შსს-ს ვიდეოარქივი

TI-საქართველო: მოვუწოდებთ მთავრობას, გაანადგუროს მაკომპრომეტირებელი ვიდეოარქივი

http://www.blackseango.org/

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეოარქივის განადგურების საქმეში.

"გვსურს შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, მისი წარმომადგენლების, კერძოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, არაერთხელ გაჟღერებული პირობა, რომ უკანონოდ ჩაწერილი ვიდეო და აუდიომასალა, სადაც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დეტალები არის ასახული, უახლოეს მომავალში განადგურდებოდა... გაუგებარია, ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოლოდინის შექმნის შემდეგ, რით იყო გამოწვეული მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. მით უმეტეს, რომ ასეთი მასალის შენახვა არღვევს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო პრინციპებს და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

TI-საქართველო მიიჩნევს, რომ მთავრობის ხელში ამგვარი მასალების შენარჩუნება შეიძლება მათი პოლიტიკური მიზნით გამოყენების სურვილს ემსახურებოდეს და ჩნდება ეჭვი, რომ ეს მასალები, შესაძლოა, სპეცსამსახურებმა მოქალაქეების დასაშანტაჟებლად და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის საშუალებად გამოიყენონ.

"სამწუხაროა, რომ მრავალი განცხადების მიუხედავად, ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ საქართველოს მთავრობამ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების საქმეში. ამის საპირისპიროდ, პროცესი დროში გაიწელა, რაც თავისთავად საზოგადოების მხრიდან ნდობის ხარისხზეც აისახება.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეოარქივის განადგურების საქმეში, ზედმიწევნით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის - ეფექტური გამოძიება, მომავალში გარეშე პირების მიერ უკანონოდ ჩაწერილი ვიდეომასალების გამოყენების აღსაკვეთად", - ნათქვამია განცხადებაში.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების შესახებ შს მინისტრმა კონფერენციაზე "სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად" განაცხადა, მოგვიანებით, ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტისას დადო პირობა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებისა, შესაძლოა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი არ განადგურდეს. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომენტარები