სოფლის მეურნეობა

სისტემური კორუფციის პირველი მერცხალი

საქართველოში კორუფციამ იმატა. ეს მატება, დიდწილად, სახელმწიფოს ხარჯების, რეგულაციებისა და კონტროლის ზრდას უკავშირდება. მომრავლებული სახელმწიფო ფონდების, მონიტორინგის სააგენტოების, გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების პირობებში კორუფცია უფრო ადვილად იკიდებს ფეხს. შესაბამისად, კორუფციის მატება ახალი მთავრობის პოლიტიკის შესაძლოა არაგამიზნული, მაგრამ კანონზომიერი შედეგია.

ბოლო პერიოდში მედია ისევ დიდ ყურადღებას უთმობს პრობლემას, რომელიც ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალური თითქმის აღარ იყო. საჯარო სექტორში ნეპოტიზმის გამოვლინება, კახეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების დროს გამოვლენილი კორუფციული შემთხვევები, უმრავლესობის შიგნით გაჩენილი ეჭვები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით და ყველაზე ახალი, სოფლის მეურნეობის ფონდიდან გამქრალი მილიონები – ეს ყველაფერი თითქმის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი კორუფციული გარიგება

ახალი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს. ესენია: მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი და აგროკრედიტის პროექტი. მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში ჩარევამ უნდა გაზარდოს მისი კონკურენტულობა და პროდუქტიულობა, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობაზე უნდა აისახოს. თუმცა, ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელიც მთავრობამ ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან შვიდ თვეში მიიღო, პრიორიტეტად დეკლარირებულ სოფლის მეურნეობის სფეროში გაჩენილი კორუფციაა.

2013 წლის მაისის დასაწყისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.

როგორც შინაგან სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, 2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 54 მილიონი ლარი, რაც მოსახლეობის კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას უნდა მოხმარებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროექტისთვის სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატების შეძენა შპს მექანიზატორს დაევალა.

„შესყიდვის კონტროლისთვის შეიქმნა კონტროლის შესაბამისი კომისიები, რომლებშიც შედიოდნენ როგორც შპს მექანიზატორის, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ, პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკის მქონე ტექნიკაში უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა, დაახლოებით, 10 ათასი ევრო. ტრაქტორები და საჭირო ტექნიკა იანვარში იყიდეს, რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დახმარებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2.5 მილიონი ლარი. მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის", – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების უმრავლესობას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარედგინათ, რაც თანხების მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელის მაქსიმალურ ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი კორუფციის გამო თანამდებობა დატოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ.

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად, მოვალეობის შემსრულებელი შალვა ფიფია დანიშნა.

„შალვა ფიფიას შევუთანხმეთ, რომ თუ მადლობა ღმერთს და კირვალიძისთვის დამთავრდა ყველაფერი კარგად, ფიფია თავისით დაწერს განცხადებას და კირვალიძე დაიბრუნებს საკუთარ ადგილს. თუმცა იქ ჩემი ინფორმაციით, პროკურატურას სერიოზული კითხვები აქვს. როდის დასრულდება გამოძიება კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა ვადები გადაჭარბებული არ იქნება. როცა პროკურატურას ვეკითხები ამის შესახებ, მეუბნებიან, რომ გაუძლიერდათ ის ეჭვები და მტკიცებულებები, რაც ჰქონდათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

2012 წლის მონაცემებით, კორუფციის პერცეფციის ინდექსში, საქართველოს პოზიციები 2002 წელთან შედარებით დაახლოებით 6-ჯერ მაინც გაუმჯობესდა. კორუფციის ბარომეტრის მიხედვით, იმავე წელს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კორუფციასთან შეხება არ ჰქონია და არც კორუფციული შემთხვევების შესახებ სმენია.

