მოსამართლეთა კონფერენცია

ომბუდსმენი 9 ივნისის მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, 9 ივნისის მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნული კონფერენცია სასამართლო ხელისუფლების ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს 2013 წლის 1-ლი მაისის ორგანული კანონით დადგენილი რეგულირება უზრუნველყოფს სასამართლოს ჯეროვან და რეალურ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. ამ მიმართებით მოსამართლეთა 2013 წლის 9 ივნისის კონფერენცია იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ფორმირებისთვის და მის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს კონტრიბუცია ამ პროცესისადმი", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა, თითოეულმა მოსამართლემ გააცნობიეროს მისი, როგორც სასამართლო ხელისუფლების უმთავრესი განმახორციელებლის როლი.

"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს, არჩევანი გააკეთონ, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ხელისუფლების ღირსებისა და ავტორიტეტის ინტერესებით ნაკარნახევი შინაგანი რწმენით", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული კომიტეტის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, მოსამართლეთა კონფერენცია 2013 წლის 9 ივნისს ჩატარდება.  

კომენტარები