პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი

შსს: კომისიის თანამონაწილეობით, პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი განადგურდება

RFE/RL

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურების მიზნით კომისია შეიქმნება.

"ჩვენ ეს პერიოდი დაგვჭირდა დახარისხებისთვის, რადგან მასალები სისტემატიზებული არ იყო. ზოგიერთი მათგანი დანაშაულის გამოძიების თვალსაზრისით საინტერესოა, თუმცა მასალების უმეტესობა უკანონოდაა მოპოვებული, დანაშაულის გამოვლენასთან არავითარი კავშირი არ აქვს და მიმართულია იმისკენ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგის კომპრომატად გამოყენებულიყო. სწორედ ამიტომ გვინდა, ეს სამუდამოდ დასრულდეს. ამის პოლიტიკური ნება და კანონისმიერი ვალდებულება იყო დაფიქსირებული მინისტრის მიერ თებერვალში. დღეს მოვიწვიეთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სპექტრი და მათ შევთავაზეთ შემდეგი: ახლო მომავალში შეიქმნება კომისია, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მაღალი თანამდებობის პირები - შს მინისტრი, მთავარი პროკურორი, პარიტეტის საფუძველზე შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც, რათა მათი თანამონაწილეობით მოხდეს არქივის განადგურება და ეს მასალები ჩაბარდეს ბინძურ წარსულს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება, შედეგად კი აქტი შედგება, სადაც აღირიცხება განადგურებული მასალების რაოდენობა.

იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ რადგან არ არის გამორიცხული, აღნიშნული მასალების ასლები კერძო პირების ხელშიც იყოს, პარლამენტი მათ ამნისტირებასთან დაკავშირებით კანონპროექტს მოამზადებს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შს მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, უწყებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი არ გაენადგურებინა და სამინისტრო ამის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებდა.

 

კომენტარები