ვარდების რევოლუციით მოსულმა მთავრობამ ამ შედეგს სწორედ მთავრობის ზომის მკვეთრი შემცირებით მიაღწია. კორუფციასთან ბრძოლაში მაშინდელი ხელისუფლების მიდგომა იყო რაც შეიძლება ნაკლები შეხების წერტილების დატოვება კერძო სექტორსა და საჯარო ბიუროკრატებს შორის. დღეს, მაშინდელი ხელისუფლების ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი იძულებულნი არიან აღიარონ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებული რეფორმების ყველაზე ხელშესახები შედეგი სწორედ რევოლუციამდე მყარად ფესვგადგმული კორუფციის დამარცხებაა.

გამოდის, რომ მთავრობამ ჯერ შექმნა პრობლემა და ახლა ცდილობს, ამ პრობლემიდან გამოსავალი იპოვოს.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროგრამა

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მცირემიწიანი ფერმერებისთვის მთავრობამ შეიმუშავა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი, რომელიც გათვალისწინებულია იმ 640 ათასზე მეტი მიწის მესაკუთრისთვის, ვისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 0.25-დან 5 ჰექტარამდეა.

0.25 ჰექტარზე მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს. ამ ბარათით შესაძლებელი იქნება შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა.

0.25-დან 1.25 ჰექტარამდე ფართობის მიწის მესაკუთრეები, რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ ორი სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათს. კომბინირებული ბარათის მეშვეობით მთავრობა მათ მოუხნავს ნიადაგს, ხნულებს დაუდისკავს და გაუფხვიერებს, ხოლო ნომინალური ბარათის მეშვეობით გლეხები შეძლებენ 300 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი შეიძინონ. ამავე ჯგუფში შედიან ის ფერმერებიც, რომელთაც მრავალწლიანი ნარგაობა აქვთ. ისინი მხოლოდ ნომინალურ 510 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ. ამ ბარათით შეძლებენ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი.

1.25-დან 5 ჰექტარამდე სახნავი მიწის ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს. ბარათი მათ საშუალებას მისცემს, შეიძინონ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი.

ტექნიკური პრობლემები

პროგრამის დაწყებისთანავე თავი იჩინა პრობლემებმა, რომლებიც რეგიონების მოსახლეობას პირადად შეეხო. სოფელ მთისპირში ჩივიან, რომ ბარათები მიწის ნაკვეთების რაოდენობისა და დანიშნულების მიხედვით არ დარიგებულა და შერჩევით გაანაწილეს: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მფლობელთა ნაწილი სიაში აღმოჩნდა, ნაწილი – არა; მცირემიწიანი ოჯახების ნაწილმა კი მეტი ღირებულების ბარათი მიიღო, ვიდრე ეკუთვნოდა.

აჭარაში ფერმერებმა კომბინირებული ბარათები უკან დააბრუნეს. ეს ბარათები ტექნიკით მომსახურებას ითვალისწინებს, თუმცა მაღალმთიან აჭარაში ნაკვეთები ტექნიკისთვის მიუდგომელია, ამიტომ ბარათებით სარგებლობა ფერმერებმა ვერ შეძლეს. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტომ, რომელიც ამ პროგრამას კურირებს, ფერმერებისგან ეს ბარათები უკან დაიბრუნა და მათ მარტო ნომინალური ბარათები გადასცა. ამ ბარათებით ფერმერებს მხოლოდ ნედლეულის შეძენა შეუძლიათ.

ადიგენის რაიონში ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწები ძირითადად 0.15 ჰა-ებად არის დანაწილებული. ბარათებს კი იღებენ, რადგან მთლიანი მიწის ფართობზე ითვლება, მაგრამ ვინაიდან სახნავი მიწა 0.25 ჰა-ზე ნაკლებია, ამიტომ ტრაქტორით მომსახურებას ბარათი აღარ ითვალისწინებს.

