ISAF-ის მისია

სააკაშვილი: ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, არ დავიხიოთ უკან

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვა მათ ოჯახებსა და საქართველოს მოსახლეობას მიუსამძიმრა. მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ მორიგი მსხვერპლი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაიღო.

"საქართველომ კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მსოფლიო ცივილიზებულ ერთა ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმავალ ძალიან რთულ და ეკლიან გზაზე. ესაა მძიმე დარტყმა და დანაკარგი თითოეული ჩვენგანისთვის. არაფერი არ არის უფრო მძიმე ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ვიდრე ის, როდესაც ქართული ოჯახები იღებენ შეტყობინებას თავიანთი ოჯახის საყვარელი წევრების ამ გარემოებებში დაღუპვის თაობაზე. ესაა ტრაგედია პირველ რიგში მათთვის, ესაა მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ავღანეთში ქართველ სამხედროებს მძიმე მისია აქვთ, თუმცა მათი იქ ყოფნა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადარჩენას ემსახურება:

"ეს არის მართლაც ძალიან მძიმე მისია. 2014 წელი არის მისიის ამ ეტაპის დასრულების წელიწადი, მაგრამ რაც უფრო უახლოვდება მისია დასრულებას, მით უფრო რთული, წინააღმდეგობით აღსავსე და სარისკო ხდება ის ქართული არმიის იქ განლაგებული შენაერთებისთვის. რატომ ვართ ავღანეთში? - რა თქმა უნდა, ეს კითხვა ისმის თითოეული ქართული ოჯახის მხრიდან. ჩვენ ავღანეთში ვართ იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მსოფლიო რუკაზე მის დამკვიდრებას, იმას, რომ საქართველო შეიძლება გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მხოლოდ თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი ალიანსების ორბიტაზე, თუ შევძლებთ ჩვენი უსაფრთხოების დაკავშირებას გლობალურ უსაფრთხოებასთან და ეს ასევე ნიშნავს, რომ გავიზიარებთ იმ რისკებს, რომელიც ახლავს ამ გლობალურ უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ საქართველომ შექმნას ძლიერი უსაფრთხოების სტრუქტურა, ჩამოაყალიბოს ქმედუნარიანი შეიარაღებული ჯარები და იმას, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ გარანტირებული მომავალი. სწორედ ჩვენი შვილების მომავალს შეეწირენ ქართველი მებრძოლები. თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, არ ჩამოვუშვათ ხელები, არ დავიხიოთ უკან, გავაგრძელოთ საქართველო წინსვლა ევროატლანტიკური სივრცისკენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს 20% ოკუპირებულია და მას მუდმივად ემუქრება ძლიერი მოწინააღმდეგე. შესაბამისად, ამ პირობებში, 2008 წლის გამოცდილებით, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, დარჩეს მარტო.

"ვუსამძიმრებ თითოეული დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს. მინდა მივუსამძიმრო ეს ფაქტი სრულიად საქართველოს, ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების გმირობის წინაშე და დარწმუნებული ვარ, მათი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ NATO-ს გენერალური მდივნისგან სამძიმრის წერილი მიიღო, რომელშიც ის ქართველი სამხედროების სამსახურს და საქართველოს როლს ამ მისიის განხორციელებაში მაღალ შეფასებას აძლევს.

6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდახმის შედეგად დაიღუპა ექვსი ქართველი ჯარისკაცი, ერთს კი ნანგრევებში ეძებენ. დაჭრილია ცხრა სამხედრო მოსამსახურე.

ხვალინდელი დღე, 7 ივნისი, გლოვის დღედ გამოცხადა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

კომენტარები