სოფლის მეურნეობა

რატომ ეწინააღმდეგებით პროგრესს და ეკონომიკის განვითარებას?

აკაკი ცომაია
0 კომენტარი

საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო საკუთრებას. მეტიც, ბევრი ადამიანისთვის მიწის სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვა ნიშნავს საქართველოს გაყიდვას. მიწის გაყიდვა გაიგივებულია მტრის შემოსევასთან, ვენახების აკაფვასთან, სამშობლოს ღალატთან. არცთუ იშვიათად, არაფორმალურ საუბრებში მძლავრობს ქსენოფობიური განწყობებიც, რაც განათლების დაბალ დონეზე მეტყველებს. ამ სტატიის მიზანია იმის დასაბუთება, რომ სინამდვილეში ქვეყანა კარგავს დამატებითი პროდუქტის (მომსახურების) შექმნის შესაძლებლობას, ხოლო მიწის თანამოქალაქისთვის ან უცხოელისთვის მიყიდვა არ არის „ქვეყნის ინტერესების" საზიანო ქმედება.

2012 წლის 26 ივნისამდე კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-11 პუნქტით აკრძალული იყო საქართველოში უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა. თუ იგი სასოფლო-სამეურნეო მიწას მემკვიდრეობით მიიღებდა, მას მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეზე უნდა გაესხვისებინა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის პლენუმის გადაწყვეტილებით, მსგავსი აკრძალვა (კანონის შესაბამისი მუხლების, პუნქტებისა და სიტყვების გაუქმებით) ძალადაკარგულად ითვლება. ამ პერიოდიდან იწყება სხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს მიწით დაინტერესება, რამაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აღაშფოთა.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მთავრობაში, პარლამენტსა და სამეცნიერო წრეებში ბევრს მიაჩნია, რომ თუ „უცხოელი" მიწას შეისყიდის, „ქვეყნის ინტერესები" დაზიანდება. რამდენიმე დღის წინ მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული დაინტერესება მიწის მიმართ გამოხატეს ინდოელმა და არაბმა ფერმერებმა. კახეთის ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობის ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ საძოვრების გამოყენებას, რადგან შესაბამისი ტერიტორია უცხოელებმა დაიკავეს. ამ ფონზე მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა განსახილველად. კანონპროექტის ავტორები არიან: მეცნიერებათა დოქტორი პაატა კოღუაშვილი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაშვილი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ზაურ ჯინჯოლავა.

„ქვეყნის ინტერესში", სავარაუდოდ, უნდა ვიგულისხმოთ ის ძირითადი ფასეულობები, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქე თანხმდება. ტერმინი ძალზე გავრცელებულია პრაქტიკაში. მას პოლიტიკოსები, მეცნიერები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები ხშირად იყენებენ თავიანთ მსჯელობაში. „ქვეყნის ინტერესის" საზიანოდ ქმედება მძიმე ბრალდებაა და თითქმის სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ტერმინის შინაარსს ყველა განსხვავებულად აღიქვამს, თუმცა ძირითადი ფასეულობები, რაზეც საზოგადოება თანხმდება, შეიძლება იყოს: სახელმწიფოებრიობა, ისტორია, ტრადიციები, კულტურა და სხვა.

საქართველოს ტერიტორია მისი ყველა მოქალაქის საკუთრებაა, მას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ დაეპატრონებიან, მაგრამ საქართველოს მიწა ჩვეულებრივი რესურსია, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა საწარმოო ფაქტორებისგან.

რამდენად უქმნის საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის მიყიდვა აღნიშნულ ფასეულობებს? მაგალითად, 2007 წელს იტალიური კომპანია ფერერო საქართველოში შემოვიდა. კომპანიამ სამეგრელოში თხილის პლანტაციების გასაშენებლად და ორი გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად 3000 ჰა მიწა შეისყიდა. მეორე მაგალითი, იტალიური ფირმის, ბადაგონის განკარგულებაშია საქართველოს ვენახების გარკვეული რაოდენობა. აქვს ამ ორ ფაქტს რაიმე კავშირი სამშობლოს ღალატთან? ორივე ორგანიზაციაში ერთად 1000-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. კომპანიებმა 100 მილიონ ევრომდე ინვესტიცია განახორციელეს. ფერერო ყოველწლიურად 18700 ტონა თხილს ანივთებს ნუტელას წარმოებაში. ცნობილია, რომ საქართველო თხილის მოყვანის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონია, თუმცა მოსახლეობა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა თხილის ექსპორტზე გატანას, რადგან პრობლემას ქმნიდა თხილის მოყვანისა და გადამუშავების ბოლო ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ცოდნის დეფიციტი და, ამდენად, ქართული თხილი იყო არაკონკურენტუნარიანი.

