საქართველო-რუსეთი

რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვს

0 კომენტარი
გრიგორი კარასინი

მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"მთავარი საფრთხე ჩვენი ტურისტებისთვის არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოგზაურობისთვის. თუნდაც მეორედ ჩასვლისთვის (როგორც ეს  ახალი ცვლილებებით არის გათვალისწინებული). ჩვენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ამ კანონის გაუქმებას მივიჩნევთ", - განაცხადა კარასინმა.

იგი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართული მხარე საზღვრის დემარკაციის საკითხის მოუგვარებლობას პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისთვის იყენებს. "სამხრეთ ოსეთის მხარე არაერთხელ გამოვიდა წინადადებით, საქართველოსთან საზღვრის დემარკაცია დაიწყოს, რისგანაც საქართველო სხვადასხვა მიზეზებით თავს იკავებს", - განაცხადა დიპლომატმა.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხაზი გაუსვეს "დადებით დინამიკას" ვაჭრობის, ტრანსპორტის, კულტურის, ჰუმანიტარულ და სამეცნიერო სფეროებში.

კარასინის განცხადების პასუხად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ "საქართველოს საგარეო უწყება არ იღებს ინსტრუქციებს ბატონი კარასინისგან". მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა ტიპის კანონებს მიიღებს და განახორციელებს კონკრეტულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, კარასინისა და აბაშიძის შეხვედრაზე "რასაკვირველია, პროგრესი მოკრძალებულია, მაგრამ ესაა პროცესი, რომელშიც საქართველო ჩაერთო. იმედი გვაქვს, რუსეთიც იქნება კონსტრუქციული ამ ნაბიჯების გათვალისწინებით". 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მომღერლები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გადაღებულ კლიპებში მონაწილეობდნენ

კომენტარები