გურიაში მცხოვრებ ფერმერებს პრობლემები ძირითადად ბარათების განაღდებასთან დაკავშირებით შეექმნათ. მათი თქმით, სამინისტროში დარეგისტრირებული მაღაზიების უმრავლესობა თითქმის ცარიელია, ხშირ შემთხვევაში დაკეტილია ან საერთოდ არ არსებობს. ამასთან, ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატები და აპარატები, მათ შორის, ბალახის საცელი აპარატი და ბენზოხერხი, დეფიციტურია.

ფერმერები იმასაც ჩივიან, რომ გვიან შეიქმნა სამსახურები, რომლებსაც მათთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ. ინფორმაციის უქონლობის და იმის გამოც, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გაწერამ დიდი დრო წაიღო და ხვნა-თესვა გვიანდებოდა, ფერმერების ნაწილმა დამოუკიდებლად, მთავრობის დახმარების გარეშე, საკუთარი ხარჯებით დაამუშავა მიწა. ახლა კი არ იციან მთავრობის მიერ ნაჩუქარი ბარათები სად წაიღონ და როგორ გამოიყენონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში ეცოდინებათ, თუ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მიწების რამდენი პროცენტია ამ დროისთვის დამუშავებული. ამ ეტაპზე არც იმის შესახებ ფლობენ ინფორმაციას, არსებობს თუ არა ისეთი მიწები, რომელთა დამუშავება პრინციპულად შეუძლებელია, ან ისეთები, რომელთა დამუშავებას მხოლოდ მომდევნო წლებში შეძლებენ.

ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 3023.5 ჰა-ს შეადგენს. აქედან სახნავი მიწის ფართობი – 798.7 ჰექტარია. 21 მაისს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ დღის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში სულ მოხნული იყო 130,993 ჰა მიწა, ანუ მთლიანი სახნავი მიწის 16.4%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავარ პრობლემად გამორჩენილი მიწის ნაკვეთების აღრიცხვას მიიჩნევდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროისთვის ფერმერებისთვის მთავრობის მიერ მოხნული მიწის ნაკვეთების რაოდენობა გაცილებით მცირეა.
პროგრამისა და მასთან ასოცირებული პრობლემების ამ მოკლე აღწერიდანაც ჩანს, რომ კორუფციის რისკი თვითონ მთავრობის მიერ ინიცირებულ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტშია ჩადებული.
სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტები, ფერმერის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამისი სარგებლის დაწესება, სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბარათები, მათი ძალაში შესვლის და გამოყენების სხვადასხვა ეტაპები – ეს ყველაფერი არათუ გლეხებს უქმნის პრობლემებს, გაერკვნენ დახმარების არსში და სრულად აითვისონ ის, არამედ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებსაც ურთულებს ადმინისტრირებას. შედეგად, საჭირო ხდება მონიტორინგის არსებობა. ანუ სახელმწიფო ხარჯები დაუსრულებლად იზრდება, რაც ზრდის კორუფციის რისკებს.

ერთი თვეც არ დასჭირდა იმას, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორს გიორგი ჩხეიძეს ნომინალური ბარათების განაღდებასთან დაკავშირებით, პრობლემები გამოევლინა: ზოგი თავის კუთვნილ ბარათს ყიდდა უფრო მსხვილი მიწის მფლობელ ფერმერებზე ან ნახევარ ფასში იმ სპეციალურ მაღაზიებზე, საიდანაც ამ ბარათით შესაბამისი რაოდენობის საქონელი თუ ინვენტარი უფასოდ უნდა მიეღო. სპეციალური მაღაზიები, თავის მხრივ, საქონელზე და ინვენტარზე ფასებს ხელოვნურად ზრდიდნენ, რომ ხელზე თანხის ნაწილი მაინც მიეღოთ და პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას არ დალოდებოდნენ.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროგრამის მოსალოდნელი ეფექტი

კორუფციის გამოვლინება, გარდა იმისა, რომ დანაშაულია და უნდა დაისაჯოს, სიგნალიც არის, რომ პროგრამა ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ამ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ დახმარებას იღებენ უფრო მეტად ისინი, ვისაც არ სჭირდება ან დახმარება იმდენად უმნიშვნელოა, რომ იმ პრობლემას ვერ ამსუბუქებს, რისკენაც არის მიმართული.

აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგმა ანდრო ხეთერელმა გამოთვალა, რა შეიძლება დაუჯდეს ფერმერს სხვადასხვა ძირითადი კულტურების წარმოება.

როგორც ანდრო ხეთერელი განმარტავს, მის მიერ გაკეთებული კალკულაცია მინიმუმთან არის მიახლოებული, რადგან ამ გათვლებში არ არის გათვალისწინებული წვეთოვანი სისტემები, ელიტური სარგავი მასალა თუ ძვირი პესტიციდები. გამოდის, რომ მთავრობა უფრო ეხმარება მათ, ვისი მიწის ნაკვეთები 0.25 ჰა ან ოდნავ მეტია, თუმცა ამასთან, 0.5 ჰექტარზე ნაკლებია.

1 ჰა და მეტი მიწის ნაკვეთის მფლობელი გლეხი ან ამუშავებს ამ მიწას, ან – არა. გათვლები აჩვენებს, რომ ვინც არ ამუშავებს, მისთვის 640 ლარი სტიმულის მიმცემი ვერ იქნება. მეორე მხრივ, ვინც მიწას ამუშავებს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს გაჭირვებულ მოქალაქედ, რომელსაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.

ხეთერელის შეფასებით, კარტოფილის საშუალო მოსავალი ერთ ჰა-ზე შეადგენს დაახლოებით 30 ტონას. აქედან ბაზარზე გასატანი იქნება 25 ტონა. 1 კგ-ის საშუალო ღირებულებად ხეთერელი იღებს 30 თეთრს. ამდენად, პოტენციურად, 1 ჰა-ზე კარტოფილის წარმოებამ შესაძლოა მოიტანოს 7500-8000 ლარი.


ფოტო: Reuters

პამიდვრის შემთხვევაში 1 ჰა-ზე საშუალო მოსავალი დაახლოებით 50 ტონაა. პამიდვრის ფასი 30 თეთრს შეადგენს. აქედან გასაყიდი დარჩება 45 ტონა. ამდენად, 1 ჰა-ზე შემოსავალი 13500-14000 ლარი იქნება.

კიტრის საშუალო მოსავალს ანდრო ხეთერელი 1 ჰა-ზე 35 ტონად აფასებს. ფასი 35 თეთრია, შესაბამისად, შემოსავალი სჭირდება – 12500-13000 ლარი. მისივე გათვლებით, ბადრიჯნის გაანგარიშება ყველა პარამეტრის მიხედვით იგივე იქნება, რაც კიტრის, ანუ შემოსავლის სახით 12500-13000 ლარი.

ბულგარული წიწაკის მოსავალი 1 ჰა-ზე დაახლოებით 30 ტონაა. 1 კგ-ის ფასი – 55 თეთრი. შემოსავალი, რომელსაც ფერმერი 1 ჰა-ზე მიიღებს, 15000-16000 ლარი იქნება.

1 ჰა-ზე დაახლოებით 45 ტონა კომბოსტო მოდის. 1 კგ-ის ფასი 25 თეთრია. ამდენად, შემოსავალი 1 ჰა-ზე 10000-11000 ლარია. შესაბამისად, რაც უფრო დიდ მიწას ამუშავებს ფერმერი, მით უფრო მაღალია მისი შემოსავალი. 640 ლარი მის მეურნეობას თვისობრივად ვერ გააუმჯობესებს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

აგროსესხების პროგრამას ამდენი გამოთვლები არ სჭირდება. წარსული გამოცდილებაც საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ – ამ ტიპის პროგრამები საქართველოში მხოლოდ კორუფციას უწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სესხის აღება ამ სექტორში დასაქმებულებისთვის ყოველთვის რთული იყო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ფერმერებისთვის იაფი და გრძელვადიანი ფინანსური რესურსის უზრუნველსაყოფად მთავრობამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი შეიმუშავა.

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის მსგავსად, ეს პროგრამაც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და თითოეულს თავისი პირობები აქვს. შესაბამისად, გლეხისთვისაც რთული ხდება გარკვევა, რისთვის შეიძლება მიიღოს სესხი და რისთვის – ვერა. აქ მთავრობასაც გაუჭირდება ადმინისტრირება, კონტროლი კი ეფექტური ვერ იქნება.

მთავრობის პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი კომპონენტია 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის – 5 ათას ლარამდე: მთავრობის ჩარევით, ორგანიზაციებსა და მაღაზიებს შორის ფორმდება ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მაღაზია ფერმერს შესასყიდი პროდუქციის ინვოისს გამოუწერს. ამ ინვოისს საფინანსო ინსტიტუტი აანაზღაურებს. სეზონის დასრულების შემდეგ ფერმერი გადაუხდის სასაქონლო კრედიტს საფინანსო ინსტიტუტს. თუ ამას 6 თვეში შეძლებს, პროცენტი არ დაერიცხება. თუ 6 თვეზე მეტი დასჭირდება ვალის დასაფარავად, მაშინ მოუწევს თვეში დამატებით 3% გადაიხადოს.

მეორე კომპონენტი აგროკრედიტს საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის ითვალისწინებს. კრედიტის ოდენობა 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე იქნება და მაქსიმუმ 2 წლით გაიცემა. იმისთვის, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთმა 8%-ს არ გადააჭარბოს, საპროცენტო განაკვეთის ნაწილს მთავრობა დააფინანსებს.

მესამე კომპონენტი 1 მილიონ ლარამდე კრედიტის გაცემას ითვალისწინებს. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 7 წელი იქნება, საპროცენტო განაკვეთი კი მთავრობის თანადაფინანსების პირობებში, 3%-ს არ გადააჭარბებს. ამ ტიპის სესხები ძირითადად ახალი საწარმოების შექმნისა და სასაწყობე თუ სხვა ინფრასტრუქტურის გამართვისთვის გაიცემა.

იმისთვის, რომ ფერმერმა მართლა მიიღოს ეს სესხი, მან უნდა დააკმაყოფილოს როგორც საფინანსო ინსტიტუტის შესაბამისი მოთხოვნები, ისე მთავრობის მოთხოვნებიც. ამ ტიპის შერჩევითობა კორუფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს.

როდესაც პროგრამა ყველაზე არის გათვლილი, როგორც წესი, მოგებულები რჩებიან ისინი, ვინც უფრო მეტად აქტიურია, ვისაც მეტი ახლობელი ჰყავს მთავრობაში თუ საფინანსო ინსტიტუტებში, ვისაც შეუძლია ძვირადღირებული ბუღალტრები და იურისტები დაიქირავოს – ანუ ისინი, ვისაც რეალურად მთავრობის დახმარება არ სჭირდება.

წარსული გამოცდილება

მთავრობის მიერ შემოთავაზებული აგროდაფინანსების სქემა ახალი არ არის. ზუსტად ასეთივე სქემით მოქმედებდა 2000 წლიდან ვარდების რევოლუციამდე აგრობიზნეს ბანკი, რომლის ხელმძღვანელიც ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შო იყო. ბანკის დამფუძნებლების სტრუქტურა ევროკომისიასა და მაშინდელ მთავრობას შორის მემორანდუმით განისაზღვრა. 2002 წლამდე 300 მილიონი ევრო გაიფლანგა, აგრობიზნეს ბანკი გაკოტრდა და 6 ბანკიც თან გაიყოლა. 2002 წელს შო გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი აშშ დოლარი მოსთხოვეს, თუმცა 2 თვეში ბრიტანელმა ბიზნესმენმა ტყვეობას თავი წარმატებით დააღწია.