ლონდონში, ჟურნალ დეკანტერის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, კომპანია ბადაგონის მიერ ჩამოსხმული ალავერდის მონასტრის წითელი ტრადიციული ღვინო უმაღლესი პრიზით დაჯილდოვდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯილდო 10 გირვანქაზე ძვირი წითელი ღვინის ნომინაციაში საუკეთესო შედეგი იყო, რადგან მსგავსი ჯილდო ქართულ ღვინოს აქამდე არასოდეს მიუღია. კომპანიის ინფორმაციით, კონკურსზე გაგზავნილმა ქვევრის თეთრმა ღვინომ, კახურმა წარჩინებულებმა და ტრიონმა, ბრინჯაოს მედლები და აღიარების დიპლომები დაიმსახურეს.

ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანიებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ხიდების, გზების მშენებლობაში და ეკლესია-მონასტრების აღდგენაში. რითი შეილახა ქვეყნის რეპუტაცია ან დაზიანდა ქვეყნის ინტერესი? პირიქით, ქართულ ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას მსოფლიო ეცნობა. ბადაგონი ხომ ერთ-ერთი იმ მერცხალთაგანია, რომლისგანაც მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა.

განვიხილოთ სხვა შემთხვევა. დავუშვათ, ინდოეთის მოქალაქეს სურს გურიაში მიწის შესყიდვა იმისთვის, რომ გააშენოს ჩაის პლანტაცია, რომელსაც შემდგომ გაყიდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩაი, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა ქართული კულტურის ნაწილს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება. სად არის წინააღმდეგობა ეროვნულ ინტერესებთან? თუ ეროვნულ ინტერესებში ვგულისხმობთ ე.წ. შეუგუებლობას არაეთნიკური ქართველების მიმართ, რომლებიც აპირებენ მიწის ყიდვას და საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებას, საქმე გვაქვს ქსენოფობიასთან.

საქართველო ისტორიულად მრავალეროვნული ქვეყანაა. ყოველთვის თავს ვიწონებთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით და ტოლერანტობით, თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ქსენოფობიური გამოვლინებები ჩვენთან, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, არ წარმოადგენს იშვიათობას. პრობლემას ართულებს ის გარემოება, რომ თუ ამ სენით დაავადებულია საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, ეს ძალზე უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალზე. მაქვს ეჭვი, რომ მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ქსენოფობიის ნიშნებს შეიცავს.

შევთანხმდეთ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვის შედეგად ეროვნული ინტერესები არ ზიანდება. თუმცა, მცირდება იმის ალბათობა, რომ თითოეული ადამიანის კეთილდღეობა გაუმჯობესდება. ეკონომიკა რთული სისტემაა. ცხოვრების დონეს განაპირობებს ის, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. იმისთვის, რომ მოხერხდეს კეთილდღეობის გაზრდა, ის, რაც გვაქვს, უნდა დავთმოთ იმის სანაცვლოდ, რაც ჩვენს სარგებელს უფრო მეტად გაზრდის. თუ საზოგადოებას პირობითად დავყოფთ მომხმარებლებად და მწარმოებლებად, თავისუფალ ბაზარზე, პირველ რიგში, რესურსის (ზოგადად საქონლის) მესაკუთრე გახდება ის, ვინც მასში უფრო მეტ ფულს გადაიხდის და ასევე, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება ის მწარმოებელი, რომელიც შეძლებს რესურსის (საქონლის) იაფად გაყიდვას.

საქართველოს ყველა მოქალაქე უფრო ბედნიერი იქნება, თუ მოხერხდება რესურსის ეფექტიანი ხარჯვა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ფლობს ამ რესურსს.

უფრო ძვირად ყიდულობს ის, ვისაც უფრო მეტად უღირს რესურსის შესყიდვა. ამდენად, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, დათმოს სხვებთან შედარებით მეტი, მას სხვებთან შედარებით უფრო შეუძლია რესურსის გამოყენება, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნების, რელიგიური კუთვნილების, კანის ფერის თუ სექსუალური ორიენტაციის არის იგი. რესურსის უფრო კარგი გამოყენება გულისხმობს მის ისეთ გადამუშავებას, რომ პროდუქტი სხვებთან შედარებით გახდეს მეტად კონკურენტული. ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, რომელსაც იგი მაქსიმალურად კარგად იყენებს.

რაც უფრო ნაკლები რაოდენობის სუბიექტია (ადამიანი, ორგანიზაცია) ჩართული რესურსის შეძენაში, მით უფრო მცირეა მისი ეფექტიანი გამოყენების ალბათობა. მაგალითად, თუ რესურსი უნდა არსებობდეს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, მაშინ მხოლოდ სახელმწიფოს ჩინოვნიკების მარიფათზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეძლებენ მის ათვისებას. თუ რესურსის დასაკუთრებას შეძლებს საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც მზად იქნება, რომ მასში მეტი გადაიხადოს, რესურსის ეფექტიანად გამოყენების ალბათობა გაიზრდება. ხოლო, თუ რესურსის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც, ეკონომიკური სარგებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება, რადგან იზრდება კონკურენცია.

რაც უფრო მეტი რაოდენობის ადამიანია ჩართული კონკურენციაში, მით უფრო ძვირად ფასობს რესურსი. მით უფრო მაღალია „სენსაციური შედეგის" მოლოდინი. სენსაციური შედეგი ეკონომიკურთან ერთად გულისხმობს სოციალურ სარგებელსაც, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნების, რასის, რომელი ქვეყნის მოქალაქის, რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის არის სუბიექტი (მაგალითად, გზების და ხიდების მშენებლობა ფერეროს შემთხვევაში, ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბადაგონის შემთხვევაში). ამდენად, მნიშვნელოვანია არა ის, რომ რესურსის მესაკუთრე იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, არამედ ის, რომ რესურსის მესაკუთრე გახდეს ის სუბიექტი, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო ძვირს გადაიხდის.

კონკურენტული გარემოს ნებისმიერი ფორმით შემცირება რესურსის ეფექტიანად გამოყენების ალბათობას შეამცირებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ისეთივე რესურსია, როგორც წყალი, ნავთობი, მეტალი, შხამქიმიკატი, ტრაქტორი ან ნებისმიერი სხვა რამ, რომლის გამოყენებითაც იქმნება პროდუქტი. მიწის კარგად გამოყენება ისევე შეუძლია ქართველს, როგორც გერმანელს, ფრანგს, ინდოელს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს. რატომ ეწინააღმდეგებით პროგრესს და ეკონომიკის განვითარებას?

რაც შეეხება თავად საკანონმდებლო ინიციატივას. ჩემი აზრით, ეს არის გაუაზრებელი ქმედება და მიუთითებს ავტორთა განათლების დაბალ ხარისხზე. ფაქტობრივად, სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მიწას ვეღარ შეისყიდის, რადგან ყველა პუნქტი და ქვეპუნქტი სწორედ ამ მოტივით არის შექმნილი. მეტიც, ინიციატივაში იგრძნობა ქსენოფობიური განწყობებიც. პირველ რიგში ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ფაქტობრივად, ეკრძალება ბიზნესის კეთება, რადგან თითოეულ კომლზე/პირზე დაშვებულია მიწა მხოლოდ 2.5 ჰექტარის ოდენობით.

არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში. გარდა ამისა, სანამ „უცხოელი" გარისკავს და საქართველოს მიწას შეისყიდის იმისთვის, რომ ეკონომიკური პროექტი განახორციელოს, მან ჯერ 10 წელი უნდა იცხოვროს საქართველოში. რაც მთავარია, „უცხოელს" უნდა ჰქონდეს აგრარული განათლება, სოფლად ცხოვრებისა და აგრარული შრომის 5-წლიანი გამოცდილება, „უცხოელი" უნდა ცხოვრობდეს საქართველოში კანონიერად ბოლო 10 წლის განმავლობაში და სხვა.

ერთადერთი ქვეტექსტი, რაც აღნიშნულ პუნქტში იკითხება, მიუთითებს ავტორის შეუგუებლობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ეს კი ქსენოფობიის აშკარა გამოვლინებაა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული აქტის იდენტური ნორმის ხელახლა მიღება. საქართველოს ტერიტორია მისი ყველა მოქალაქის საკუთრებაა, მას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ დაეპატრონებიან, მაგრამ საქართველოს მიწა ჩვეულებრივი რესურსია, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა საწარმოო ფაქტორებისგან. საქართველოს ყველა მოქალაქე უფრო ბედნიერი იქნება, თუ მოხერხდება რესურსის ეფექტიანი ხარჯვა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ფლობს ამ რესურსს. უცოდინრობა დანაშაული არ არის, მაგრამ თუ ამას მთავრობასა და პარლამენტში ვერ გაიაზრებენ, დიდ პრობლემასთან გვექნება საქმე. იქ, სადაც სისტემა იქმნება პრინციპზე, რომ გადაწყვეტილებებს, თუ ვინ შეისყიდოს რესურსი, რა რაოდენობით, რა ფასად და ა.შ., იღებენ ე.წ. სამთავრობო კომისიები, ეკონომიკა, როგორც ასეთი, ქრება, რადგან მისი არცერთი პრინციპი აღარ ფუნქციონირებს. ამის ნათელი მაგალითია საბჭოთა წარსული.
რატომ ეწინააღმდეგებით პროგრესს და ეკონომიკის განვითარებას?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები