ISAF-ის მისია

დღეს, 7 ივნისს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული

David Mdzinarishvili / REUTERS

დღეს, 7 ივნისს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

დროშები დაშვებულია ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე.

ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გამო, ვაშინგტონში საქართველოს საელჩო სამძიმარს მიიღებს. დღეს 12:00-დან 17:00 საათამდე, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, მსურველებს საშუალება ექნებათ გამოხატონ სამძიმარი და ჩანაწერი გააკეთონ სამძიმრის წიგნში. 

თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს მთელი მსოფლიოდან სამძიმარს უცხადებენ.

თავდაცვის მინისტრს, პირადად დაუკავშირდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ირაკლი ალასანიას სატელეფონო საუბარში ასევე სამძიმარი გამოუცხადა ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ მარკ ბრიდლავმა.

"ისინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებენ დაღუპული 7 ქართველი გმირის ოჯახს. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს იმის გამო, რომ აუნაზღაურებელი დანაკარგის მიუხედავად, ქართველი სამხედროები კვლავ ვაჟკაცურად განაგრძობენ საერთაშორისო მისიის შესრულებას ავღანეთში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდახმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.

 

 

კომენტარები