სოფლის მეურნეობის სამთავრობო კრედიტით აღორძინების ცდუნებას ვერც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა მთავრობამ გაუძლო. იაფი კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანია აგროჯგუფმა 1.3 მილიონი ლარი მიიღო. ამ ფულით, ქვეყანაში ხორბლის იმპორტის შესამცირებლად, ახალი კულტურები უნდა შემოეტანა და მათ გავრცელებაში გლეხებს დახმარებოდა. კომპანიამ მართლაც შემოიტანა ხორბლის ჯიშები რუსეთიდან და უკრაინიდან, თუმცა იმის მაგივრად, რომ რეგიონებში დაერიგებინა, კასპისა და გურჯაანის ეთილის საამქროებში წაიღო და არალეგალური ალკოჰოლური სასმელების წარმოების, შემდეგ კი მათი არალეგალურ ბაზრებზე გატანისთვის გამოიყენა. როცა 2009 წელს შვიდწლიანი სესხის ნაწილის დაფარვა მოუწია, აგროჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მცდარი ინფორმაცია წარუდგინა. აგროჯგუფის აფიორის შედეგად, ქვეყანა იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებული დარჩა, ხოლო მილიონ ლარზე მეტი არამიზნობრივად გაიფლანგა.

ეს ორი მაგალითიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ბანკები, რომლებიც კრედიტის გაცემისთვის რისკებს აფასებენ, დამოუკიდებლად იაფ კრედიტს არ გასცემენ. თუ ისინი მთავრობის პროგრამას შეუერთდებიან, ან ზეწოლის ქვეშ მოექცევიან, რომ მეტი გადაიხადონ თვითონ და ნაკლები ბიუჯეტმა, ან იძულებული გახდებიან, კორუფციულ გარიგებებში შევიდნენ: მთავრობასთან დაახლოებულ მსესხებელს მოუწევს უფრო დიდი თანხის აღება, ვიდრე მას სჭირდება იმისთვის, რომ დაბალი პროცენტით ისარგებლოს – თანხის ნაწილი კი პირდაპირ ჩინოვნიკების ჯიბეებში წავა.

რატომ იმეორებს მთავრობა ძველ შეცდომებს?

საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას კი შეადგენენ ფერმერები, რომლებიც ფლობენ 0.25-დან 5 ჰა-მდე მიწის ფართობებს, ანუ ისინი, ვისზეც მთავრობამ პროგრამა გათვალა. ამ შემთხვევაში მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის პროგრამების ეკონომიკურ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი, შეიძლება, პოლიტიკური მოტივები იყოს.

ანდრო ხეთერელის აზრით, პროგრამა შესაძლოა მიზნად ისახავდეს ფერმერებისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომ ეს უკანასკნელნი არსებული პოლიტიკური გუნდის სტაბილურ ამომრჩევლებად იქცნენ: მათთვისაც კი, ვისაც 1 ჰა-ზე მეტი მიწა აქვთ და მთავრობის მიერ გაცემული 510 თუ 640 ლარი რეალურად არანაირი შეღავათი არ არის, ეს თანხა საკმარისი სტიმულია, რომ არჩევნებში ხმა მისცეს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ეს თანხა აჩუქა, ან უფრო მეტი თანხა მოსთხოვოს მის კონკურენტს, ხმის მიცემის სანაცვლოდ. შესაბამისად, ამ სუბსიდიის შეწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება, რადგან ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადაიმტერებს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს.

ამ დაშვების შემთხვევაში უკვე გასაგებია, რატომ უნდა გადაიხადოს იგივე თბილისში მცხოვრებმა ადამიანმა, რომელიც არცერთ ჰა-ს არ ფლობს საკუთარი გადასახადებიდან ფული იმისთვის, რომ დიდი მიწის ნაკვეთის მფლობელს გაუწიოს დახმარება, რაც სინამდვილეში მას საერთოდ არ სჭირდება.

კომენტარები