტეტებში ჩაბარების სისტემა საქართველოში არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სპეციალობებზე ისეთი კომპეტენციების ხალხი შეირჩეს, რომელიც სასწავლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისი იქნება. სპეციალური უნარების შემოწმება მხოლოდ სასპორტო და სახელოვნებო სპეციალობებზეა შესაძლებელი. უმაღლესი განათლების კანონში რამდენიმე თვის წინ შესული შესწორების საფუძველზე, მხოლოდ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ პრივილეგია, მთლიანად თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ მიიღებენ აბიტურიენტებს. შესაბამისად, უმაღლესებს არ აქვთ უფლება, უპირატესობა მიანიჭონ, ვთქვათ, საინჟინრო ან საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე მათ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა გამომგონებლების კონკურსებში ან ეკოლოგიურ ექსპედიციებში. მეორე მხრივ კი, გვაქვს ცვლილება, რომელმაც შესაძლოა ნაკლებად მომზადებული სტუდენტების რაოდენობა გაზარდოს ტექნიკურ სპეციალობებზე. არის რისკი, რომ მოსალოდნელმა ხარისხის ვარდნამ ისევ ამ მიმართულებების პრესტიჟსა და მიმზიდველობაზე იმოქმედოს უარყოფითად.

უმაღლესების ნაწილი სისტემის ნაკლსა და ზოგადად განათლებისა და ეკონომიკის კავშირის გამოწვევებს ლიბერალური, ხელოვნების სწავლების კურსების დანერგვით პასუხობდა. რამდენიმე სემესტრის ფარგლებში ფართო განათლების მიღების შემდგომ სტუდენტები უფრო მომზადებულები ირჩევდნენ სპეციალიზაციას. სამინისტროს დაფინანსების ამ ფორმის შემოღების შემდეგ, ამ უნივერსიტეტებში უკვე პირველივე წლიდან გაჩნდა სპეციალიზაციის კვოტების შემოღების მოტივაცია.

დაფინანსება ხდება იმ უნივერსიტეტებში, სადაც არსებობს ბაკალავრიატის შესაბამისი სადოქტორო პროგრამები. ეს კი აჩენს უნივერსიტეტების მხრიდან ამ პროგრამების შემუშავების მოტივაციას იქაც კი, სადაც ამის განსაკუთრებული არც ინტერესი და არც შესაძლებლობა არსებობდა. ამით, სახელმწიფომ თავისი ქმედებით დაიწყო საკმაოდ წარმატებული გამოცდილების მოდელის რღვევა და წააქეზა უნივერსიტეტები, საკუთარი პროფილის დაფინანსების და არა უნივერსიტეტების მისიის შესაბამისად ცვლილებისკენ.

თუ სამინისტროს ცვლილებას განათლების დაფინანსების განაწილების სამართლიანობის კუთხიდან შევხედავთ, პრობლემები აქაც სავარაუდოა. ბევრ სახელმწიფოში გამოკვლეულია, რომ იმ სპეციალობებზე სწავლით, რომლის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციები პირდაპირ არ უკავშირდება დასაქმებას, უფრო მეტად საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე პირები ინტერესდებიან. ის, ვინც უზრუნველყოფილია გარკვეული კაპიტალით, უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გახდეს ფილოლოგი, ისტორიკოსი ან ფილოსოფოსი, ვიდრე ის, ვისთვისაც უმაღლესში სწავლა, პირველ რიგში, სოციალური მობილობის ინსტრუმენტია და მხოლოდ შემდეგ – ინტელექტუალური ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

  უმაღლესი
სასწავლებელი
დაფინანსებული ადგილები დაფინანსებულის პროცენტი ადგილები სულ მისაღების პროცენტი
1 თელავის იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტი 25  0.7%  999  2.5% 
2 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 75 2.0% 545 13.8%
3 ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი 175 4.6% 1194 14.7%
4 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 350  9.2%  3020 11.6%
5 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 695  18.3% 2682 25.9%
6 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1225  32.3%  5185  23.6%
7 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1250 32.9% 5117 24.4%
  სულ 3795 100% 18742 20.2%

მსგავსი ტენდენციების გამოკვლევა ჩვენთანაც საინტერესო იქნებოდა. თუმცა მანამდე, მსგავსი სპეციალობების დაფინანსება, შესაძლოა, ფინანსების გადასახადების შედარებით ღარიბი გადამხდელების ჯიბიდან უფრო მდიდრების ჯიბეებში გადასვლას იწვევდეს. ეს კი ამცირებს სახელმწიფო სახსრების როგორც პირად, ისე საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მოსალოდნელ სარგებლიანობას.

