შსს

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი, შესაძლოა, არ განადგურდეს

RFE/RL

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებისა, შესაძლოა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი არ განადგურდეს. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ექსპერტებთან კონსულტაციები ამ დღეებში გაიმართება.

"ექსპერტებმა გამოთქვეს დამოუკიდებელი აზრი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს სწორი და გამართლებული პოზიცია. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ექსპერტებთან გავმართოთ კონსულტაცია და საბოლოო პოზიციაზე შევჯერდეთ. ეს გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, შესაბამისად, რამდენიმე დღე შეიძლება ამას დასჭირდეს. ძალიან მალე წარმოვადგენთ საბოლოო პოზიციას. დღეს ან ხვალ გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

5 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მასალის განადგურებას მოწინააღმდეგე ექსპერტები ჰყავს. "განადგურების ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილია. შეიძლება ვნახოთ მეთოდი, მაგალითად, მასალები შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება ან რამე მსგავსი. წვდომა ჰქონდეს რამდენიმე ორგანიზაციას და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სირცხვილს თავი ავარიდოთ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტი საქართველოში აღარ განმეორდეს", - განაცხადა ივანიშვილმა. მას არ დაუზუსტებია, თუ რა მიზნით უნდა შეინახონ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი.

კომენტარები