თბილისის საქალაქო სასამართლო

თავისუფალი ზონის წევრებს 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია თავისუფალი ზონის ორ წევრს - დავით გოგოხიას და ფარნაოზ ჭკადუას ჯარიმის სახით 100-100 ლარის გადახდა დაეკისრათ.

ბრალდების მხარე მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე ედავებოდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. საუბარი იყო, აქტივისტების მხრიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხმამაღალ გინებაზე.

დავით გოგოხიამ დაადასტურა, რომ მან პუტინის მისამართით შეაგინა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს აქციის დაშლის შემდეგ, მეგობრების წრეში მოხდა და არა ხმამაღლა.ფარნაოზ ჭკადუა კი აცხადებს რომ მას არავის მიმართ არ შეუგინია და მისთვის გაუგებარია რატომ დააკავეს. ის თავს დაზარალებულად მიიჩნევს.

პროცესის დასრულების შემდეგ, თავისუფალი ზონის აქტივისტებმა, სასამართლოს ეზოს გარეთ ხანმოკლე აქცია გამართეს, სადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

საქართველოს პროფკავშირების სასახლეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა გუშინ გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პარალელურად გამართულ აქციაზე, აქტივისტები ცხინვალის რეგიონში მომხდარ მოვლენებს და ვანო მერაბიშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ.

 

კომენტარები