ის, რომ სოციალურ პრობლემებზე სახელმწიფოს დიდად არ უფიქრია, იქიდანაც ჩანს, რომ თბილისში კონცენტრირებულ უმაღლესებში ადგილების გაცილებით მეტი წილი ფინანსდება, ვიდრე დედაქალაქის გარეთ. თბილისში კი სტუდენტების ის ნაწილი სწავლობს, რომლებსაც უფრო მეტი ფინანსური შემოსავლები აქვს, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებში.

დავუბრუნდეთ ამერიკელი სენატორისა და განათლების მინისტრის საუბარს. ეს სენატორია უილიამ ბენტონი, აშშ-ის ელჩი იუნესკოში და ენციკლოპედია ბრიტანიკის გამომცემელი. ხოლო მისი მოსაუბრე ვიაჩესლავ იელუტინი გახლავთ, 1954-1985 წლებში უმაღლესი განათლების მინისტრი. ბენტონის 1966 წელს ჩაწერილი იელუტინის იდეები გამოხატავდა საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის პირობებში განათლების დაგეგმვისა და მართვის სისტემას.

იელუტინის იდეები ბოლო ათწლეულის განმავლობაშიც პოპულარულია არა მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლების, არამედ საზოგადოების აქტიური წევრების დისკურსშიც. ამის ერთი მაგალითია მოსაზრება, რომ საჭიროა სახელმწიფომ დაარეგულიროს საუნივერსიტეტო ადგილების რაოდენობა სამუშაო ადგილების შესაბამისად. სახელმწიფოს წარმომადგენლებს კი, როგორც ჩანს, არა მხოლოდ პოპულიზმი, არამედ გეგმიური ეკონომიკის სააზროვნო მოდელებიც მყარად აქვთ გამჯდარი. საბჭოთა სახელმწიფო დაკვეთის ტრადიციების გაგრძელებაა არა მხოლოდ სტატიაში აღწერილი ცვლილება, არამედ დარგობრივი სამინისტროების მცდელობა, ზოგჯერ თუნდაც სიმბოლურად, უმაღლესი განათლების მიმართულებების განსაზღვრაში ჩაერიონ (სოფლის მეურნეობის სამინისტრო – აგრარულ სფეროში, ჯანდაცვის – სამედიცინოში, სპორტის – სპორტში და ა.შ.). შედეგი კი უმეტესად არის ეკონომიკის შეუსაბამო განათლების ხარისხი, მოუქნელი რეგულაციები, ადვილი „დიპლომის" მიღებისა და სინამდვილეში მოჩვენებითი სოციალური სამართლიანობის შემცველი სისტემა.

თუ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური სტრატეგიული ინტერესები ეკონომიკის სფეროში, არსებობს კი უმაღლესი განათლების პოლიტიკის მაგალითი, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური ჩარევის ზიანი მინიმალური, ხოლო ეფექტი და სამართლიანობა მაქსიმალური იქნება? ცხადია, ამგვარი გზები არსებობს. ჩამოვთვლი რამდენიმეს: სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული კვლევების დაფინანსება; უნივერსიტეტების ავტონომიის საფუძველზე კერძო ფონდების ხელშეწყობა, რომ უკეთესი სამუშაო ძალების აღზრდასა და სამოქმედო ინსტრუმენტების შექმნაში მეტი ფული ჩადონ; აბიტურიენტებისთვის ეკონომიკურ პერსპექტივებსა და უნივერსიტეტების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის არსებობა და სხვა. იმედი მაქვს, ამგვარი სისტემების დანერგვასა და განვითარებაზე მეტ დროს დავხარჯავთ, ვიდრე ერთხელ უკვე კარგად გამოცდილი, მაგრამ წარუმატებელი მოდელის აღდგენაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები